Facebook Twitter

#ბს-199(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 15 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების 31.03.2017წ. „შპს „...ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების“ (რომლის მიხედვითაც შპს „...ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის უკანონო, სათანადო ლიცენზიის გარეშე, სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 99 599 ლარს) რეალობასთან შეუსაბამობისა და შპს „...ის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის არარსებობის აღიარება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 31 მარტს შედგენილი შპს „...ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებით გამოვლინდა შპს „...ის“ მიერ წიაღის უკანონოდ მოპოვებისა და გარემოსთვის 99 599,3 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ ისე დაადგინა გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რომ რეალურად არ გამოუკვლევია არც შპს „...ის“ მიერ წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების ფარგლები და არც ჰიდროგრაფიული მონაცემები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველომ დაასკვნა, რომ კომპანიის მიერ მოპოვებითი სამუშაოები წარმოებდა მხოლოდ 14 503,8 კვ.მ ფართობზე, რეალურად კი კომპანიის მიერ წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები იწარმოებოდა დაახლოებით 51 000 კვ.მ-ზე. კომპანიის მიერ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის სექტემბრამდე მოპოვებულ იქნა დაახლოებით 111 279 კუბ.მ წიაღისეული. 2016 წლის სექტემბერ-ნოემბერში მოპოვებითი სამუშაოები წარმოებდა 14 503,8 კვ.მ-ზე, რომლის კოორდინატებიც მითითებულია 23.11.2016 წლის აქტში. საერთო ჯამში 2016 წლის სექტემბერ-ნოემბერში მოპოვებულ იქნა 29 259 კუბ.მ ქვიშა-ხრეში. შესაბამისად, წიაღისეულის მოპოვება ხდებოდა 2 მ სიღრმიდან (29259:14503,8).

მოსარჩელეს დაუსაბუთებლად მიაჩნია გაანგარიშებაში მითითებული გარემოება მასზედ, რომ 2016 წლის სექტემბერ-ნოემბერში შესაძლებელი იყო 14 503,8 კვ.მ ფართობიდან დაახლოებით 140 000 კუბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მიაჩნიათ, რომ საამისოდ საჭირო იყო 9,9 მეტრის სიღრმიდან ქვიშის ამოღება. მითითებულ ტერიტორიაზე 2-2,5 მ სიღრმეზე ქვიშა-ხრეშის ამოღების შემდეგ ფართი ივსება წყლით და შეუძლებელია წიაღისეულის მოპოვება. მოსარჩელის მითითებით, ლიცენზიიდან ჩანს, რომ კომპანიას უფლება ჰქონდა 5,44 ჰექტარზე, ანუ 54 400 კვ.მ ფართობზე მოეპოვებინა საერთო ჯამში 163 200 კუბ.მ ქვიშა-ხრეში. ამდენად, 3 მ სიღრმიდან (163 200: 54 400) შეიძლებოდა წიაღისეულის მოპოვება. კომპანიის მიერ საერთო ჯამში წიაღისეულის მოპოვება წარმოებდა დაახლოებით 51 000 კვ.მ ფართობზე. 2016 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით აღნიშნული ფართობიდან მოპოვებულ იქნა 140 538 კუბ.მ, რაც მიღებულ იქნა 2,76მ სიღრმიდან (140 538:51 000). მოსარჩელე ასევე მიუთითებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18.08.2016 წელს შედგენილ #029818 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე, საიდანაც ირკვევა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიღეს შპს „...ის“ მიერ მოპოვებითი სამუშაოებთან დაკავშირებით კოორდინატები. აღნიშნულით გამოვლინდა წიაღის მოპოვებისას ლიცენზიის კონტურს გარეთ უმნიშვნელო გადაცილება. მითითებული კოორდინატები საერთოდ არ არის შემხებლობაში 23.11.2016 წლის აქტში ჩამოთვლილ კოორდინატებთან. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 18.08.2016 წლის ოქმი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარდა 23.11.2016 წლის აქტში მითითებული 14 503,8 კვ.მ ფართისა, წიაღის მოპოვების სამუშაოები წარმოებდა ლიცენზიის კონტურის სხვა ტერიტორიებზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ ეთანხმება გაანგარიშებაში მოყვანილ გარემოებებს და მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან არ მომხდარა გარემოსთვის ზიანის მიყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შუამდგომლობა შპს „...ის“ საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა, რომ შპს „...ის“ მიერ არ განხორციელებულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების 2017 წლის 31 მარტს შედგენილ „შპს „...ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებაში“ ასახული ზიანის მიყენება გარემოსათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გაანგარიშების ავტორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სხდომაზე, სპეციალისტის სახით მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ მოპოვების ფართობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის წარმომადგენელმა და სწორედ მისი მითითებით განახორციელეს მოპოვებით ტერიტორიაზე კოორდინატების აღება. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციის მიმწოდებელი პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მესამე პირებთან ურთიერთობაში. კომპანიის რიგითი თანამშრომლის სტატუსიც კი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ვერ მიანიჭებს მას უფლებას კომპანიის სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია წარმოებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნული მიზნით მას უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ მოპოვებითი სამუშაოების არეალის დადგენა დაეყრდნო მხოლოდ ზემოხსენებული პირის მითითებას. მოპოვებითი ტერიტორიის ზუსტი კოორდინატების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია რაიმე სახის კვლევა. წიაღისეულის მოპოვებითი ფართობის დადგენასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გარდა კომპანიის წარმომადგენლის მითითებისა მოპასუხის მიერ განხორციელდა მოცემული საკითხის დამატებით, სრულყოფილად შესწავლა. არ დასტურდება აღნიშნული მიზნით კვლევის განხორციელება, რაც თავის მხრივ, მიუთითებს, რომ გაანგარიშებაში მითითებული მოპოვებითი ტერიტორიის მოცულობა ემყარება მხოლოდ ერთი პიროვნების განმარტებას.

პალატის განმარტებით, მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული გაანგარიშება ვერ გახდება ლიცენზიანტის მიერ ლიცენზიის დარღვევით სამუშაოების წარმოებისა და სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების დასტური.

საქმის წარმოების შეწყვეტაზე ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახეზეა მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის არარსებობის დადასტურების შესახებ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი გაანგარიშება, საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თავისი არსით არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, მოსარჩელეს არ შეეძლო უფლების დაცვა შეცილებითი ან მავალდებულებელი სარჩელის წარდგენის გზით, რაც ამართლებს უფლების დაცვას აღიარებითი სარჩელის მეშვეობით. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი პროცედურის დაწყება ვერ დააბრკოლებს ადმინისტრაციული წესით სარჩელის განხილვას, რადგან სისხლის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და მისი შედეგები არ არის სავალდებულო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ზიანის გაანგარიშება განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ფუნქციის ფარგლებში, შესაბამისად, მისი შინაარსის კანონიერების დადგენა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #54 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების (განსაზღვრის) მეთოდიკის“ 9.21 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის უკანონო, სათანადო ლიცენზიის გარეშე სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება.

კასატორის მითითებით, შპს „...ის“ მიერ უკანონოდ შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მოპოვებული ქვიშა-ხრეშის რაოდენობა იქნება (144 223,1-43 417,2) 100 805,9 კუბ.მ. მეწარმეს მოპოვებითი სამუშაოები ჩატარებული ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ 14503,8 კვ.მ ფართობზე, რაც დასტურდება ადგილის შესწავლა/დათვალიერებით, ასევე კომპანიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით. მეწარმემ თავისი ასათვისებელი რესურსის 86% აითვისა მის სამთო მინაკუთვნის 26,66% ტერიტორიაზე. დარჩენილი ტერიტორია მან დატოვა აუთვისებელი და ვერც აითვისებდა, რადგან დარჩენილ ნაწილზე მოწყობილი ჰქონდა საკარიერო მოედანი, ქვის სამსხვრევი ქარხანა და მოპოვებული და გადამუშავებული ინერტული მასალის სასაწყობე მეურნეობა. კასატორის მითითებით, გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია სსიპ ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტოპო-ჰიდროგრაფიული აზომვის შედეგები.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დოკუმენტაცია წარმოადგენს ე.წ. შუალედურ აქტს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს შპს „...ის“ მიმართ გაიცა #1002832 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. ამასთან, განისაზღვრა ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ... მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. …, „…“ ქვიშა, ხრეში საბადო; მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობით - 5,44 ჰა. ლიცენზიით შპს „...ს“ უფლება მიეცა მოეპოვებინა „…“ ქვიშა-ხრეშის ჯამური ოდენობა 163 200 კუბური მეტრის მოცულობით. ლიცენზიის მოქმედების ვადა იყო 06.08.2015წ.-დან 11.01.2018წ.-მდე. გეოსაინფორმაციო პაკეტის თანახმად, ლიცენზია გაიცა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგა 2017 წლის 31 მარტის #... შპს „...ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება, რომლის თანახმად, შპს „...ის“ მიერ სათანადო ლიცენზიის გარეშე, სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 99 599,3 ლარი. გაანგარიშებაში მითითებულია, რომ კომპანიას წიაღისეულის მოპოვება ნაწარმოები აქვს 14 503,8 კვ.მ ფართობზე, აქედან სალიცენზიო ფართობში მოპოვება ნაწარმოები აქვს 14 472,4 კვ.მ ფართობზე. მოპოვებული ქვიშა-ხრეშის რაოდენობად მიეთითა 144 223,1 კუბ.მ. დაანგარიშდა მეწარმის მიერ 1 კვ.მ-ზე მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობა: 144 223,1:14 503,8=9,9. აქედან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ მოპოვების სიღრმე წარმოადგენდა 9,9 მეტრს, კომპანიას კი უფლება ჰქონდა სასარგებლო წიაღისეული მოეპოვებინა 3 მეტრ სიღრმეზე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა 3 მეტრს მიღმა, კანონდარღვევით მოპოვებული წიაღისეულის მოცულობა და მის შესაბამისად განისაზღვრა ზიანის ოდენობაც.

განსახილველი დავის არსებითად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს შპს „...ს“ დარღვეული ჰქონდა თუ არა ზიანის გაანგარიშებაში მითითებული ფორმით სალიცენზიო პირობები, კონკრეტულად რომელი და რა სახის დარღვევა ჩაითვალა 99 599,3 ლარის ოდენობით გარემოსთვის ზიანის მიყენებად. ამასთან, მნიშვნელოვანია მოპოვებითი სამუშაოების არეალის, ფართობის სწორი დადგენა, რაც არსებით გავლენას ახდენს ზიანის ფაქტის დადასტურებაზე.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების 3.22 მუხლის თანახმად, მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ზიანის გაანგარიშების ტექსტისა და მისი ავტორის ზეპირი განმარტებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ემყარება მხოლოდ მოპოვებული მასალის მოცულობის მოპოვების ფართობზე შეფარდებას. თუმცა, მოპოვების უბნის კონტურის დადგენა ემყარება არასარწმუნო მონაცემებს. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნებით დგინდება, რომ ტექნიკურად გამორიცხულია, რომ ლიცენზიის მიმღებს 3 მეტრის მეტ სიღრმეზე მოეპოვებინა წიაღი, რადგან წიაღი ჩათიხულია, რაც თავად ზიანის გაანგარიშების შემდგენმაც დაადასტურა. ზიანის გაანგარიშების აქტი არ შეიცავს ფაქტებს ლიცენზიის კონტურს გარეთ (გარდა მცირე ტერიტორიისა, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით განხორციელდა რეაგირება) მოპოვებასთან დაკავშირებით. ამასთან, არც ამ აქტით და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შპს „...ი“ წიაღისეულს მოიპოვებდა მხოლოდ 14503,8 კვ.მ ფართობზე, და არა - ლიცენზიით განსაზღვრულ მთელ ტერიტორიაზე, რომელიც 5,4 ჰა-ს შეადგენს. შესაბამისად, ზიანის გაანგარიშების აქტში მითითებული ოდენობით ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების შესახებ დასკვნა არ ემყარება სარწმუნო მონაცემებს, რაც იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ადგილი არ ჰქონია შპს „...ის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი