საქმე Nბს-486 (კ-19) 11 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ყ-მა 31.01.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 02.11.2017წ. N04-00-ვ/49972 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.01.2018წ. N04/1381 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის თ. ყ-ისათვის 01.10.2017 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და 01.10.2017 წლიდან ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2018წ. გადაწყვეტილებით თ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 02.11.2017წ. N04-00-ვ/49972 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.01.2018წ. N04/1381 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ყ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.2 მუხლის „ა3“ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის დასანიშნად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს განცხადებასთან ერთად მოეთხოვებათ წარმოადგინონ გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტი, საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა. მიუხედავად იმისა, რომ დ. რ-ი გარდაცვლილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თ. ყ-ზე გაცემულია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ცნობა (N2305440; 25.09.2017წ.), სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, შესაბამისად ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, თ. ყ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება არ წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის მიხედვით ქორწინება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი და ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამდენად, ზემოაღნიშნული ორი საკანონმდებლო აქტის ერთობლივი მოთხოვნების გათვალისწინებით ქორწინება მხოლოდ მაშინ არის იურიდიული შედეგის მომტანი, როდესაც ხორციელდება მისი კანონით დადგენილი ფორმით რეგისტრაცია. სამართლებრივად შეუძლებელია განისაზღვროს ადამიანის ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის პირობები და ფარგლები, იურიდიულ პასუხისმგებლობას მხოლოდ სათანადო წესით რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ დაუდასტურებია ქორწინების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, დადგინდა მხოლოდ ფაქტიური საქორწინო ურთიერთობის ფაქტი, სასამართლომ დაადგინა ოჯახური თანაცხოვრება და არა ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შემოწმება და შესაბამისად ვეტერანის სტატუსის მინიჭება აპრიორი არ ნიშნავს სადავო სახის კომპენსაციის აუცილებლად მიღების უფლებას. ამდენად სახეზეა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმების და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ კანონის 221 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მიხედვით, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. რ-ი გარდაიცვალა 13.08.1994წ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 25.09.2017წ. გაცემულია N2305440 ცნობა თ. ყ-ზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად. ამავე ცნობის თანახმად, თ. ყ-ის მეუღლე დ. რ-ი გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ კანონის 50 მუხლი 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სადავო აქტების მიხედვით თ. ყ-სათვის კომპენსაციის დანიშვნაზე უარი განპირობებული იყო ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობის წარუდგენლობით, რომელიც „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.2 მუხლის ა3 ქვეპუნქტის მიხედვით აუცილებელი იყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას და არ გაუთვალისწინებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, თ. ყ-ი 1991 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში დ. რ-თან, რომელთანაც 28.04.1992წ. შეეძინა შვილი ლ. ყ-ი. ქ. ქუთაისის სასამართლოს 12.01.1995წ. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი თ. ყ-ის გარდაცვლილი მეუღლის დ. რ-ის კმაყოფაზე ყოფნის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1995-1997 წლებში გაცემული ცნობებით თ. ყ-ი მოხსენიებულია დ. რ-ის ოჯახის წევრად, რომელიც სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით. თ. ყ-ს 2007 წლის 22 მარტიდან მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი და იგი სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია დ. რ-ის დედის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება თ. ყ-ის მიერ კომპენსაციის სრულად მიღებაზე თანხმობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ კანონის 221 მუხლის მიხედვით ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის. ამდენად კომპენსაციის დასანიშნად მნიშვნელოვანია კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვლილის ოჯახის წევრობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის სასამართლოს 12.01.1995წ. გადაწყვეტილება თ. ყ-ის მეუღლის - დ. რ-ის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ, საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში ქმნიდა თ. ყ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე თ. ყ-ი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 221-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სოციალური პაკეტის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, როგორც "პოლიციის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი