საქმე №ბს-945(კ-19) 18 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო).
2018 წლის 11 აპრილს გ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულისათვის კომპენსაციის სახით 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით კასატორ გ. მ-ეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" და ,,ე" ქვეპუნქტების თანახმად, დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს, გ. მ-ეს. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილის მეშვეობით ზუსტად არ ირკვევა საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილის ჩამბარებელი პირის ვინაობა, თუმცა აღნიშნულ გზავნილზე მითითებული პირადი #... წარმოადგენს კასატორის - გ. მ-ის პირად ნომერს.
ცდომილების თავიდან აცილების მიზნით ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით სასამართლოს კურიერის მეშვეობით საქმეში მითითებულ მისამართზე განმეორებით გაეგზავნა კასატორს - გ. მ-ეს 2019 წლის 25 სექტემბერს. სასამართლოს კურიერის 2019 წლის 30 სექტემბერს შედგენილი აქტით დგინდება, რომ საქმეში მითითებულ მისამართზე ცხოვრობს რ. ბ-ი, რომელმაც განაცხადა, რომ გ. მ-ე მასთან აღარ ცხოვრობს და ახალი მისამართი მისთვის უცნობია, ხოლო საქმეში მითითებული საკონტაქტო ტელეფონი - 5.. .. .. .. .. გამორთულია.
2019 წლის 9 და 10 სექტემბერს მოსამართლის თანაშემწის მიერ კასატორთან - გ. მ-ესთან საქმეში მითითებულ პირად ტელეფონზე - 5.. .. .. .. .. ვერ მოხდა დაკავშირება, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინების საჯაროდ გავრცელების გზით კასატორს - გ. მ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. კასატორს ასევე, განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება 2019 წლის 17 ოქტომბერს საჯაროდ გავრცელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებით (www.geocourts.ge). კასატორს - გ. მ-ეს განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება სასამართლო შეტყობინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინების საჯაროდ გავრცელების გზით კასატორს - გ. მ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საჯაროდ გავრცელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებით (www.geocourts.ge) - 2019 წლის 17 ოქტომბერს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორისათვის - გ. მ-ისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, სასამართლო შეტყობინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს - 2019 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა კასატორს ამოეწურა - 2019 წლის 4 ნოემბერს 24 საათზე (შაბათ-კვირის გათვალისწინებით). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკსაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს გ. მ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი