ბს-1203 (კ-18) 17 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა 08.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.10.2015წ. №04-370/ო ბრძანების დანართი №1-ის №18 პუნქტის ბათილად ცნობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი შემწეობის - 800 ლარის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.10.2015წ. №04-370/ო ბრძანების დანართი №1-ის №18 პუნქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ. კ-ისთვის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი შემწეობის - 800 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.10.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.10.2015წ. №04-370/ო ბრძანებით შეწყვეტილად ჩაითვალა ლ. კ-ისთვის დანიშნული სოციალური დახმარება, ხოლო 25.11.2015წ. ჩატარებული შემოწმების შედეგად განისაზღვრა სარეიტინგო ქულა - 34 280, რომლის შესაბამისად ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 2016 წლის თებერვლის თვიდან. გასაჩივრებული ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე ლ. კ-ს უარი ეთქვა მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებაზე. სარეიტინგო ქულის სახით 34 280-ის განსაზღვრისას სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნო ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე არასწორია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება ლ. კ-ისათვის დანიშნული საარსებო შემწეობის შეწყვეტა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.10.2015წ. №04-370/ო ბრძანებით (მე-18 პუნქტ.), რომლის გამოცემის საფუძვლად ამავე აქტში მითითებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 29.10.2015წ. №04-20391 მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული ბარათით დგინდება, რომ სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების უფლებამოსილი პირების მიერ ოჯახის დეკლარაციებში შეტანილი ბენეფიციარების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით განხორციელდა მონიტორინგი, რა დროსაც გამოვლენილი იქნა ბენეფიციართა ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არასწორად ასახვა ოჯახის დეკლარაციებში და შესაბამისად სარეიტინგო ქულების არასწორად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დარღვევით შედგენილი ოჯახის დეკლარაციების ბათილად ცნობა, შემწეობის შეწყვეტა და ოჯახების ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოვლენილი დარღვევების საფუძვლით საარსებო შემწეობის შეწყვეტა იმის გათვალისწინებით, რომ არ გამოვლენილა ლ. კ-ის ბრალეული ქმედება, ეწინააღმდეგება როგორც აღნიშნულ სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე ზოგადად სოციალური სახელმწიფოს პრინციპს (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხ.). ლ. კ-ის მხრიდან არ დგინდება „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილი სოციალური დახმარების მიმღები პირის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების დარღვევა (21.1 მუხ.). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ თანახმად საარსებო შემწეობის მიმღების/მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებასა და ინფორმაციის ოჯახის დეკლარაციაში შეტანაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია არა საარსებო შემწეობის მაძიებელი/მიმღები, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად მოპოვებულ მონაცემებს აფიქსირებს ოჯახის დეკლარაციაში (მე-2 მუხ., მე-3 მუხ.). ამავე წესით განსაზღვრულია ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვალდებულება უფლებამოსილ წარმომადგენელს განუმარტოს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების – მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ (მე-4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტსა და მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულ მოხსენებით ბარათში არ მითითებულა სოციალური დახმარების მიმღების - ლ. კ-ის მხრიდან არასწორი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოჯახის დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენა, არ ქმნიდა საარსებო შემწეობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ ოჯახის დეკლარაციის ბათილობა გამოწვეული იყო არა ლ. კ-ის, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის არამართლზომიერი მოქმედებით. ამასთანავე, 2015 წლის ნოემბრის თვეში ლ. კ-ის ოჯახის მდგომარეობის ხელახალი შემოწმების შედეგად მისთვის საარსებო შემწეობის კვლავ დანიშვნა დამატებით ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამდენად, აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და მიუღებელი დახმარების ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტირებულ კრიტიკას, უფრო მეტიც, მასში აღნიშნულია დავასთან კავშირში არ მყოფი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საკასაციო საჩივარში მითითებულია მხოლოდ 2015 წლის ნოემბრის თვეში შევსებული დეკლარაციის შედეგად განსაზღვრულ სარეიტინგო ქულაზე (34 280) და ლ. კ-ისათვის 2016 წლის თებერვლიდან დანიშნული სოციალური დახმარებაზე. აღნიშნული გარემოებები დავის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის, ვინაიდან ლ. კ-ის მოთხოვნას შეადგენს არა 2015 წლის ნოემბრის თვეში შევსებული დეკლარაციის შედეგად განსაზღვრული სარეიტინგო ქულა (34 280) და 2016 წლის თებერვლიდან დანიშნული სოციალური დახმარების საკითხი, არამედ წინა პერიოდის, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.10.2015წ. №04-370/ო ბრძანების კანონიერება და აღნიშნული ბრძანების შედეგად შეწყვეტილი სოციალური დახმარების ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას. ამდენად, დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი