#ბს-208(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 8 იანვარს ზ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მიმოწერის თავისუფლების დარღვევისათვის მოპასუხისთვის 1 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის #3/ბ-1525-14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეადგინა „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ 2015 წლის 28 ივლისს შეტყობინება და მსჯავრდებულ მოსარჩელეზე გადაცემის მიზნით, გაგზავნა ის ქსნის #15 დაწესებულებაში, კონვერტის გარეშე, დაულუქავი ფორმით. შეტყობინების ბოლო ფურცელზე დასმულია ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, ხოლო პირველ ფურცელზე - ქსნის #15 დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, რაც მიუთითებს გზავნილის განხორციელებას „პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული პირობების დარღვევით. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის (საქმე კარალევიჩუსი ლიტვის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული მიმოწერის თავისუფლების უფლება. ზ. ი-ი, დარღვეული უფლების გამო, ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზ. ი-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 1 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, „პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლსა და ევროკონვენციის მე-8 მუხლზე და აღნიშნა, რომ ხელყოფილ იქნა მოსარჩელის პირადი არაქონებრივი უფლებები. პალატის მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი შეტყობინება ... ფოსტის მეშვეობით გაგზავნა ე.წ. „ჰიბრიდული“ გზავნილის ფორმით, რაც მას და შპს „... ფოსტას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ შეტყობინების გაგზავნის დროისათვის მოქმედი სახელშეკრულებო პირობების თანახმად, გულისხმობდა ფოსტისთვის დოკუმენტის ელექტრონული ფორმით გაგზავნას, ხოლო ფოსტიდან ადრესატამდე - ღია ფორმით, დახურული კონვერტის გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ გზავნილის ღია ფორმის შერჩევის გამო პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად გაცნობოდნენ მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი წერილის შინაარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „... ფოსტას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობები ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, შეერჩია მომსახურების ისეთი სახე, რომელიც არ გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული მიმოწერის თავისუფლების უფლების დარღვევას. სასამართლოს მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინების გაგზავნისათვის შეარჩია გზავნილის იმგვარი ფორმა, რამაც გამოიწვია დაცული სფეროს დარღვევა. სასამართლოს მითითებით, პატიმრისათვის კორესპონდენციის გაგზავნისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა „პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი კორესპონდენციის მიღების წესი და გზავნილის ადრესატამდე მისვლა უნდა უზრუნველეყო იმგვარად, რომ მის შინაარსზე წვდომა არ ჰქონოდათ მესამე პირებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების გამო განხორციელდა მოსარჩელის დაცულ უფლებაში ჩარევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-208-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გაზიარებულ იქნეს პირველ რიგში უნდა დადგინდეს მოპასუხის ბრალეული ქმედება, ასეთ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი და თუ არსებობს მიზეზობრივი კავშირი, არის თუ არა ის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხე დავალდებულდეს აანაზღაუროს ზიანი. კასატორის მითითებით, უტყუარად ვერ დასტურდება უკანონო ქმედების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელება და ამ ქმედების, როგორც მართლსაწინააღმდეგო ფაქტის მიმართ, შეგნებული/ბრალეული დამოკიდებულება. კასატორი ასევე მიუთითებს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „... ფოსტას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზ. ი-ის მიერ მოთხოვნილია მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42.9 მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 20.1 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ. ი-ს გაუგზავნა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2015 წლის 28 ივლისის #A15056541 შეტყობინება. შეტყობინების ბოლო, მე-5 ფურცელზე დატანილია ... ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, თარიღით - 30.07.2015, ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე, თავფურცელზე დატანილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #15 პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, თარიღით - 31.07.2015 და რეგისტრაციის ნომრით - #.... სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი შეტყობინება ... ფოსტის მეშვეობით გაგზავნა ე.წ. „ჰიბრიდული“ გზავნილის ფორმით, რაც მას და შპს „... ფოსტას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ შეტყობინების გაგზავნის დროისათვის მოქმედი სახელშეკრულებო პირობების თანახმად, გულისხმობდა ფოსტისთვის დოკუმენტის ელექტრონული ფორმით გაგზავნას, ხოლო ფოსტიდან ადრესატამდე - ღია ფორმით, დახურული კონვერტის გარეშე. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს ჰქონდათ სრული წვდომა კორესპონდენციის შინაარსზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კონსტიტუციით დაცული უფლების - მიმოწერის/კორესპონდენციის თავისუფლების უფლების დარღვევას. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეერჩია მომსახურების ისეთი სახე, რომელიც არ გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული მიმოწერის თავისუფლების უფლების დარღვევას. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 12.02.2019წ. #01509 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.02.2019წ. #01509 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი