საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-780(კ-19) 4 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - თ. წ-ი; რ. ჩ-ი; ს. ჩ-ი; გ. ჩ-ი; გუ. ჩ-ი; გ. ჩ-ი; ა. ჩ-ი; მ. ჩ-ი; ი. ჩ-ი).
2017 წლის 4 დეკემბერს გ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
2017 წლის 11 დეკემბერს გ. ჩ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესრის ეროვნული სააგენტოს ქონების დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N...-03, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ივნისის N...-11, ამავე სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის N...-09, 2017 წლის 10 აგვისტოს N...-03 და 2017 წლის 9 სექტემბრის N...-08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, გ. ჩ-ის უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავი ქონების (ს/კ ...; ს/კ ... და ს/კ ...) ½ ნაწილზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩნებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ გ. ჩ-ი, მ. ჩ-ი, ი. ჩ-ი, ა. ჩ-ი, გ. ჩ-ი, გუ. ჩ-ი, რ. ჩ-ი, ს. ჩ-ი და თ. წ-ი.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N...-03, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ივნისის N...-11, 2017 წლის 13 სექტემბრის N...-09, 2017 წლის 10 აგვისტოს N...-03, 2017 წლის 9 სექტემბრის N...-08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 17 ოქტომბრის N... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა და თ. წ-მა, რ. ჩ-მა, ს. ჩ-მა, გ. ჩ-მა და გუ. ჩ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგონული ოფისის, თ. წ-ის, რ. ჩ-ის, ს. ჩ-ის, გ. ჩ-ის და გუ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით გ. ჩ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულება, საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დადასტურების შესახებ და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - გ. ჩ-ის წარმომადგენელს - ნ. ქ-ას და აღნიშნული გზავნილი 2019 წლის 24 ივლისს ჩაბარდა ნ. ქ-ას თანაშემწე თ. მ-ს (პ/ნ ...) ნ. ქ-ასთვის გადასაცემად.
2019 წლის 2 აგვისტოს კასატორის - გ. ჩ-ის წარმომადგენელმა ნ. ქ-ამ მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით და კასატორ გ. ჩ-ს დაევალა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დადასტურების შესახებ წერილობითი მტკიცებულებისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - გ. ჩ-ის წარმომადგენელს - ნ. ქ-ას და აღნიშნული გზავნილი 2019 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა ნ. ქ-ას თანამშრომელს - ს. ქ-ს (პ/ნ ...) ნ. ქ-ასთვის გადასაცემად.
2019 წლის 4 ოქტომბერს კასატორის - გ. ჩ-ის წარმომადგენელმა ნ. ქ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას, ეგზავნება მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინების ასლი კასატორ გ. ჩ-ის წარმომადგენლის - ნ. ქ-ას თანამშრომელმა - ს. ქ-მა (პ/ნ ...) ჩაიბარა 2019 წლის 19 სექტემბერს ნ. ქ-ასთვის გადასაცემად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2019 წლის 20 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 15-დღიანი ვადა 2019 წლის 4 ოქტომბერს, 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში ნაწილობრივ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებას საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის თობაზე, კასატორის მიერ ვერ იქნა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, კასატორის - გ. ჩ-ის მიერ ვერ იქნა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ქ-ას გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 4.10.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. ქ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 4.10.2019წ. საგადახდო დავალებით #21766530 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი;
2. ნ. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 4.10.2019წ. საგადახდო დავალებით #21766530 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი