Facebook Twitter

ბს-203 (კ-19) 17 ოქტომბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ბ-ამ 20.12.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.10.2017წ. N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 09.11.2017წ. N29909 ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.11.2017წ. N30823 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.10.2017წ. N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2018წ. გადაწყვეტილებით ე. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.10.2017წ. N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 09.11.2017წ. N29909 ბრძანება, ნაწილობრივ, კერძოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.10.2017წ. N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.11.2017წ. N30823 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ ე. ბ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. იმისათვის, რომ მოქმედება ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად გადამწყვეტია მისი შინაარსი და პირის განზრახვა - მოგების მიღება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ახორციელებდა დიდი რაოდენობით 18.82 მ3 12233 ლარის ღირებულების ხის მასალის ტრანსპორტირებას. სახეზე არ არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 252.5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, შესაბამისად ე. ბ-ას მიერ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანპორტირება საჭიროებდა ზედნადების არსებობას. ამასთან, ე. ბ-ას მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ტრანსპორტირებული საქონლის პირადი მოხმარების მიზანზე მიუთითებდა. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე. ბ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოსარჩელის მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მიმართული იყო შემოსავლისა და მოგების მიღებისაკენ. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ. შემოსავლების სამსახურის მიერ სამართალდარღვევის სადავო ოქმებისა და ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.10.2017წ. N165890 ოქმი შედგენილია იმ საფუძვლით, რომ ე. ბ-ას გადაჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 18.8 მ3 12233 ლარის ღირებულების დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა, რაც საგადასახადო კოდექსის 286.32 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 17.2 მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული საქონელი სამეწარმეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო საქმის მასალები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ა დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას ახორციელებდა არა სამეწარმეო, არამედ პირადი მიზნებისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი