Facebook Twitter

#ბს-246(2კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 სექტემბერს ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 4 ივლისის #EL061262 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის #69003010561 ოქმის, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს #20558 ბრძანების, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე (#4564/2/17 საჩივარზე) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 4 ივლისს იგი სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში მერსედესის მარკის ავტომობილით შევიდა. მან დეკლარირებისას განაცხადა, რომ გააჩნდა 40 კოლოფი სიგარეტი. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას აღმოჩნდა საერთო ჯამში 148 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი (2960 ღერი), რომელიც მოთავსებული იყო ავტომანქანაში მდებარე ჩანთებში, რასთან დაკავშირებითაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მას შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ის გარემოება, რომ სანქციის შეფარდებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 4 ივლისის #EL061262 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს #20558 ბრძანება და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება (#4564/2/17 საჩივარზე); ა. ს-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის #69003010561 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სადავო სამართალდარღვევის შემთხვევების გამოვლენის მონაცემების მკვეთრი ზრდის გამო ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის შესახებ და განმარტა, რომ მართალია, სახელმწიფო შეიმუშავებს სამართალდარღვევებთან ბრძოლის კონკრეტულ პოლიტიკას, რაც მათ შორის, მკაცრი სანქციების შემოღებითაც შეიძლება გამოიხატოს, თუმცა სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი, პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით. ბუნებრივია, რომ ზოგადი პრევენციის მიზანს აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა ამგვარი ქმედების შემცირებისათვის. თუმცა, არ შეიძლება პირის სანქცირების მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე ქმედების ჩადენის რისკების მინიმალიზება. სახდელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სახდელს აქვს ობიექტური საფუძველი, უზრუნველყოს სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სახდელის გამოყენება მას არაპროპორციულ სახდელად აქცევს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითებით, ვინაიდან სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია მოსარჩელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული სანქციების სრულად გამოყენება.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლებზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა, მიიღწეოდა თუ არა გამოყენებული სანქციით საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები და იყო თუ არა ეს მიზნები თანაზომიერი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საგრძნობლად იმატა ანალოგიური სახის დარღვევებმა, განსაკუთრებით კი, აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. მხარე მიუთითებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომელთა მიხედვითაც, ორჯერ არის გაზრდილი საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის რიცხვი, ხოლო 8-ჯერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა). გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტის უწინდელ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, აქციზის გადასახადის გაზრდამდე სამართალდარღვევის შემთხვევაში გამოიყენებოდა ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა, რამაც ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება, ამდენად, გაზრდილი სამართალდარღვევების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა ყველაზე უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული გარემოებები, მხედველობაში არ მიიღო სამართალდარღვევის სიმძიმე და ის გარემოება, რომ ჩამორთმეული ავტომობილი საქონლის დასამალად იქნა გამოყენებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 4 ივლისს ა. ს-ის მიმართ შეადგინა #EL061262 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 4 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. სადახლოს ტერიტორიაზე შემოვიდა სამგზავრო ავტომობილი MERSEDES-BENZ სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე ა. ს-ი (A. S., პ/ს AR...). პიროვნებამ ინტერვიუირებისას დაადეკლარირა მხოლოდ 40 კოლოფი სიგარეტი, ხოლო ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად ავტომობილში აღმოჩნდა არადეკლარირებული, დამალული 148 კოლოფი და 2960 ღერი სიგარეტი, რომელიც მოთავსებული იყო ავტომობილში არსებულ ჩანთებში. სიგარეტის ბლოკები დაშლილი იყო ცალკეულ კოლოფებად და გადახვეული იყო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში. ა. ს-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ა. ს-ს, საგადასახადო სამართალდარღვევის გამო, ჩამოერთვა სიგარეტი DAVIDOV 19 კოლოფი, სიგარეტი VIP 50 კოლოფი, სიგარეტი MONTE CARLO 29 კოლოფი, სიგარეტი ARARAT 50 კოლოფი და ავტომანქანა MERSEDES-BENZ, რაზეც 2017 წლის 4 ივლისს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N69003010516.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არამედ ითხოვს სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ, დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი