#ბს-766(კ-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 ივლისს ზ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისთვის 1 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იმ პერიოდში, როდესაც იგი სასჯელის მოსახდელად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მოპასუხემ გაუგზავნა შეტყობინება ღია წესით, კონვერტის გარეშე, რითიც დაირღვა პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლით დადგენილი კორესპონდენციის გაგზავნის კანონით დადგენილი წესები, რის გამოც მას მიადგა მორალური ზიანი. მოსარჩელის განმარტებით, კორესპონდენცია გაიგზავნა კონვერტის გარეშე დაულუქავი სახით, მოპასუხეს შეტყობინება რომ ჩაედო კონვერტში და დალუქული სახით გაეგზავნა მისთვის, კონვერტი გადაეცემოდა გაუხსნელი და არ მიადგებოდა მორალური ზიანი. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის (საქმე კარალევიჩუსი ლიტვის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული უფლება, რაც წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებისათვის საკმარის საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზ. ი-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე. პალატის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინების გაგზავნისათვის შეარჩია გზავნილის იმგვარი ფორმა, რამაც გამოიწვია დაცული სფეროს დარღვევა. პატიმრისათვის კორესპონდენციის გაგზავნისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა „პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი კორესპონდენციის მიღების წესი და გზავნილის ადრესატამდე მისვლა უნდა უზრუნველეყო იმგვარად, რომ მის შინაარსზე წვდომა არ ჰქონოდათ მესამე პირებს. სასამართლოს მითითებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოდან გაგზავნილი დოკუმენტების გახსნა (ჩარევა) არ არის მიზნის პროპორციული და არც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვინაიდან, არ დგინდება რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი ჩარევის გასამართლებლად, ამასთან აღსრულების ეროვნული ბიუროს კორესპონდენციის გახსნის კანონისმიერი საფუძველი არ ექნებოდა პენიტენციურ დაწესებულებას, რამდენადაც აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ თვალსაზრისით და მიზნიდან გამომდინარე ნორმის განმარტებით, იგი ექცევა 16.6 მუხლის ჩამონათვალში), შესაბამისად, „პატიმრობის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი არ აძლევდა ადმინისტრაციას კორესპონდენციის გახსნის უფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-208-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს რეალური ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გაზიარებულ იქნეს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს მოპასუხის ბრალეული ქმედება, ასეთ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი და თუ არსებობს მიზეზობრივი კავშირი, არის თუ არა ის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხე დავალდებულდეს აანაზღაუროს ზიანი.
ამასთან, კასატორი მიუთითებს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „... ფოსტას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.
კასატორი ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის 2015 წლის 20 ნოემბრის ქმედების მოსარჩელის მიერ გასაჩივრების დროს (2018 წლის 20 ივლისს) გასული იყო 3 წელი, შესაბამისად, საჩივრის შეტანის დროს დავა უკვე ხანდაზმული იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზ. ი-ის მიერ მოთხოვნილია მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42.9 მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 20.1 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ. ი-ს გაუგზავნა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2015 წლის 16 ნოემბრის #A15090143 შეტყობინება. შეტყობინებით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ნოემბრის #A15090143 შეტყობინების ბოლო, მე-5 ფურცელზე დატანილია ... ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, თარიღით - 18.11.2015წ., ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე დატანილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #15 პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, თარიღით - 20.11.2015წ. და რეგისტრაციის ნომრით - … . აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საფოსტო გზავნილის შიგთავსი - დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთათვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კონსტიტუციით დაცული უფლების - მიმოწერის/კორესპონდენციის თავისუფლების უფლების დარღვევას. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეერჩია მომსახურების ისეთი სახე, რომელიც არ გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული მიმოწერის თავისუფლების უფლების დარღვევას. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 16.05.2019წ. #07159 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2019წ. #07159 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი