ბს-924 (კ-18) 17 ოქტომბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ღ-ამ 02.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ "სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.08.2017წ. N MOD 6 17 00002741 ბრძანების ბათილად ცნობის, რ. ღ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ... ოპერატიული განყოფილების უფროსი ინსპექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და რ. ღ-ას სასარგებლოდ, მისი გათავისუფლების დღიდან, 01.08.2017 წლიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილებით რ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი "სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.08.2017წ. N MOD 6 17 00002741 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ღ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ... ოპერატიული განყოფილების უფროსი ინსპექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ღ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან მისი სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელის განცხადება არ ყოფილა დარეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით. კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებდა განცხადების რეგისტრაციის ფაქტს. ბუნდოვანია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 109-ე მუხლის დანაწესი, რამეთუ სასამართლო ვერ განმარტავს რა შემთხვევაშია შესაძლებელი 14 დღიანი ვადის გასვლამდე დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადება დარეგისტრირდა 03.08.2017წ. და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რისი დასტურიცაა 07.08.2017წ. მოხსენებითი ბარათი. შესაბამისად უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება. რ. ღ-ამ 01.08.2017 წ. განცხადებით ამავე თარიღიდან მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირების განხორციელებას გულისხმობდა და გამორიცხავდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 109.2 მუხლით დადგენილი ვადის დაცვის საჭიროებას. უკეთუ სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოების ჩაუტარებლობას ედავება, მას გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად და უნდა დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოების ჩატარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 109-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოხელე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე. ამასთან, მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან გათავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი (14 დღე) დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემამდე გადასინჯოს მიღებული გადაწყვეტილება და მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართოების მსჯელობას და მიუთითებს, რომ რ. ღ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია არაჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ რ. ღ-ას ინფორმირების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 109.2 მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადა გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ზემოაღნიშნული ვადის დაუცველობის მიზანშეწონილობაზე კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სამსახურიდან ვ. ღ-ას დაუყოვნებლივი გათავისუფლების სურვილი. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანო არ მოქმედებდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი დანაწესის ფარგლებში, რაც ქმნის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეაფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართალწარმოების პროცესშივე გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოების ხელხალა ჩატარების დავალების საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი