Facebook Twitter

ბს-169 (კ-19) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-მა 22.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.06.2017წ. ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახისათვის 65 910 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 25.09.2017წ. მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 1.12.2017წ. №04/74161 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის ხელახალი გადამოწმების და სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2018წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.06.2017წ. ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახისათვის 65 910 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 25.09.2017წ. მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 1.12.2017წ. №04/74161 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ა. ა-ის ოჯახის ხელახალი გადამოწმება სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ა. ა-ის ოჯახის დეკლარაციის შევსებისას დაშვებული უზუსტობა შეეხებოდა ა. ა-ის ფიზიკურ მდგომარეობას, კერძოდ, 23.06.2017წ. დეკლარაციაში მითითებული იქნა, რომ ა. ა-ს გადაადგილებისას არ ესაჭიროება სხვა პირების დახმარება და ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 65 910-ით, თუმცა ვინაიდან აღნიშნული მონაცემი არ იყო სწორი, 11.09.2017წ. განხორციელდა კორექტირება ოჯახის დეკლარაციაში (B3 ბლოკი) და მითითებულ იქნა, რომ ა. ა-ს დაუხმარებლად არ შეუძლია გადაადგილება, კორექტირებამდე არსებული სარეიტინგო ქულა - 65 910, დარჩა უცვლელი. ოჯახს არ დაენიშნა საარსებო შემწეობა, ვინაიდან განსაზღვრული სარეიტინგო ქულა აღემატებოდა ზღვრულ ოდენობას - 65 001-ს. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით განისაზღვრა, რომ ოჯახს შეუძლია განმეორებითი შემოწმების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს უკანასკნელად სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადგილი აქვს ცვლილებას ოჯახის წევრთა რაოდენობაში, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ან დაკარგა სამუშაო. ა. ა-ის ოჯახის დეკლარაციის შედგენისას არ დგინდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, რის გამოც კასატორი სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება ა. ა-ის ოჯახის 23.06.2017წ. დეკლარაციის შევსებისას არასწორი მონაცემების დაფიქსირება ა. ა-ის ფიზიკური მდგომარეობის თაობაზე, კერძოდ, დეკლარაციაში (B3 ბლოკი) მითითებულ იქნა, რომ ა. ა-ი არ საჭიროებს სხვა პირის დახმარებას გადაადგილებისას, რაც არასწორი ინფორმაცია იყო, ვინაიდან ა. ა-ს მხედველობის გამო უვადოდ აქვს დადგენილი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. აღნიშნული უსწორობის აღმოფხვრის მიზნით 25.09.2017წ. კორექტირება განხორციელდა ოჯახის დეკლარაციაში და მითითებულ იქნა, რომ ა. ა-ს სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლია გადაადგილება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დეკლარაციაში ოჯახის წევრის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ არსებითი ცვლილების მიუხედავად არ შეცვლილა სარეიტინგო ქულა და ა. ა-ის ოჯახმა კვლავ ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის მიღების უფლება (მინიჭებული სარეიტინგო ქულა - 65 910 აღემატებოდა ზღვრულ ოდენობას - 65 001 ქულა).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები არ შეიცავს მითითებას, თუ რამ განაპირობა დეკლარაციაში შეტანილი არსებითი ცვლილებების მიუხედავად სარეიტინგო ქულის უცვლელობა. დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 1.12.2017წ. №04/74161 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ ა. ა-ი დაეთანხმა ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით და აღნიშნულის გამო არ არსებობს დეკლარაციის ბათილად ცნობის და სარეიტინგო ქულის ცვლილების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო მხედველობის საფუძვლით ა. ა-ის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, რის გამოც მის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ადასტურებს მის გაცნობას და მითუმეტეს, დოკუმენტის შინაარსზე დათანხმებას. ამდენად, დაუსაბუთებელია აღნიშნული არგუმენტით ა. ა-ის მოთხოვნის უარყოფა. ამასთანავე, კასატორის მსჯელობის გაზიარების პირობებშიც კი ა. ა-ს არ ერთმევა სარეიტინგო ქულის არასწორად განსაზღვრის თაობაზე დავის წამოწყების შესაძლებლობა, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ თანახმად ოჯახის დეკლარაციას ადგენს არა სოციალური დახმარების მაძიებელი/მიმღები, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი (მე-2 მუხ.). ამასთანავე, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით (მე-15 მუხ.), რა დროსაც ტექნიკური უზუსტობის დაშვება გამორიცხული არ არის.

ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ აქტებში და სასამართლო განხილვის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტაცია იმგვარი გარემოების არსებობის შესახებ, რამაც ოჯახის წევრის ფიზიკური მდგომარეობის არსებითი ცვლილების მიუხედავად სარეიტინგო ქულის უცვლელად დატოვება განაპირობა. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით განსაზღვრული გარემოებების არარსებობის პირობებში ოჯახის მდგომარეობის ხელახალი შემოწმების შეუძლებლობის თაობაზე.

ამდენად, აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის ხელახალი შემოწმების დავალების საფუძველი.

საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტირებულ კრიტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით. ამდენად, დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი