№ბს-28(2კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ლ...ას“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 28 ივნისს თ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ლ...ას“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1994 წლის 5 იანვარს რუსთავის მერიის მიერ გაცემული №... მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც 2008 წლის 26 თებერვალს შესაბამისი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში ს/კ ... . 2012 წლის 25 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით, რომლითაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. 2012 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის (ს/კ...) საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლიდან უშედეგოდ ცდილობს სიტუაციაში გარკვევას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ვერ მოიპოვა რუსთავის მერიის მიერ 1993 წელს ქ. რუსთავის ...ში ჩატარებული მიწის განაწილების გეგმა და ნახაზები, რუკები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მისი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას.
მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 12 აპრილს მან კვლავ წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში №... სარეგისტრაციო განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია. ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შემდგომ 2017 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 აპრილს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შპს „ლ...ას“ საკუთრების უფლების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილებისა და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება მის მიერ წარდგენილი ნახაზისა და დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2107 წლის 3 ივლისის განჩინებით თ. ლ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
2017 წლის 29 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელე თ. ლ-მა მოპასუხეების: იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისისა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის, მესამე პირების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის, რუსთავის მერის, შპს „ლ...ას“ მიმართ, ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების არარა აქტებად აღიარების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ლ...ა“.
მოსარჩელე თ. ლ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 13 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - შპს „ლ...ას“ მიმართ და მოითხოვა: არარად იქნეს აღიარებული მარეგისტრირებელი ორგანოს 2000 წლის 8 დეკემბრის მიწის ნაკვეთის ს/კ ... პირველადი რეგისტრაცია და მარეგისტრირებელი უფლებადამდგენი შემდეგი დოკუმენტები: ქ. რუსთავის მერიის გადაწყვეტილება №237-6 (26.10.1997), ქ. რუსთავის მერიის დადგენილება №38 (15.03.200), ქ. რუსთავის მერიის 2000 წლის 27 დეკემბრის №174-4 დადგენილება; ასევე არარა აქტად იქნეს აღიარებული სს „რ...სა“ და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქ. რუსთავის ...ში მე-... კმ-თან მიწის ფართის 2770 კვ.მ „რ...ის“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2000 წლის 8 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალოს განახორციელოს მიწის ნაკვეთის ს/კ ... დაზუსტებული რეგისტრაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს „მ...ის“ მიერ შედგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მიხედვით; ქ. რუსთავის მერიას დაევალოს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ, თ. ლ-ის სახელზე გაცემული 1994 წლის 05 იანვრის №261 ქ. რუსთავის მერიის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთის №...-ის ფაქტობრივი მდებარეობის განსაზღვრა და აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო გეგმვითი/აზომვით ნახაზზე (შესრულებული შპს „მ...“-ის მიერ 1908.2016 წელს) ასახული მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით ... იდენტურობის დადგენის შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ლ-ის სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნების: არარად იქნეს აღიარებული მარეგისტრირებელი ორგანოს 08.12.2000 წლის მიწის ნაკვეთის ს/კ ... პირველადი რეგისტრაცია და მარეგისტრირებელი უფლებადამდგენი შემდეგი დოკუმენტები: ქ. რუსთავის მერიის გადაწყვეტილება №237-6 (26.10.1997), ქ. რუსთავის მერიის დადგენილება №38 (15.03.200), ქ. რუსთავის მერიის 2000 წლის 27 დეკემბრის №174-4 დადგენილება, ასევე არარა აქტად იქნეს აღიარებული სს „რ...სა“ და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქ. რუსთავის ...ში მე-... კმ-თან მიწის ფართის 2770 კვ.მ „რ...ის“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 08.12.2000 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისს დაევალოს განახორციელოს მიწის ნაკვეთის ს/კ ... დაზუსტებული რეგისტრაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს „მ...ის“ მიერ შედგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მიხედვით; დაევალოს ქ. რუსთავის მერიას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ, თ. ლ-ის სახელზე გაცემული 1994 წლის 05 იანვრის №261 ქ. რუსთავის მერიის მიწის მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთის №...-ის ფაქტობრივი მდებარეობის განსაზღვრა და აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო გეგმვითი/აზომვით ნახაზზე (შესრულებული შპს „მ...“-ის მიერ 1908.2016 წელს) ასახული მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით ... იდენტურობის დადგენის შესახებ, მიმართ შეწყდა საქმის წარმოება მათი დაუშვებლობის გამო.
საბოლოოდ, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 20 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოებაზე რეგისტრაციის შესახებ უარის თქმისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შპს „ლ...ას“ საკუთრების უფლების გაუქმების განხილვაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 21 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ქ. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის გადაწყვეტილების №... (01.03.2011) ... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართით რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა და აღნიშნული ნაკვეთის დაყოფის შედეგად ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ქ. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 19.07.2012 წლის №... გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის ს/კ ... დაზუსტებულ ფართად რეგისტრაციის შესახებ მიწის ნაკვეთის ს/კ ... ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №... და 2011 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოსცა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს „ლ...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს „ლ...ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საჯარო მმართველობით სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრის რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევებისა აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თ. ლ-ი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა არა მხოლოდ მის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებას და გადაწყვეტილების მიღებას, არამედ შპს „ლ...ას“ სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების განხორციელებას, რამეთუ განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის განხილვა ვერ განხორციელდებოდა ამ უკანასკნელის რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების გარეშე. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება დაფიქსირდა შპს „ლ...ას“ საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე და სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის საფუძველი. საჩივრის ავტორის მიზანს წარმოადგენდა მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება იმგვარად, რომ მოეხდინა მისი საკუთრების უფლების რეალიზაცია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირობებში ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა თ. ლ-ის საჩივრის განხილვაზე და განუხილველად დაეტოვებინა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მსჯელობა მასზედ, რომ „საჯარო რეესტრი შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ვალდებული განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა წარმოადგენს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებად მიუთითებს მესამე პირის რეგისტრირებულ უფლებაზე და ამასთან საჩივრის ავტორს მოთხოვნილი აქვს როგორც მისი უფლების რეგისტრაცია, ასევე მესამე პირის რეგისტრირებული უფლების ცვლილება, ადმინისტრაციული ორგანო აღარ არის უფლებამოსილი მიუთითოს მის უფლებაზე განუხილველად დატოვოს უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივარი. აღნიშნულ პირობებში მარეგისტრირებელ ორგანოს წარმოეშვება ვალდებულება შეისწავლოს ადმინისტრაციული საჩივარი არსებითად, შეაჯეროს დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტები, გასაჩივრებული რეგისტრირებული უფლების საფუძვლები და მის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის განუხილველად დატოვება გამოიწვევს მხოლოდ დავის გაჭიანურებას და დაშორებული იქნება დავის სწრაფად, ეფექტურად და საქმის გარემოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის შედეგად გადაწყვეტილების მიღების მიზნისგან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მარგისტრირებელი ორგანო თავად იყო ვალდებული განეხილა თ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „ლ...ამ“.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმის გარემოებების არსებითი შეფასება და გამოკვლევა. ორივე ინსტანციაში ყურადღება გამახვილდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილი №... ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შპს „ლ...ას“ საკუთრების უფლების გაუქმება, არსებითად უნდა განხილულიყო, ვინაიდან შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა მესამე პირის რეგისტრაცია. თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება და მტკიცებულება ცნობილი იყო, ამდენად, აღნიშნული საქმის არსებითად გადაწყვეტა სასამართლოს თავადაც შეეძლო. ამასთან, მოსარჩელემ არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არამედ სასამართლოშიც დააყენა იგივე მოთხოვნა, თუმცა არც ერთ ინსტანციაში აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოცემული აქტის კანონიერების საკითხი და მიიჩნია, რომ იგი 2017 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნობის პირობებში მარეგისტრირებელი ორგანოს მსჯელობის საგანი იყო. შესაბამისად, კასატორის მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას არსებითად უნდა ემსჯელა და სწორად შეეფასებინა რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ.
კასატორის მითითებით, მართალია, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას (სუსგ 25.05.2011წ. №1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. №ბს-598-591 (კ-15)), თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება“ (სუსგ 02.11.2017, №ბს-231-227(კ-15)).
კასატორის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცალსახადაა მითითებული, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით საჩივრდება. მხოლოდ ამ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეც კი, სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით.
სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება თავად გადასინჯოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი, თუმცა ეს არ აკისრებს მას ვალდებულებას, განიხილოს აქტის კანონიერება. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავად უზენაესმა სასამართლომაც მიიჩნია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პრიმა მუხლი თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა, ის სააგენტოს ანიჭებს არა ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება – კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. შესაბამისად, სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ის უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს, გადასინჯავს თუ არა თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხს.
კასატორის მითითებით, საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი და მას არაფერი უშლიდა ხელს არსებითი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებელია საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - შპს „ლ...ას“ განმარტებით, სასამართლო ვერ უთითებს ვერცერთ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდა სზაკ-ის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ შეხებია იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც დასტურდება შპს „ლ...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერება. სასამართლოს ასევე არ შეუსწავლია ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე მის უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცდილობს მისივე მომზადებული, შეცვლილი საკადასტრო ნახაზით, ისეთი სარეგისტრაციო ცვლილების განხორცილებას, რომლითაც კასატორის საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება შეიძლება შეილახოს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისაგან. კასატორის მითითებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებების შესაბამისად, შპს „ლ...ას“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილი უფლებების დაცვა ისევე უნდა განხორციელებულიყო, როგორც დაზუსტებული რეგისტრაციის შემთხვევაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა - შპს „ლ...ამ“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ლ...ას“, ხოლო 2019 წლის 11 მარტის განჩინებით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ლ...ას“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2017 წლის 29 მაისის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებები და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „ლ...ამ“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს „ლ...ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ლ...ას“ მიერ, მოსარჩელეს - თ. ლ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ლ-ი დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვერ ახერხებს მისი საკუთრების დაზუსტებული სახით რეგისტრაციას, ვინაიდან უძრავი ქონება ზედდებაში მოდის სადავო გადაწყვეტილებით განხორციელებულ საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებთან.
საქმის მასალების შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, ქ. რუსთავში, თბილისი-რუსთავის ტრასის, მე-... კმ-ზე მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...) პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წლის 8 დეკემბერს (განცხადების ნომერი: ...; თარიღი: 08/12/2000) და აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოება „რ...ი“, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 28/10/1998წ.) საფუძველზე.
ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების (№2-719, გაფორმების თარიღი: 12/12/2000, ნოტარიუსი მ. მ-ი) საფუძველზე დარეგისტრირდა შპს „ნ...ას“ (რეგ. ნომერი ...; თარიღი 12/12/2000) საკუთრების უფლება. ამავე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების (№1-359, გაფორმების თარიღი: 02/02/2006, ნოტარიუსი ნ. თ-ა) საფუძველზე დარეგისტრირდა ე. ა-ას საკუთრების უფლება, ხოლო ე. ა-ასგან აღნიშნული უძრავი ნივთი ნასყიდობის ხელშეკრულების (№1-3209, გაფორმების თარიღი: 30/08/2006, ნოტარიუსი ე. ყ-ი) საფუძველზე შეიძინა და საჯარო რეესტრში მასზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა შპს „ლ...ამ“ (რეგ.ნომერი...; თარიღი 13/09/2006).
2008 წლის 25 თებერვალს ქ. რუსთავში, ...ში №... ნაკვეთზე დარეგისტრირდა თ. ლ-ის საკუთრების უფლება, ს/კ ..., 900 კვ.მ დაუზუსტებელ მიწის ფართზე. საფუძველი - მიღება-ჩაბარების აქტი №261, დამოწმების თარიღი - 05.01.1994 წელი.
2011 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებით შპს „ლ...ას“ საკუთრებად დაზუსტებული ფართით დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი ... საკადასტრო კოდით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და თბილისი-რუსთავის ...ის მე-... კმ/ზე მდებარე შპს „ლ...ას“ (ს/ნ...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ...) დაიყო 2 უძრავ ნივთად და მიენიჭა ... (დაზუსტებული ფართობი: 1150.00 კვ.მ) და ... (დაზუსტებული ფართობი: 1620.00 კვ.მ) საკადასტრო კოდები. 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ...) მესაკუთრე არსებული მდგომარეობით არის შპს „ლ...ა“, ხოლო 1620 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ნასყიდობის ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 19/07/2012, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური) საფუძველზე არის სახელმწიფო.
2017 წლის 12 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში თ. ლ-ის წარმომადგენელმა თ. ლ-მა წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია.
ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 20 აპრილის №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება; დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. დავის გამოვლენის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს განუსაზღვრა ვადა 3 სამუშაო დღე მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის შესარჩევად და მიუთითა, რომ სიის გაცნობა შესაძლებელი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
2017 წლის 26 აპრილს თ. ლ-ის წარმომადგენელმა თ. ლ-მა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 12 აპრილის №... განცხადების საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შპს „ლ...ას“ საკუთრების უფლების გაუქმება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა თ. ლ-ის წარმომადგენელს თ. ლ-ს 2017 წლის 26 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, №... სარეგისტრაციო წარმოებაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში; უარი ეთქვა თ. ლ-ის წარმომადგენელს თ. ლ-ს 2017 წლის 26 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შპს „ლ...ას“ საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საკასაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას ემსახურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში უძრავი ნივთის (ნაკვეთის) რეგისტრაციამდე აუცილებლად უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად. 2011 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებით შპს „ლ...ას“ საკუთრებად დაზუსტებული ფართით ისე დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი ... საკადასტრო კოდით, რომ არ იქნა გამოკვლეული ხომ არ ილახებოდა დაზუსტებული რეგისტრაციით მომიჯნავედ მდებარე დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების უფლებები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადამოწმების ვალდებულება მარეგისტრირებელ ორგანოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შპს „ლ...ას“ საკასაციო საჩივარს და მიუთითებს: დაუზუსტებელი ფართობებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას არ შეულახავს არცერთი მხარის საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთების ზედდება გამოიწვია 2011 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებით შპს „ლ...ას“ საკუთრებად დაზუსტებული ფართით რეგისტრაციამ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციით შეილახა თ. ლ-ის საკუთრების უფლება. ამდენად, სასამართლოების მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად კანონშესაბამისად იქნა ბათილად ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც შეილახა მოწინააღმდეგე მხარის - თ. ლ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა ხელახლა უნდა იმსჯელოს 2011 წლის 24 თებერვლის შპს „ლ...ას“ განცხადებაზე უძრავი ნივთის, მდებარე - თბილისი-რუსთავის ...ის მე-... კმ/ზე (ს/კ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის (დაზუსტების) თაობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ კრძალავს ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას, კანონი უშვებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას (სუსგ 25.05.2011წ. №1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. №ბს-598-591(კ-15), 02.11.2017წ. №ბს-231-227(კ-15), 20.07.2017წ. №ბს-43-42(კ-17)), რასაც თავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრაქტიკაც ადასტურებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ლ...ას“ საკასაციო საჩივარზე ე. გ-ს 26.11.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 28.02.2019წ. №04506 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ლ...ას“ (ს/კ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ლ...ას“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „ლ...ას“ (ს/კ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. გ-ის მიერ 26.11.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 28.02.2019წ. №04506 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი