Facebook Twitter

ბს-265 (2კ-19) 11 ნოემბერი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. პ-მა 26.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.02.2017წ. №EL055473 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.07.2017წ. N18943 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.09.2017წ. N4391/2/2017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების … კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.02.2017წ. №EL055473 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.07.2017წ. N18943 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.09.2017წ. N4391/2/2017 გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალათ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების … ა. პ-ისათვის დაბრუნება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შეფარდებისას ყურადღება უნდა მიექცეს შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის სიხშირის ზრდის ტენდენციასა და მსუბუქი სანქციის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებს. უკანასკნელ პერიოდში აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული სამართალდარღვევების რაოდენობა საგრძნობლადაა მომატებული. 2017 წლიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდამ განაპირობა ფასების მნიშვნელოვანი სხვაობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სადაც აღნიშნული საქონელი საგრძნობლად იაფია. ეს გარემოება უბიძგებს პირებს ჩაიდინონ საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. შესაბამისად მსუბუქი სანქცია, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო 2017 წლის ცვლილებებამდე იყენებდა აღნიშნულ შემთხვევაში ვეღარ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის პრევენციას. მიუხედავად იმისა, რომ ა. პ-ს არ მოუწყვია ავტომობილში დამატებითი სამალავი, მან ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენა უკანონოდ. ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით კონკრეტული სახდელი შეარჩია თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. პასუხისმგებლობის შეფარდებული ზომა ჩადენილი დარღვევის თანაბარზომიერია.

კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა სზაკ-ის 53.4 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. უდავოა ა. პ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე განზრახ, მალულად გადმოჰქონდა 3000 ლარამდე ღირებულების უაქციზო საქონელი. მის მიერ ჩადენილი გადაცდომა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების, აქციზური საქონლის მიმოქცევის სფეროში დამყარებული სამართლებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ, ანალოგიური სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია ქვეყნისათვის არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია კანონით დადგენილი უმკაცრესი სახდელის გამოყენება. საგადასახადო კოდექსის 43-ე, 168-ე, 199-ე, 207-ე, 215-ე, 269-ე, 289-ე მუხლებზე მითითებით კასატორი თვლის, რომ ა. პ-ი მოქმედებდა კანონდარღვევით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული სანქცია კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანის შემთხვევაში ითვალისწინებდა ვალდებული პირის დაჯარიმებას ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას (289.14 მუხ.). მართალია აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ამჟამად მოქმედი საბაჟო კოდექსის 168.3 მუხლი იმავე გადაცდომისათვის ანალოგიურ სახდელს ითვალისწინებს.

გასაზიარებელია კასატორის მოსაზრება, რომ ნორმაში დასახელებული სახდელების გამოყენებისას ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მათი გამოყენება შეუძლია როგორც ალტერნატიულად, ასევე კუმულატიურად, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. სსიპ შემოსავლების სამსახურს სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდამრღვევის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში სანქციის ადეკვატურობას განაპირობებს. ნორმაში ალტერნატიული სახდელის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (სუსგ 28.03.2012წ. Nბს-1332-1317(კ-11), 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). განსახილველ შემთხვევაში ა. პ-ის დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის აუცილებლობა, მით უფრო, რომ არ დასტურდება ავტომანქანაში სპეციალური სამალავის ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი არაქარხნული, კუსტარულად დამზადებული დახურული სივრცის მოწყობა. არ დასტურდება საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაზიდვისათვის ავტომანქანაში სამალავის მოწყობა, ავტოსანტრანსპორტო საშუალების სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არადეკლარირებული ქონების ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა მხოლოდ სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, რაც არ შეესაბამება ადმინისტრაციული სახდელის მიზნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება გამოყენებული სანქციის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით. ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, აუცილებლად უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი