№ბს-1017(კ-18) 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. შ-ა, შ. ჯ-ა, გ. დ-ი, ი. ს-ე, მ. მ-ა, მ. ბ-ა, რ. ბ-ე და ნ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 25 აგვისტოს გ. შ-ამ, შ. ჯ-ამ, გ. დ-მა, ი. ს-ემ, მ. მ-ამ, მ. ბ-ამ, რ. ბ-ემ და ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოქალაქეების: შ. ჯ-ას, ი. ს-ის, მ. მ-ას, ნ. ბ-ის, გ. დ-ის, რ. ბ-ის, მ. ბ-ას და გ. შ-ას წარმომადგენლის რო. ბ-ის 2017 წლის 18 აპრილის №355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. შ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, შ. ჯ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, გ. დ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, ი. ს-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, მ. მ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, მ. ბ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, რ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში და ნ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, წერილობითი თანხმობის გაცემის დავალება მოითხოვეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა - ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/98-2017 ადმინისტრაციული საქმე, გ. შ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/99-2017 ადმინისტრაციული საქმე, შ. ჯ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/100-2017 ადმინისტრაციული საქმე, გ. დ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/101-2017 ადმინისტრაციული საქმე, ი. ს-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/102-2017 ადმინისტრაციული საქმე, მ. მ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/103-2017 ადმინისტრაციული საქმე, მ. ბ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/104-2017 ადმინისტრაციული საქმე, რ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე და ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/105-2017 ადმინისტრაციული საქმე, ნ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე.
წარმოდგენილ სარჩელებში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქ.ფოთში, კუნძულ კოლუმბარზე განლაგებული იყო სამხედრო ქალაქი, სადაც მსახურობდნენ მოსარჩელეები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილებით სამხედრო მოსამსახურეთა ბინებით დაკმაყოფილება ხორციელდებოდა იმ სამხედრო უწყებათა მიერ, სადაც ისინი მსახურობდნენ. მოსარჩელეებს საცხოვრებელი ბინა სარგებლობისათვის გადაეცათ იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზეც დისლოცირებული იყო ის სამხედრო ნაწილი, სადაც მსახურობდნენ, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი. 1991 წლიდან ნ. ბ-ე, 1994 წლიდან რ. ბ-ე, 1996 წლიდან შ. ჯ-ა, გ. დ-ი, ი. ს-ე, მ. მ-ა, მ. ბ-ა, 1998 წლიდან გ. შ-ა შესახლებულ იქნენ სადავო ბინებში. გ. შ-ას, გ. დ-ს, მ. ბ-ას და რ. ბ-ეს ბინის სარგებლობის დოკუმენტი ხელზე არ გადასცემია. მიზეზად ის დაასახელეს, რომ მათი სახელი და გვარი შეტანილია სპეციალურ ზონარგაყრილ წიგნში და საბინაო კომისიის ოქმში, ამიტომაც მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ ბინათსარგებლობაში. შ. ჯ-ას, ი. ს-ეს, მ. მ-ას და ნ. ბ-ეს ბინებზე გადაეცათ ორდერები. სადავო ბინები დღესაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და ამ სამინისტროს საბინაო ფონდში შედის. შტატების შემცირების გამო მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურებიდან, დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინებში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს. საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მობინადრეებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს ბინები და დღემდე, ოც წელზე მეტია ფლობენ მათ. 2017 წლის 6 მარტს მათ მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ბინის საკუთრებაში გადასაცემად ქ.ფოთის მერიაში წარსადგენი წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც 2017 წლის 21 ივლისის №817 00000051 ბრძანებით უარი ეთქვათ, იმ საფუძვლით, რომ ბინები სამსახურებრივი დანიშნულების იყო და ასეთი კატეგორიის ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა.
მოპასუხის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგელობისათვის განკუთვნილი ბინები. როგორც ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 5 ივნისის წერილიდან ირკვევა, სადავო ბინებს არ აქვთ მოხსნილი სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინების სტატუსი, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. შ-ას, შ. ჯ-ას, გ. დ-ის, ი. ს-ის, მ. მ-ას, მ. ბ-ას, რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება მოქალაქეების შ. ჯ-ას, ი. ს-ის, მ. მ-ას, ნ. ბ-ის, გ. დ-ის, რ. ბ-ის, მ. ბ-ას და გ. შ-ას წარმომადგენლის რო. ბ-ის 2017 წლის 18 აპრილის №355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა წერილობითი თანხმობის გაცემა გ. შ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, შ. ჯ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, გ. დ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, ი. ს-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, მ. მ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, მ. ბ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში, რ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში და ნ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი ...-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეებს: შ. ჯ-ას, ი. ს-ის, მ. მ-ას, ნ. ბ-ის, გ. დ-ის, რ. ბ-ის, მ. ბ-ას და გ. შ-ას წარმომადგენელს რო. ბ-ს 2017 წლის 18 აპრილის №355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 5 ივნისის წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი სადავო ბინები გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად და აღნიშნული სტატუსი დღეის მდგომარეობით მოხსნილი არ აქვთ.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 4 აგვისტოს წერილზე დართული ინფორმაციის შესაბამისად, უფროსი ლეიტენანტი მ. მ-ა 1993 წელს მუშაობდა ს/ნ 22682 ქვედანაყოფში საავტომობილო სამსახურის ...ად, 1993-1997 წლებში ს/ნ 12116 ქვედანაყოფში კავშირგაბმულობის საწყობის ...ად, 1997-1998 წლებში საჰაერო ჯარების ცალკეული 162-ე რადიოტექნიკური ბატალიონის სანივთე საწყობში საწყობის ...ად, 1998 წელს 162-ე რადიოტექნიკურ ბატალიონში საკომანდო პუნქტის ...დ, 1998-2001 წლებში სამხედრო საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზის რადიოლოკაციურ კვანძში შტაბის ...ი - კვანძის უფროსის ...დ, 2001-2003 წლებში სსძ სამხედრო-საჰაერო ძალების მე-2 ბაზის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ასეულში ...ად, 2003-2004 წლებში გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2004 წლის 12 მარტს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
უფროსი სერჟანტი ნ. ბ-ე 1993-1995 წლებში მუშაობდა ს/ნ 22686 ქვედანაყოფში ...ად, 1995-1996 წლებში ამავე ქვედანაყოფში ს/ნ მეთაურის მოადგილის ...ში, 1996-2001 წლებში საჰაერო თავდაცვის ფოთის 162-ე რადიოტექნიკურ ბატალიონში სურსათ-სანოვაგის საწყობის ...ად, 2001-2003 წლებში სსხ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დივიზიონში სანივთე საწყობის ...ად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში, 2003 წელს მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო დივიზიონი, ტექნიკური ბატარეა, მატერიალური უზრუნველყოფის ოცეული, საწყობები - შეიარაღების საწყობის ...ი, შტატი №...-ში შეიარაღების საწყობის ...ად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში, 2003-2004 წლებში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზა (ქ.ფოთი), მატერიალური უზრუნველყოფისა და დაცვის ასეული, მატერიალური უზრუნველყოფის ოცეული, საწყობები - შეიარაღებული საწყობის ...ი, შტატი №...-ში შეიარაღების საწყობის ...ად, 2004-2006 წლებში საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზა, საწყობებში შეიარაღებული საწყობის ...ად, 2006 წელს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2006 წლის 17 ივნისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
უფროსი სერჟანტი ი. ს-ე 1993 წელს ს/ნ 22682 ქვედანაყოფში მუშაობდა ...ად, 1993-1995 წლებში ს/ნ 22686 ქვედანაყოფში უფროს ...ად, 1995-1996 წლებში იყო დათხოვნილი, 1996-1997 წლებში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის 162-ე ბატალიონის საექსპლუატაციო ათეულში ...ად, 1997-1998 წლებში ს/ნ 22686, 162-ე რ.ტ.ბ. საავტომობილო სამსახურის საკონტროლო ტექნიკურ პუნქტში ...ად, 1998-2001 წლებში ს.თ. №2 ბაზა, რადიოლოკაციურ კვანძში ...ად, 2001-2002 წლებში სსძ საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზაში რადიოლოკაციური დაზვერვის ...ად, 2002-2003 წლებში საზღვაო თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითი ჯარის სპეცდანიშნულების მექანიზირებული ბატალიონის მექანიზირებული საზღვაო-ქვეითი ოცეულის მექანიზირებულ საზღვაო-ქვეით ათეულში ...ად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2003 წელს მუშაობდა საზღვაო თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის ბატალიონი, საავტომობილო ასეული, საავტომობილო ოცეული, საავტომობილო ათეულში ...ად, 2003 წლის 17 ოქტომბერს ავადმყოფობის გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
...ი შ. ჯ-ა 1997-1998 წლებში საჰაერო ჯარების მე-2 საზენიტო-სარეკეტო ბრიგადაში მუშაობდა საკომანდო პუნქტის ...ად, 1998-2001 წლებში სსძ საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზის საზენიტო სარეკეტო დივიზიონში სპეც. ტექნიკური რემონტისა და მომსახურების სახელოსნოს ...ად, 2001-2002 წლებში ამავე დივიზიონში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დივიზიონის სურსათ-სანოვაგის საწყობის ...ად, 2002-2003 წლებში საჰაერო თავდაცვის ბაზა ს/ნ 22684 (ფოთი), საწყობებში სანივთე და სასურსათო საწყობის ...ად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2003 წლის 22 მაისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
სასამართლოს მითითებით, მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს გაცემული №97 ცნობის შესაბამისად, გ. შ-ა ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში. მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №894 ცნობის თანახმად, გ. დ-ი ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში. მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 სექტემბრის №910 ცნობის შესაბამისად, მ. მ-ა ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში. მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №893 ცნობის მიხედვით, ნ. ბ-ე ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში. მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №891 ცნობის შესაბამისად, ი. ს-ე ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში. მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №895 ცნობის მიხედვით, მ. ბ-ა ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში. მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №892 ცნობის თანახმად, რ. ბ-ე ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში.
ფოთის რეგიონალური ბაზა №3-ის მიერ 2001 წლის 16 აგვისტოს გაცემული №2 ორდერის შესაბამისად, ნ. ბ-ეს გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა მდებარე ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №..., ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2001 წლის 31 ივლისის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი №2.
ფოთის რეგიონალური ბაზა №3-ის მიერ 2003 წლის 31 მარტს გაცემული №2 ორდერის შესაბამისად, ი. ს-ეს გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა მდებარე ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №..., ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 9 იანვრის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი №1.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის წერილის შესაბამისად, რო. ბ-ს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე მდებარე, ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №..., №..., №..., №..., №..., №... საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
ფოთის რეგიონალური ბაზა №3-ის მიერ 2002 წლის 21 აგვისტოს გაცემული №11 ორდერის შესაბამისად, შ. ჯ-ას გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა მდებარე ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №..., ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 9 იანვრის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი №1.
მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის №1113 ცნობის შესაბამისად, შ. ჯ-ა ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში.
მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 3 დეკემბრის №1771 ცნობის შესაბამისად, გ. დ-ი 2000 წლიდან ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში.
2015 წლის 4 დეკემბრის აბონენტის ბარათის შესაბამისად, აბონენტი - გ. დ-ის მისამართად მითითებულია ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი, შენობა ..., ბინა ... და აღნიშნულ მისამართზე ის იხდის ელექტროენერგიის გადასახადს.
შპს ,,...ეს“ ფილიალის ,,ს...ას“ მიერ გაცემული 2004 წლის 17 თებერვლის ცნობის თანახმად, ი. ს-ე ცხოვრობს ქ.ფოთში, კუნძული კოლუმბარი №...-ში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 21 ივლისის ცნობის თანახმად, მ. მ-ას დიაგნოზია ზედა კიდურის, მხრის ჩათვლით, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2003 წლის 24 აპრილის №1481 ბრძანების თანახმად, მ. მ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის მიერ 2001 წლის 23 იანვარს გაცემული №20 ორდერის შესაბამისად, მ. მ-ას გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა, მდებარე: ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №..., ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2000 წლის 26 დეკემბრის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი №4.
2015 წლის 4 დეკემბრის აბონენტის ბარათის შესაბამისად, აბონენტი - ნ. ბ-ის მისამართად მითითებულია: ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი, შენობა ..., ბინა ... და აღნიშნულ მისამართზე ის იხდის ელექტროენერგიის გადასახადს.
მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 3 დეკემბრის №1770 ცნობის შესაბამისად, ნ. ბ-ე 1992 წლიდან ცხოვრობს ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი №...-ში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №... მოწმობის შესაბამისად, მ. ბ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
სასამართლოს მითითებით, საკუთრების უფლება ფუნდამენტურ უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სრულფასოვანი განხორციელება, ერთი მხრივ, ინდივიდის ღირსეული არსებობისა და მეორე მხრივ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობის წინაპირობაა.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება, თავისი შინაარსით შეესაბამება ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს. კერძოდ, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.
,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №1/51 საქმეზე „ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება“). „საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №1/2/384 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი“). „საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ ფარგლებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და აღნიშნულის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. სადავო აქტი არ არის გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისათვის საჭირო მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მიუთითებენ სადავო აქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანების კანონშეუსაბამობაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩლეებს საცხოვრებელი ბინები სარგებლობისათვის გადაეცათ იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზეც დისლოცირებული იყო ის სამხედრო ნაწილი, სადაც მსახურობდნენ, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი. 1991 წლიდან ნ. ბ-ე, 1994 წლიდან რ. ბ-ე, 1996 წლიდან შ. ჯ-ა, გ. დ-ი, ი. ს-ე, მ. მ-ა, მ. ბ-ა, 1998 წლიდან გ. შ-ა შესახლებულ იქნენ სადავო ბინებში. ისინი გარკვეული დროის შემდეგ გათავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, განაგრძეს მათთვის გადაცემულ ბინებში ცხოვრება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათთვის ბინის ფლობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუხატავს. მოსარჩელეები დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინებში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მობინადრეებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს ბინები და დღემდე, ოც წელზე მეტია ფლობენ მათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. გ-მა განმარტა, რომ 1996 წლის სექტემბრის თვეში დაინიშნა ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარ სამმართველოში. შეიქმნა ოთხი რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი, მათ შორის იყო ფოთის ნაწილი, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ცხენისწყლიდან აჭარის ჩათვლით. საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის დამტკიცებული დებულებით, რომელსაც ხელს აწერდა გენერალ-მაიორი მ-ე და შესაბამისი მთავარი სამმართველოს ფუნქციებზე მინისტრი იყო მთელ ამ რეგიონში არსებული მთელი სამხედრო ქონება მათ შორის ქალაქში განთავსებული საბინაო ფონდები იყო მათ ბალანსზე, მაგრამ კონკრეტულ სამხედრო ქალაქს ჰყავდა თავისი მეთაური, რომელზეც ყველა ფუნქცია იყო დამაგრებული, მათ შორის ბინებთან დაკავშირებულიც. კოლუმბარი იყო ერთი დიდი დახურული სამხედრო ქალაქი, რომელიც იმ პერიოდისთვის ფლობდა საბინაო ფონდს. საბინაო საექსპლუატაციო ნაწილები აკეთებდნენ აღრიცხვიანობას და საბინაო ფონდი გამოყენებული იყო იქ მაცხოვრებელი სამხედრო პირებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ამ სამხედრო ნაწილებში. მოსარჩელეებს ის იცნობს. სამხედრო ნაწილის საბინაო კომისია მეთაურის და მისი მოადგილის გადაწყვეტილებით თუ კომისიის გადაწყვეტილებით, ჩასახლებულ სამხედრო პირებზე ოფიციალურად მიმართავდა მათ, რომ ამ პიროვნებებისთვის ამოეწერათ ორდერი, მაშინ ამოიწერებოდა ორდერი ან თუ ორდერი არ ამოიწერებოდა, ყოველივე ფიქსირდებოდა ზონარგაყრილ წიგნში. მთავრობის დადგენილება №603 მათ პირდაპირ აძლევდა ორდერის ამოწერის უფლებას. იყო ისეთი სამხედრო პირებიც, რომლებიც მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ იქ, მათზე ორდერები არ ამოიწერებოდა, მაგრამ ზონარგაყრილ წიგნში ყველა იყო დაფიქსირებული თავისი ოჯახის წევრებით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 155-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მფლობელობა წარმოიშვება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნას მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
„სასამართლო აცხადებს, რომ „მფლობელობის“ ცნებად №1 დამატებითი ოქმის პირველი პუნქტის პირველი ნაწილის თვალსაზრისით, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ნივთების მესაკუთრეობით და დამოუკიდებელია ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კლასიფიკაციისაგან: გამოსაკვლევი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განმცხადებელს ანიჭებს საკუთრების უფლებას იმ მატერიალურ ინტერესზე, რომელსაც იცავს აღნიშნული დებულება. შესაბამისად, ისევე როგორც ფიზიკური ნივთები, კონკრეტული უფლებები და ინტერესი, რომლებიც წარმოადგენენ კანონივებს, შეიძლება ასევე ჩაითვალოს „მფლობელობად“ ამ დებულების საჭიროებიდან გამომდინარე. „მფლობელობის“ ცნება არ იზღუდება „არსებულ მფლობელობად“, არამედ შეიძლება მოიცავდეს კანონივებს, მათ შორის მოთხოვნებს, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია იდავოს, რომ მას გააჩნია სულ მცირე გონივრული და „მართლზომიერი მოლოდინი“ იმისა, რომ შეძლებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. „მოლოდინი“ მართლზომიერია, თუკი იგი ემყარება საკანონმდებლო დებულებას ან ნორმატიულ აქტს, რომელიც შეეხება საკუთრების ინტერესს“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
სასამართლოს მითითებით, სახელმწიფომ ბინები მოსარჩელეებს გამოუყო კანონიერად, ეს იყო კეთილსინდისიერი ქმედება, რეგისტრირებული საკუთრების უფლების არარსებობის მიუხედავად, უმთავრესი მნიშვნელობა ამასთან დაკავშირებით აქვს უწყებების მიერ მკაფიოდ გამოხატულ ტოლერანტობას. მოსარჩელეები ოც წელზე მეტია, რაც შეუფერხებლად სარგებლობენ მათთვის გადაცემული საცხოვრებლებით, ამ დროის განმავლობაში ისინი იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, უვლიდნენ აღნიშნულ უძრავ ქონებებს, როგორც საკუთარს და სახელმწიფოს აღნიშნული ფაქტი არასდროს გაუპროტესტებია. საცხოვრებლის კეთილსინდისიერი ფლობა წარმოადგენდა მატერიალურ უფლებას. ამგვარად შეუძლებელი იყო მათი საცხოვრებლიდან გამოსახლება მისი ნების წინააღმდეგ და მსგავსი ალტერნატიული თავშესაფრის ან ფულადი კომპენსაციის შეთავაზების გარეშე, ამასთან, მათ გააჩნდათ სულ მცირე გონივრული და „მართლზომიერი მოლოდინი“ იმისა, რომ შეძლებდნენ საკუთრების უფლებით სარგებლობას.
სასამართლოს მითითებით, პირის დროებითი საცხოვრებელი, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთ პირს რეგისტრირებული საკუთრების უფლება, წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსში მოცემული მფლობელობის წესებით დაცულ უფლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა გარემოება, როდესაც მოსარჩელეები ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობენ სადავო ბინებში, აუცილებელი გადასახადების გადახდით, შესახლების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. გ.გ-ის დაკითხვის ოქმი), მათი გამოსახლების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოებს საკითხი არ დაუყენებიათ, მათ გააჩნდათ სულ მცირე გონივრული და „მართლზომიერი მოლოდინი“ იმისა, რომ შეძლებდნენ საკუთრების უფლებით სარგებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს გასცეს წერილობითი თანხმობა გ. შ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, შ. ჯ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, გ. დ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, ი. ს-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, მ. მ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, მ. ბ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, რ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში და ნ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, 21.07.2017 წლის ბრძანება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართია თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის №20, კასატორის მოსაზრებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს საქმე განსჯადობით უნდა გადმოეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად: „გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ“. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად: ,,სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს“. კასატორის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული იქნა საკითხი საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ, თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, რასაც სადავოდ ხდის კასატორი.
ამასთან, კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით და უნდა გაქმდეს, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2017 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის მითითებით, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 30.04.08 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. აღნიშნული დებულებით, ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოს მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე“. დებულების პირველი მუხლის თანახმად: ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, გ) სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინები, რომლების საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის არის განკუთვნილი.
კასატორის მითითებით, თავდაცვის მინისტრის 13.09.10 წლის №589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) მათ შორის, მოსარჩელეების მიერ დაკავებული ფართი გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მოსარჩელეების მიერ დაკავებული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება აღნიშნული სტატუსის მოხსნამდე. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეთა მხრიდან სადავოდ არ გამხდარა დაკავებულ ფართებზე სტატუსის მოხსნის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ას, შ. ჯ-ას, გ. დ-ის, ი. ს-ის, მ. მ-ას, მ. ბ-ას, რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განსახილველი დავის საგანს მოქალაქეების შ. ჯ-ას, ი. ს-ის, მ. მ-ას, ნ. ბ-ის, გ. დ-ის, რ. ბ-ის, მ. ბ-ას და გ. შ-ას წარმომადგენლის რო. ბ-ის 2017 წლის 18 აპრილის №355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანების კანონიერების დადგენა წარმოადგენს; მოსარჩელეები ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. შ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, შ. ჯ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, გ. დ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, ი. ს-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, მ. მ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, მ. ბ-ასათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში, რ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში და ნ. ბ-ისათვის ქ.ფოთი, კუნძული კოლუმბარი …-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, წერილობითი თანხმობის გაცემის დავალებას ითხოვენ.
ამასთან, საკასაციო საჩივრით დასმულია საკითხი მოცემული საქმის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით, სადაც კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით (რომლის თანახმად: „სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“) აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართია თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის №20, ფოთის საქალაქო სასამართლოს საქმე განსჯადობით უნდა გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მოცემული საქმის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ამგვარი კატეგორიის დავებზე განსჯადობის თვალსაზრისით დადგენილია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. განჩინება საქმეზე №ბს-1016(გ-18)), შესაბამისად, მოცემული საქმე განხილულია უფლებამოსილი სასამართლოს მიერ. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ტერიტორიული განსჯადობის დარღვევა ვერ გახდება საგნობრივად უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა და არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ (ძალადაკარგულია 09.06.2013წ. #1037 საქართველოს კანონით), რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნაკის და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით (ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ (2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი)). ნორმაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რომლითაც უნდა დადასტურდეს კანონიერი სარგებლობა, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბინები იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების პირველი და მე-2 მუხლების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, მითითებული დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლი შეიცავს საკუთრებაში ფართის უსასყიდლოდ გადაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, ან დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას); გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები. ამდენად, ნორმატიული აქტით განისაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინები არ ექვემდებარება პრივატიზაციას. აღნიშნული დებულებით საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ბინები.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ყველა ბინა, მათ შორის, სადავო ბინები გამოცხადებულ იქნა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ბინად. შესაბამისად, მითითებული ბრძანებულებით გარკვეული კატეგორიის ფიზიკური პირებისათვის მინიჭებული უფლება, ამავე ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემოდათ დაკავებული ბინები, მთლიანად შეიზღუდა. უდავოა, ასევე, რომ სადავო ბინებს მოხსნილი არ აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსი. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძველი, რომელიც საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე შესაბამისი თანხმობის (ცნობის) გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს (ბინის სამსახურებრივი დანიშნულების სტატუსი), დღეის მდგომარეობითაც არსებობს და იგი გაუქმებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას იმ კუთხით, რომ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში არ უმსჯელია მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინებისათვის სამსახურებრივი სტატუსის მოხსნაზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინების სტატუსის მოხსნა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩლეებს საცხოვრებელი ბინები სარგებლობისათვის გადაეცათ იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზეც დისლოცირებული იყო ის სამხედრო ნაწილი, სადაც მსახურობდნენ, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი. 1991 წლიდან ნ. ბ-ე, 1994 წლიდან რ. ბ-ე, 1996 წლიდან შ. ჯ-ა, გ. დ-ი, ი. ს-ე, მ. მ-ა, მ. ბ-ა, 1998 წლიდან გ. შ-ა შესახლებულ იქნენ სადავო ბინებში. თავდაცვის სამინისტროს სადავო ბინებზე ფაქტობრივად მოხსნილი აქვს სამსახურებრივი სტატუსი, ბინების გამოყენება არ ხდება სამსახურებრივი დანიშნულებით, რაც დასტურდება იმ გარემოებებით, რომ მოსარჩელეები გარკვეული დროის შემდეგ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, განაგრძეს მათთვის გადაცემულ ბინებში ცხოვრება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათთვის ბინების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. მოსარჩელეები დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინებში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მობინადრეებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს ბინები და დღემდე, წლებია ფლობენ მათ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ წლების განმავლობაში სადავო ბინებზე პრეტენზიის განუცხადებლობით, ბინების მობინადრეთა სარგებლობაში დატოვებით, მხოლოდ სამართლებრივად დატოვა ბინებისთვის სამსახურებრივი სტატუსის არსებობა. ფაქტობრივად, სადავო ბინების სამსახურებრივი სტატუსით გამოყენება წლების განმავლობაში არ ხდება. სწორედ აღნიშნული უდავოდ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო ბინებზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინების სტატუსის მოხსნა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან (ამგვარი სტატუსის მოხსნის გარეშე ბინები არ ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას), თავდაცვის სამინისტროს წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში შეფასება სწორედ სადავო ბინებზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელეთა უფლების რეალიზაციის სათანადო ფორმას, ვინაიდან კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ბინები. შესაბამისად, სტატუსის მოხსნის შესაძლებლობაზე მსჯელობის არარსებობის პირობებში, იმთავითვე ნათელი იყო მოსარჩელეთა მოთხოვნის უსაფუძვლობა. ადმინისტრაციულ ორგანოს კი მოთხოვნა უნდა განეხილა მოსარჩელეთა მოთხოვნის შინაარსისა და მათი მიზნის შესაბამისად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე, სადაც სასამართლომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით მოსარჩელეთა მოთხოვნა „ლეგიტიმური მოლოდინის“ არსებობას დაუკავშირა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივ შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“.“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09;).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მომავალი შემოსავალი განიხილება „საკუთრებად“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ (Ambruosi v. Italy), No. 31227/96, 19.10.00, მე-20 პარაგრაფი). უფრო მეტიც, „დიდი ხნის განმავლობაში ეფექტიანად აღუსრულებადი ძველი საკუთრების უფლების გადარჩენის აღიარების იმედი“ არ უტოლდება „საკუთრებას“ (სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko v. Latvia), No. 48321/99, 23.1.02, მე-12 პარაგრაფი).
„ლეგიტიმური მოლოდონის“ ცნებასთან მიმართებით, საინტერესოა საქმე კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kopecký v. Slovakia), No. 44912/98, 7.1.03 (პალატა) და 28.9.04 (დიდი პალატა). მოცემულ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“ 1950-იან წლებში ჩამორთმეულ მონეტებზე მის მოთხოვნასთან მიმართებით, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები რეალურად არ შესრულებულა. ლეგიტიმური მოლოდინის საკითხზე მნიშვნელოვანია, ზემოხსენებულ საქმეში მოცემული განმარტება, რაც ხშირად მეორდება შემდგომ პრეცედენტულ სამართალშიც (Centro Europa 7 S.r.l და დისტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l and Di Stefano v. Italy), No. 38433/09, 07.06.2012, 73-ე პარაგრაფი.): „როდესაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ინტერესი მოთხოვნის ბუნებისაა, პირი, რომელსაც ის გააჩნია, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ, თუ აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველი არსებობს ეროვნულ სამართალში, მაგალითად, სადაც არსებობს ეროვნულ სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა/პრეცედენტული სამართალი, რომელიც აღნიშნულის არსებობას ადასტურებს...“
ლეგიტიმური მოლოდინის შესაფასებლად ხაზგასასმელი დეფინიციაა მოცემული საქმეში რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „მომჩივნების მოლოდინები არ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი უფრო ეყრდნობოდა იმედს, რომ მათ გაუხანგრძლივებდნენ ან განუახლებდნენ სადაზღვევო ხელშეკრულებებს იმ პირობებით, რომლებიც ძველ პირობებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მათთვის არ იქნებოდა. სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბინების მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება არ წარმოადგენდა ევროსასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშ მოქცევად „ლეგიტიმურ მოლოდინს“ საკუთრების უფლების მიღებაზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ამგვარი მოლოდინის წარმოშობას გამორიცხავდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს სამსახურებრივი მიზნითა და დანიშნულებით სარგებლობაში გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები, ხოლო მეორე მხრივ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა „ლეგიტიმურ მოლოდინს“ გამორიცხავს თავად საკანონმდებლო დანაწესი (საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), სადაც ცალსახად არის განსაზღვრული, რომ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებს სადავო ბინები გადაეცათ სამსახურებრივი დანიშნულებით სარგებლობაში, ხოლო კანონი დაუშვებლად მიიჩნევს ასეთი ბინების საკუთრებაში გადაცემას მანამ, სამან ბინებს არ მოეხსნებათ სამსახურებრივი სტატუსი, მოსარჩელეთა მხრიდან სადავო ბინებით სარგებლობის ფაქტს არ შეეძლო გამოეწვია „ლეგიტიმური მოლოდინი“ სადავო ბინებზე საკუთრების უფლების მიღებისა.
რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დასახელებულ საქმეს - „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (სადაც მითითებულია „ლეგიტიმური მოლოდინის“ არსებობაზე), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებული გარემოებებია განსახილველ საქმესა და დასახელებულ საქმეს შორის, სადაც „ლეგიტიმური მოლოდინის“ არსებობა უმეტესწილად პირის დევნილის განსაკუთრებულმა სტატუსმა განაპირობა, ხოლო სასამართლოს შეფასების საგანს არა სამსახურებრივი სტატუსის მქონე ბინის საკუთრებაში გადაცემა, არამედ ბინით სარგებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ას, შ. ჯ-ას, გ. დ-ის, ი. ს-ის, მ. მ-ას, მ. ბ-ას, რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოქალაქეების შ. ჯ-ას, ი. ს-ის, მ. მ-ას, ნ. ბ-ის, გ. დ-ის, რ. ბ-ის, მ. ბ-ას და გ. შ-ას წარმომადგენლის რო. ბ-ის 2017 წლის 18 აპრილის №355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეთა მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების - გ. შ-ას, შ. ჯ-ას, გ. დ-ის, ი. ს-ის, მ. მ-ას, მ. ბ-ას, რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 800 (100+100+100+100+100+100+100+100) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. შ-ას, შ. ჯ-ას, გ. დ-ის, ი. ს-ის, მ. მ-ას, მ. ბ-ას, რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მოქალაქეების შ. ჯ-ას, ი. ს-ის, მ. მ-ას, ნ. ბ-ის, გ. დ-ის, რ. ბ-ის, მ. ბ-ას და გ. შ-ას წარმომადგენლის რო. ბ-ის 2017 წლის 18 აპრილის №355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეთა მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. შ-ას, შ. ჯ-ას, გ. დ-ის, ი. ს-ის, მ. მ-ას, მ. ბ-ას, რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 800 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი