ბს-775-775 (კ-18) 17 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მა 16.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 11.03.2015წ. N04-04/2595 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.06.2015წ. N04/43168 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მ. ნ-ის სასარგებლოდ 1944 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 11.03.2015წ. N04-04/2595 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.06.2015წ. N04/43168 გადაწყვეტილებები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.02.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ მ. ნ-ის ოჯახი, რომელშიც მასთან ერთად ირიცხებოდა მ. ნ-ის დედა, 2012 წლის ნოემბრის თვიდან იღებდა საარსებო შემწეობას ორ პირზე. 2012 წლის 13 სექტემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციების თანახმად მ. ნ-ის ოჯახის ელექტროენერგიის მოხმარების საფასური შეადგენდა 5 ლარს, ხოლო ბუნებრივი აირის საფასურს 3 ლარს. ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდა, როგორც „ღარიბი“. სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 52 440-ით და ოჯახს დაენიშნა საარსებო შემწეობა.
ოჯახში დემოგრაფიული ცვლილების თაობაზე მ. ნ-ის განცხადების წარდგენის შემდეგ, 2014 წლის 13 ივლისს, შედგა ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად ოჯახში ირიცხება მხოლოდ მ. ნ-ი, მის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური შეადგენდა 100 ლარს, ხოლო ბუნებრივი აირის საფასურს 180 ლარს. ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდა „ღარიბსა“ და „ღატაკს“ შორის. სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 71900-ით, რაც აღემატება დადგენილ ზღვრულ ოდენობას და საარსებო შემწეობის დანიშვნას არ ითვალისწინებს. მითითებული ქმედებების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა არ ფიქსირდება, რის გამოც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება მ. ნ-ის ოჯახის დეკლარაციის შევსების შემდეგ, 13.07.2014წ., სარეიტინგო ქულის განსაზღვრა 71900-ით, რაც საარსებო შემწეობის დანიშვნას არ ითვალისწინებს, ვინაიდან სარეიტინგო ქულა აღემატებოდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. №145 დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას (57 001). მითითებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები გახდა სარეიტინგო ქულის გაზრდის და შესაბამისად საარსებო შემწეობის მიღების უფლების დაკარგვის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები შეიცავს ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, თუმცა მასში არ არის გადმოცემული დასაბუთება, თუ რამ განაპირობა მ. ნ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულის 52 440-დან 71900-მდე გაზრდა. გასაჩივრებულ აქტებში მითითებულია კომუნალური გადასახადების ზრდის თაობაზე ინფორმაცია, თუმცა გაურკვეველია აღნიშნული ინფორმაციის მიღების წყარო, აგრეთვე გაურკვეველია გასაჩივრებული აქტების გამოცემისას რა გარემოებები გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ, აქტები არ შეიცავს დასაბუთებულ პასუხს მ. ნ-ის განცხადებებზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, რომლის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღების/მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებასა და ინფორმაციის ოჯახის დეკლარაციაში შეტანაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია არა საარსებო შემწეობის მაძიებელი/მიმღები, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად მოპოვებულ მონაცემებს აფიქსირებს ოჯახის დეკლარაციაში (მე-2 მუხ., მე-3 მუხ.). ამავე წესით განსაზღვრულია ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვალდებულება უფლებამოსილ წარმომადგენელს განუმარტოს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების – მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ (მე-4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტები არ შეიცავს მითითებას დეკლარაციაში ასახული მონაცემების (კომუნალური გადასახადების) შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროსა და მისი სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მხრიდან გადამოწმების თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ განსხვავებით 2012 წლისაგან, 2014 წელს ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების გამო, მ. ნ-ის ოჯახი შედგებოდა 1 პირისაგან, თავად მ. ნ-ისგან. აგრეთვე მკვეთრად განსხვავებულია 2012 და 2014 წლების დეკლარაციებში მითითებული კომუნალური გადასახადების ოდენობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ კომუნალური გადასახადების ოდენობის ზრდამ გამოიწვია მ. ნ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო კომუნალური გადასახადების შესახებ რეალური ინფორმაცია მოეპოვებინა, მ. ნ-ის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი ინფორმაცია გადაემოწმებინა. კომუნალური გადასახადების აღრიცხვის სისტემიდან გამომდინარე აღნიშნული ქმედების განხორციელება ორგანოს შესაძლებლობებს არ აღემატებოდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსხვავებულია დეკლარაციების შესაბამისად ოჯახისთვის განსაზღვრული სტატუსი, კერძოდ, 2012 წელს ოჯახის სტატუსი განისაზღვრა „ღარიბით“, ხოლო 2014 წელს შედგენილი დეკლარაციით განისაზღვრა სტატუსი „ღატაკსა და ღარიბს შორის“, რაც დამატებით ადასტურებს 2014 წლის დეკლარაციაში ასახული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობას, ვინაიდან დეკლარაციის შევსების დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 30.03.2010წ. №93 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ განსაზღვრული გრადაციის თანახმად „ღარიბსა და ღატაკს შორის“ სტატუსის მქონე ოჯახი უფრო უარესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახია „ღარიბის“ სტატუსის მქონე ოჯახთან შედარებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ თანახმად ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის, ხოლო ღარიბად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრებს საკუთარი შემოსავლებით შეუძლიათ მხოლოდ საკვების შეძენა, მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის სხვა აუცილებელი საგნებისა თუ მომსახურების შეძენას (მაგ.: ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ ისეთი აუცილებელი საგნების ყიდვა, როგორიცაა წამლები, სახელმძღვანელოები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა) (მე-12 მუხ.). ამდენად, ლოგიკას მოკლებულია 2012 წელთან შედარებით 2014 წელს ოჯახის მდგომარეობის იმგვარად გაუარესება, რომ მ. ნ-ის ოჯახის სტატუსი „ღარიბის“ ნაცვლად განისაზღვრა „ღარიბსა და ღატაკს შორის“ სტატუსით და ამავდროულად სარეიტინგო ქულის იმ ოდენობამდე გაზრდა, რომ მ. ნ-ი საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წრეს აღარ განეკუთვნება. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს 2014 წლის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ურთიერთშეუსაბამობას, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემას და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოეკვლია და სათანადო დასაბუთება გადმოეცა გასაჩივრებულ აქტებში (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი.საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტირებულ კრიტიკას.
ამდენად, დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი