Facebook Twitter

#ბს-844 (კს-19) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ. ბ-ი (წარმომადგენელი ნ. ნ-ა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ი. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ბ-მა 19.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2009წ. N...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შესაბამისად N... საკადასტრო კოდით სარდაფის რეგისტრაციის გაუქმება, 28.07.2009წ. N...-03 უკანონო გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 1000 ლარის და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.11.2016წ. განჩინებით დაუშვებლობის საფუძვლით საქმის წარმოება შეწყდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2009წ. N...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2017წ. განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ნ. ბ-მა 01.08.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება, კერძოდ მოსარჩელე ნ. ბ-ის სარდაფში შესასვლელი კარის აღდგენა/მონტაჟი და ი. მ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე (სარდაფი, ს.კ. ...) ნ. ბ-ის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.2017წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად ჩაბმულ იქნა ი. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. განჩინებით აპელანტ - ნ. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღიანი ვადა, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ აპელანტს დაევალა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა; აქვე განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ნ. ნ-ას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 30.03.2019წ. ჩაბარდა პირადად ნ. ნ-ას. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადა იწურებოდა 08.04.2019წ., ხოლო აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ნ. ბ-ის წარმომადგენელმა, ნ. ნ-ამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შვილის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო 2019 წლის 13 მარტიდან 23 მარტამდე იმყოფებოდა სტაციონარში. შვილის სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ, მწვავე ვირუსული ინფექციის გადადების შედეგად თავად მას ჰქონდა წოლითი რეჟიმი 25 მარტიდან 1 აპრილამდე. შესაბამისად შეუძლებელია პირადად მას ჩაებარებინა წერილი, რამეთუ სახლში თითქმის მარტო იმყოფებოდა. წერილის ჩაბარების შემთხვევაში იგი აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს, შეატყობინებდა მარწმუნებელს და არ გამოიჩენდა უყურადღებობას. ზემოაღნიშნულის დასტურად კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი აქვს საავადმყოფო ფურცელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. განჩინებით ნ. ბ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სასამართლოსთვის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. განჩინება ნ. ბ-ის წარმომადგენელს ნ. ნ-ას გაეგზავნა ორჯერ, 19.03.2019წ. და 28.03.2019წ. საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ..., კორპ. 9, ბინა N31) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად 30.03.2019წ. ჩაბარდა პირადად ნ. ნ-ას (ტ. 2, ს.ფ. 143). აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს ფოსტის შესაბამის უკუგზავნილზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. განჩინების ჩაბარებას და აღნიშნავს, რომ მას ხარვეზის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია, ვინაიდან ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო ჰქონდა წოლითი რეჟიმი და თითქმის მარტო იმყოფებოდა სახლში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუსაბუთებელია, რამეთუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინება ჩაბარდა ადრესატს, პირადად ნ. ნ-ას. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სხვა პირის მიერ გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქმეში დაცული გზავნილის ჩაბარების დასტური (ტ. 2, ს.ფ. 143) შეიცავს ყველა საჭირო რეკვიზიტს, არ არსებობს მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთანავე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გზავნილის ჩაბარების დასტურზე ფიქსირდება ნ. ნ-ას ხელმოწერა და პირადი ნომერი (პ/ნ ...), რაც ცნობილი ვერ იქნებოდა სხვა პირისთვის. სასამართლო გზავნილის ჩაბარებისას ადრესატის იდენტიფიცირებას კურიერი ახდენს მისი პირადობის მოწმობის შემოწმების გზით. ამდენად მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ნ. ნ-ას მიერ გზავნილის ჩაბარება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ნ-ა უფლებამოსილი იყო ჩაებარებინა სასამართლო კორექსპონდენცია, რამეთუ საქმეში დაცული მინდობილობით (ტ. 2, ს.ფ. 88) მას ნ. ბ-ისაგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა განუსაზღვრელი ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ბ-ის წარმომადგენელს ნ. ნ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. განჩინება ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 30.03.2019წ..

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 31.03.2019წ. და ვინაიდან მე-7 დღე ემთხვეოდა არასამუშაო დღეს (06.04.2019წ.), ამოიწურა 2019 წლის 08 აპრილის 24 საათზე(ორშაბათი). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის აპელირება ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობაზე, რამეთუ კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის მიხედვით ნ. ნ-ა 2019 წლის 27 მარტიდან 2 აპრილამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით ჰქონდა გონივრული ვადა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ნ-ას არათუ არ გამოუსწურებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი, არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.2019წ. განჩინება ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი