საქმე ბს-1047(კ-19) 21 ნოემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
განიხილა ა. კ-ის 2019 წლის 16 ოქტომბრის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
თ. კ-ემ 2018 წლის 20 ივნისს სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისის ოქმი N5, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში ა. კ-ის წარდგენის ნაწილში, ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 ივნისის N1105 ბრძანება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ... ადმინისტრაციულ ერთეულში ა. კ-ის დანიშვნის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ვაკანტურ პოზიციაზე, ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში, საუკეთესო კანდიდატის ხელახლა შერჩევა ტესტირების გზით, აგრეთვე კანდიდატის კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე ახალი ბრძანების გამოცემა ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში თ. კ-ის დანიშვნის შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, ჩაბმულ იქნა ა. კ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისის ოქმი N5 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში ა. კ-ის წარდგენის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ივნისის N1105 ბრძანება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ... ადმინისტრაციულ ერთეულში ა. კ-ის დანიშვნის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიას დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამოცხადებული კონკურსის ხელახლა ჩატარება და შედეგების შეჯამების შედეგად დასანიშნად კანდიდატის წარდგენა, თ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა მისი ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის დავალებაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. კ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ის მიერ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
კასატორმა ა. კ-ემ 2019 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ა. კ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი