Facebook Twitter

საქმე №ბს-1060(უს-19) 29 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; 2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 4. შპს „...ი“

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 ივნისს შ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) მიტოვების საფუძვლით სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 12 თებერვლის №... და 2010 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 12 თებერვლის №01-22/598 და 2010 წლის 12 თებერვლის №01-22/599 მიმართვების ბათილად ცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული 2010 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება, ...ში მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში, ასევე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ...ში მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთისა და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთსა და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) შ. ჩ-ას საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.

ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით შ. ჩ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით შ. ჩ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შ. ჩ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინება; შ. ჩ-ას შუამდგომლობა, შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...) 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჩ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შ. ჩ-ს წარმომადგენლის ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ჩ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით შ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება.

შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით შპს „...ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შ. ჩ-ას შუამდგომლობა შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 2500,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ:...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 2500,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ:...) 633.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ:...) და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ:...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება გაასაჩივრა შ. ჩ-ამ. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „...ისათვის“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მესამე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის ქ.ბათუმში, ...ში მდებარე 262.00 კვ.მ. და 485 კვ.მ. მიწის ნაკვეთების გაყიდვის ნაწილში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მითითებულ მიწის ნაკვეთებზე მისი საკუთრების უფლების აღდგენა.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თუკი მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ამ პერიოდისათვის შპს „...ის“ მიერ სადავო მიწის ნაკვეთები იქნება გასხვისებული, შემძენი ჩაითვლება კეთილსინდისიერ პირად და გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი სასარჩელო მოთხოვნასა და გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას შორის და მისი გაუქმების შემთხვევაში აზრი დაეკარგება სამომავლოდ მისაღები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი აპირებს დამატებით განცხადების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რის გამოც მიაჩნია, რომ აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება საქმის გარემოებათა გარკვევამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით შ. ჩ-ას საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია განმცხადებელს (მოსარჩელეს) აუცილებლად.

პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 მაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშა რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1911 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჩ-ას (წარმომადგენელი ი. ს-ე) აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით დასრულდა საქმის წარმოება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შ. ჩ-ას საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შ. ჩ-ს წარმომადგენლის ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ჩ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით შ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შევიდა კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მითითება იმის შესახებ, რომ იგი აპირებს დამატებით განცხადების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რის გამოც მიაჩნია, რომ აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება საქმის გარემოებათა გარკვევამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ უშვებს, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი ქმედებისგან) ქმედებისგან იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი მოპასუხეების მიმართ თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სარჩელის იურიდიული ბედი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა), რომლის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იყო მოქმედების განხორციელების აკრძალვა − გადაწყვეტილია, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე დავა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებითად დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით და დააკმაყოფილა მოპასუხეების მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ას საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194, 1971, 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ჩ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე