Facebook Twitter

ბს-1293 (კ-18) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2018წ.განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ს-მა 31.10.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 22.08.2017წ. N65909-2017-1 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.09.2017წ. N04/61484 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის შესაბამისად მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 22.08.2017წ. N65909-2017-1 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.09.2017წ. N04/61484 გადაწყვეტილებები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნამსახურობის ნუსხის შესაბამისად (23 წელი, 11 თვე და 05 დღე) მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ს-ის მიმართ გაცემულ ნამსახურობის ნუსხაში მითითებული წლების (23 წელი და 11 თვე) მიუხედავად იგი არ აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნას, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება და სწავლების პერიოდი. აღნიშნული წლების გამოკლებით ქ. ს-ს რეალურად ნამსახურები არ აქვს 20 წელი ან მეტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებით განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება და სწავლების პერიოდი მნიშვნელოვანია არა კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, არამედ გავლენას ახდენს კომპენსაციის ოდენობაზე იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მაძიებელს რეალურად ნამსახურები აქვს 20 წელი ან მეტი. კანონით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის 20 წელი გულისხმობს 20 კალენდარულ წელს, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და მასში არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სწავლების ან შეღავაღთიანი გაანგარიშების წლები. ნამსახურობის ნუსხას ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. იმის მიუხედავად, რომ შსს-ს მიერ შედგენილ ნამსახურობის ნუსხაში ნამსახურებ წელთა ოდენობად განსაზღვრულია 23 წელი და 11 თვე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი იყო არ ჩაეთვალა ნამსახურობის წლებში განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება და სწავლების პერიოდი, ვინაიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი, რომლითაც ხელმძღვანელობს შსს, არ შეიცავს სპეციალურ დათქმას კალენდარული წლების თაობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ხელმძღვანელობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იმპერატიულად ითვალისწინებს 20 კალენდარული წლის არსებობას. აღნიშნული გარემოებების გამო ქ. ს-ს უარი ეთქვა კომპენსციის დანიშვნაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სწავლების და საშეღავათო პერიოდის გათვალისწინების შესახებ კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ქ. ს-ის მიერ 23.12.2014წ. აღძრული სარჩელის ფარგლებში, სადაც მისი მოთხოვნა შსს-ს მიმართ სწორედ ამავე პერიოდების გათვალისწინებით ნამსახურობის ნუსხის შედგენა იყო. მითითებულ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.09.20167წ. გადაწყვეტილება) დადგენილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის უსწორობა სწავლების და საშეღავათო პერიოდების ნამსახურობის ნუსხაში შეტანის შეუძლებლობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია შსს-ს პოზიცია სწავლების და საშეღავათო პერიოდების არა კომპენსაციის დანიშვნისათვის, არამედ მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობის შესახებ. ამასთანავე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა საკითხის გადაწყვეტის საჭიროება სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სწავლების პერიოდის ნამსახურობის ნუსხაში ჩათვლის საკითხი შეადგენდა შსს-ის დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შსს-ს მიერ შედგენილი იქნა ნამსახურობის ანგარიში, რომლითაც ქ. ს-ის მიერ ნამსახურებ წლებში ჩაითვალა სწავლების პერიოდი და სამსახურის გავლის საშეღავათო პერიოდი, რამაც ჯამში 23 წელი და 11 თვე შეადგინა. ნამსახურობის ანგარიში გადაგზავნილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ წარდგინებით. აღნიშნულის მიუხედავად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული აქტებით ქ. ს-ს უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნაზე, იმავე საფუძვლებზე მითითებით, რასაც შსს მიუთითებდა ქ. ს-ის მიერ ნაწარმოებ პირველ დავაზე და რაზეც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. განსახილველ საკასაციო საჩივარშიც მოყვანილია იგივე მსჯელობა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მსჯელობის უსწორობა და უსაფუძვლობა დადგენილია ამავე პირის მიმართ გამოტანილ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. აღნიშნული არ შეესაბამება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხ.). ამასთანავე, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარის ავტორის მოსაზრება ნამსახურობის ნუსხის გამცემი პირისა (შსს) და სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) მიერ სახელმძღვანელო ნორმებით ერთიდაიმავე საკითხის სხვადასხვაგვარად მოწესრიგების შესახებ. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც მე-11, ისე მე-16 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ნუსხაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, სწავლების და საშეღავათო პერიოდის გავრცელების საკითხებს, რომელიც ერთიანად განიხილება და აღნიშნულ კანონში მითითებული საკითხების სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის სხვადასხვაგვარად განმარტების შესახებ მოსაზრება დაუსაბუთებელია. კასატორის მიერ შემოთავაზებული განმარტება არ გამომდინარეობს ნორმის ტექსტიდან, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებიდან, კანონის ნორმატიული დებულებების სისტემური განმარტებიდან.

ამასთანავე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის (მე-5, მე-8, 23-ე, 26-ე მუხ.), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (მე-15 მუხ.) შესაბამისად განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. სამხედრო ორგანოებიდან დათხოვნილი პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/ გაანგარიშება. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა მიმართ ნამსახურობის ანგარიში და წარდგინება დგება კომპეტენტური ორგანოს მიერ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის შესაბამისად ნუსხის შედგენისას დისკრეციულ უფლებამოსლებას მიკუთვნებული საკითხი სწავლების პერიოდის ჩათვლით თაობაზე ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს ნამსახურობის ნუსხის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში შსს-ს, რომელიც მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს ჩაითვალოს თუ არა სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (16.2 მუხ.). ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სწავლების პერიოდის ჩათვლის თაობაზე დისკრეციულ უფლებამოსილების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მინიჭების შესახებ. კანონმდებლობით სწავლების პერიოდის ჩათვლის თაობაზე დისკრეციულ უფლებამოსილების კომპეტენტური ორგანოსთვის (შსს-სთვის) მინიჭებას ადასტურებს აგრეთვე ქ. ს-ის მიმართ მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის დებულებები.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლის საკითხი არ მიეკუთვნება რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საკითხს, მისი ჩათვლის სავალდებულობა ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომელიც ადგენს, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (კანონის მე-8.6 და მე-16.3 მუხ.). ამდენად, არც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სოციალური საკითხების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტებით არ დგინდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილება არსებითი შინაარსობრივი ცვლილება შეიტანოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს (შსს-ს) მიერ შედგენილ წარდგინებასა და ნამსახურობის წლების გაანგარიშებაში (სზაკ-ის 63-ე მუხ.). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილება კომპენსაციის დანიშვნაზე, არ ადასტურდებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს (შსს-ს) მიერ შედგენილ წარდგინებასა და ნამსახურობის წლების გაანგარიშებაში არსებითი შინაარსობრივი ცვლილების შეტანის უფლებამოსილების მინიჭებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება საკასაციო საჩივარში მითითებული საკითხების არარელევანტურობა განსახილველ დავასთან მიმართებით. საქმეში დაცული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, კომპენსაციის დანიშვნაზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წარდგინების არსებობის პირობებში არ დგინდება კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2018წ.განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი