საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1259(კ-19) 21 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: შპს „…“, გ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - შპს „...“-ისა და გ. გ-ის მიმართ მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღის დაედოს გ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ, 1. უძრავ ქონებას: ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...; 2. ავტომანქანას ... სახ. ნომრით ...; 3. ცეცხლსასროლ იარაღს: პისტოლეტი BUL G CHEROKEE COMPACT, იარაღის ნომერი ...; თოფი ALPHARMS 01SA, იარაღის ნომერი ...; თოფი ZIRVE, იარაღის ნომერი ...; თოფი HAENEL, იარაღის ნომერი ...; პისტოლეტი MARGOLIN МЦМ, იარაღის ნომერი ...; თოფი ALPHARMS, იარაღის ნომერი ...; შაშხანა BERDANA იარაღის ნომერი ...; 4. საბანკო ანგარიშებს სს „...ში“, სს „...ში“, სს „...ში“; 5. წილებს: 100%-იან წილს შპს „ჩ...ში“ (ს/ნ ...); 51%-იან წილს შპს „დ...ში“ (ს/ნ ...); 34%-იან წილს შპს „პ...ში“ (ს/ნ ...); 33,4%-იან წილს შპს „ჯ...ი“ (ს/ნ ...); 25%-იან წილს შპს „კ...ში“ (ს/ნ ...); 100%-იან წილს შპს „რ...ში“ (ს/ნ ...); 50%-იან წილს შპს „კ...ში“ (ს/ნ ...); 100%-იან წილს შპს „ა...ში“ (ს/ნ ...); 50%-იან წილს შპს „პ...ში“ (ს/ნ ...); 16,5%-იან წილს შპს „ა...ში“ (ს/ნ ...); 41,6%-იან წილს შპს „ე...ში“ (ს/ნ ...); 100%-იან წილს შპს „მ...ში“ (ს/ნ ...); 35%-იან წილს შპს „მ...ში“, შპს „ე…ში“ (ს/ნ …); 100%-იან წილს შპს „ტ…ში“ (ს/ნ …).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გ. გ-ეს აეკრძალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მის კუთვნილ ქონებათა: 1. უძრავი ქონება: ს/კ …; ს/კ …; ს/კ …; ს/კ …; ს/კ …; 2. ავტომანქანა … სახ. ნომრით …; 3. ცეცხლსასროლი იარაღი: პისტოლეტი BUL G CHEROKEE COMPACT, იარაღის ნომერი …; თოფი ALPHARMS 01SA, იარაღის ნომერი …; თოფი ZIRVE, იარაღის ნომერი …; თოფი HAENEL , იარაღის ნომერი …; პისტოლეტი MARGOLIN МЦМ, იარაღის ნომერი …; თოფი ALPHARMS, იარაღის ნომერი …; შაშხანა BERDANA იარაღის ნომერი …, გასხვისება და ნებისმიერი ფორმით უფლებრივად დატვირთვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გ. გ-ემ საჩივრით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გ. გ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებოთ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებით. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის VII16 თავი: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. 2165 მუხლით დადგინდა „პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი“, რომლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი