Facebook Twitter

№ბს-1475(კ-18) 7 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 27 ნოემბერს ჯ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის განცხადების თავიდან განხილვისა და ე. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით ჯ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა გარდაცვალების შესახებ სააქტო ჩანაწერის სისწორეზე იმ პირობებში, როდესაც ძალაში იყო მისი საფუძველი - გამგეობის აქტი, რომელიც ადგენდა ა. კ-ის გარდაცვალების თარიღს და მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი აწესებს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრინციპს. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტს.

პალატის მითითებით, აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“, რომლის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ამავე წესის 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს; მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მოცემული წესიც ითვალისწინებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომლის მიზნითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებასა და ურთიერთშეჯერებას ახორციელებს მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სამსახური თავად. ადმინისტრაციული ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა არ გულისხმობს მის უაპელაციოდ გათვალისწინებას, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოპოვებული ინფორმაციის სისწორეს მხარე ეჭვქვეშ აყენებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის ვალდებულებას წარმოადგენს შეაფასოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაც, რაც მის მიერ მისაღები გადაწყვეტილების კანონიერების განმსაზღვრელი იქნება. იმ შემთხვევაში თუკი სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ ექნებოდა ვალდებულება, საეჭვოობის შემთხვევაში, გადაემოწმებინა გამგეობის მიერ მიწოდებული ოქმი, მაშინ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქცია გაურკვეველი დარჩებოდა, იგი მხოლოდ მოახდენდა გამგეობის მიერ დადგენილ ფაქტთა აღრიცხვას ყოველგვარი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზანსა და კანონმდებლის ნებას პრინციპულად ეწინააღმდეგება. სწორედ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს დაადგინოს და აღრიცხოს იმგვარი ფაქტები, როგორიცაა პირთა გარდაცვალება. მართალია, აღნიშნულ ვალდებულებას იგი ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა ეს გარემოება სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ ათავისუფლებს მოვალეობისგან სადავოობის შემთხვევაში კონტროლი განახორციელოს ფაქტების სისწორეზე. ადმინისტრაციულ ორგანოს მიკუთვნებული უფლებამოსილება ამავდროულად გულისხმობს მის ვალდებულებასაც. შესაბამისად, მას აღნიშნულ გადაწყვეტილებათა სისწორეზე ეკისრება პასუხისმგებლობაც. სწორედ აღნიშნული გარემოება და მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა საჭიროებს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა, შესწავლასა და მათ საფუძველზე სწორ სამართლებრივ, დასაბუთებულ შეფასებას. გარდა განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აქტის კანონიერების გადამოწმების ვალდებულებისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია საკუთარი ინიციატივის საფუძველზეც. ადმინისტრაციული ორგანო თვითკონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია გამოიკვლიოს, შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული აქტები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვი მათ კანონიერებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახური არ იყო უფლებამოსილი გამოეკვლია ა. კ-ის გარდაცვალების თარიღი, მაშინ როდესაც გამგეობის ოქმით აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილი იყო. პალატის მითითებით, პირიქით, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენდა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კანონისმიერ ვალდებულებას. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ჯ. და ნ. კ-ეებისთვის ა. კ-ის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა 2007 წელს. ისინი ა. კ-ის გარდაცვალებას, მის პანაშვიდს და/ან დაკრძალვას არ დასწრებიან. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირები უტყუარად ვერ დაადასტურებდნენ ა. კ-ის გარდაცვალების თარიღს. აღნიშნულის დადასტურებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პირი იყოს ფაქტის თვითმხილველი. გადაცემული ინფორმაცია ვერ იქნება სარწმუნო და მასზედ დაყრდნობით დადგენილი ფაქტიც ვერ იქნება სანდო. გარდაცვალების ფაქტისა და თარიღის უტყუარად დადასტურების მიზნით როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწვეულ იქნენ მოწმეები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეაფასა უფრო ადრე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გარეშე იყო თუ არა შესაძლებელი იმავე დონის აქტის გამოცემა სამოქალაქო რეესტრის მიერ იმ აქტის ბათილად ცნობის გარეშე. კასატორის მითითებით, შესამოწმებელია ის გარემოება, შეეძლო თუ არა სამოქალაქო რეესტრს მოეხდინა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება იმ საქმეზე, რომელზედაც უკვე არსებობდა და არსებობს კანონიერ ძალაში მყოფი აქტი პირის გარდაცვალების შესახებ და ამ აქტის გაუქმებაზე გამგეობამ უარი უთხრა სამოქალაქო რეესტრს უსაფუძვლობის გამო.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია სასაფლაოს ფოტოსურათები სასაფლაოზე მოწყობილ ქვაზე არსებული ჩანაწერით, რომელზედაც გარდაცვალების წელი თავიდან სხვა იყო და საქმის განხილვის პროცესში გადასწორდა, რაც აშკარად ჩანს, ფოტოებზე და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ე. კ-ემ გააყალბა ფაქტობრივი მონაცემები და წარმოადგინა ყალბი მოწმეები ტყუილის დასადასტურებლად.

კასატორმა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა საფლავის ქვაზე არსებული ჩანაწერის ნამდვილობის დადგენის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა გარდაცვალების შესახებ სააქტო ჩანაწერის სისწორეზე იმ პირობებში, როდესაც ძალაში იყო მისი საფუძველი 2010 წლის 15 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული №... გარდაცვალების აქტი და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას ამ საკითხთან მიმართებაში და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ამავე წესის 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს; მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მოცემული წესიც ითვალისწინებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომლის მიზნითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებასა და ურთიერთშეჯერებას ახორციელებს მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სამსახური თავად. ადმინისტრაციული ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა არ გულისხმობს მის უაპელაციოდ გათვალისწინებას, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოპოვებული ინფორმაციის სისწორეს მხარე ეჭვქვეშ აყენებს. სწორედ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს დაადგინოს და აღრიცხოს იმგვარი ფაქტები, როგორიცაა პირთა გარდაცვალება. მართალია აღნიშნულ ვალდებულებას იგი ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა ეს გარემოება სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ ათავისუფლებს მოვალეობისგან სადავოობის შემთხვევაში კონტროლი განახორციელოს ფაქტების სისწორეზე. ადმინისტრაციულ ორგანოს მიკუთვნებული უფლებამოსილება ამავდროულად გულისხმობს მის ვალდებულებასაც. შესაბამისად, მას აღნიშნულ გადაწყვეტილებათა სისწორეზე ეკისრება პასუხისმგებლობაც. სწორედ აღნიშნული გარემოება და მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა საჭიროებს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა, შესწავლასა და მათ საფუძველზე სწორ სამართლებრივ, დასაბუთებულ შეფასებას. გარდა განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აქტის კანონიერების გადამოწმების ვალდებულებისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია საკუთარი ინიციატივის საფუძველზეც. ადმინისტრაციული ორგანო თვითკონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია გამოიკვლიოს, შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული აქტები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვი მათ კანონიერებაზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მოთხოვნა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ სწორად მიიჩნია, რომ მის მიერ გამოცემული სააქტო ჩანაწერი ეფუძნებოდა არასწორ ინფორმაციას და კანონიერად გააუქმა იგი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საფლავის ქვაზე არსებული ჩანაწერის ნამდვილობის დადგენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მხარეთა მონაწილეობით საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, მოცემული განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ შუამდგომლობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. კ-ეს საკასაციო საჩივარზე 07.03.2019წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. ჯ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. ჯ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.03.2019წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი