Facebook Twitter

#ბს-493(2კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 ოქტომბერს დ. მ-ამ, თ. ზ-ამ, მ. მ-ამ, დ. ჩ-ემ, ნ. წ-ამ, რ. ნ-ემ, ნ. თ-მა, მ. ბ-ემ, ნ. კ-ამ, ჟ. ბ-მა, ლ. ვ-მა, ი. ლ-ამ, ქ. ც-ემ, თ. ქ-ემ, მ. ჯ-ემ, ლ. ხ-ემ, გ. გ-მა, თ. ე-მა, ა. ხ-მა, თ. წ-მა, მ. კ-ემ, ო. ბ-მა, მ. ც-მა, ე. მ-მა, ლ. ა-მა, გ. ჩ-ემ, ლ. შ-ამ, ლ. ჩ-მა, ლ. გ-მა, ლი. ჩ-მა, ნ. კ-მა, დ. ბ-მა, გ. კ-ემ, მ. ნ-ამ და მ. ხ-მა საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მათ სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების (თითოეულისათვის 3000 ლარის ოდენობით) შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მათთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ას, თ. ზ-ას, მ. მ-ას, დ. ჩ-ის, ნ. წ-ას, რ. ნ-ის, ნ. თ-ის, მ. ბ-ის, ნ. კ-ას, ჟ. ბ-ის, ლ. ვ-ის, ი. ლ-ას, ქ. ც-ის, თ. ქ-ის, მ. ჯ-ის, ლ. ხ-ის, გ. გ-ის, თ. ე-ის, ა. ხ-ის, თ. წ-ის, მ. კ-ის, ო. ბ-ის, მ. ც-ის, ე. მ-ის, ლ. ა-ის, გ. ჩ-ის, ლ. შ-ას, ლ. ჩ-ის, ლ. გ-ის, ლი. ჩ-ის, ნ. კ-ის, დ. ბ-ის, გ. კ-ისა და მ. ნ-ას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-ს უარი ეთქვა სარჩელის (საჩივრის) წარმოებაში მიღებაზე.

2017 წლის 14 ნოემბერს მ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების (3000 ლარის ოდენობით) შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდა რამდენიმე ასეული იქ მომუშავე/მოვაჭრე ადამიანი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა თითოეულ დაზარალებულზე 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება მიიღო დაზარალებულთა ნაწილმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით მოსარჩელეებს მინიჭებული აქვთ დაზარალებულ პირთა სტატუსი, მათ გაურკვეველი მიზეზების გამო მითითებული ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღეს.

მოსარჩელეთა მითითებით, მათ 2017 წლის 15 აგვისტოს უშედეგოდ მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს. მათი ინფორმაციით, დაზარალებულების მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის მიმართვით გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თუმცა მათ მოთხოვნას არ მოჰყოლია რეაგირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით სარჩელის გამოხმობის თაობაზე დ. მ-ას და თ. ზ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; განუხილველი დარჩა დ. მ-ას და თ. ზ-ას სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ას, დ. ჩ-ის, ნ. წ-ას, რ. ნ-ის, ნ. თ-ის, მ. ბ-ის, ნ. კ-ას, ჟ. ბ-ის, ლ. ვ-ის, ი. ლ-ას, ქ. ც-ის, თ. ქ-ის, მ. ჯ-ის, ლ. ხ-ის, გ. გ-ის, თ. ე-ის, ა. ხ-ის, თ. წ-ის, მ. კ-ის, ო. ბ-ის, მ. ც-ის, ე. მ-ის, ლ. ა-ის, გ. ჩ-ის, ლ. შ-ას, ლ. ჩ-ის, ლ. გ-ის, ლი. ჩ-ის, ნ. კ-ის, დ. ბ-ის, გ. კ-ის, მ. ნ-ას, მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელეების მიმართ თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა დაევალათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები წარმოადგენენ იმავე სიტუაციაში მყოფ პირებს, როგორშიც იმყოფებოდა ის 345 პირი, რომელიც დაექვემდებარა დახმარებას, მოსარჩელეებს მათ მსგავსად ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ ქონება, საქართველოს პროკურატურის მიერ ცნობილი არიან დაზარალებულად და აქვთ ანალოგიური ინტერესი აინაზღაურონ მიყენებული ზიანი. დასახელებულ ჯგუფებს ერთგვარად აქვს სურვილი და მოლოდინი მასზედ, რომ ხანძრის შედეგად განადგურებული საკუთრების ობიექტები იქნეს კომპენსირებული გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა განმარტება იმის თაობაზე, რომ დახმარების გაცემა მოხდა მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში არ არის გამოკვეთილი დაზარალებულ პირთა შორის რაიმე კონკრეტული კატეგორია, მათ შორის დაზარალებულები, რომლებსაც საქონელი სრულად გაუნადგურდათ. თვითმმართველმა ერთეულმა მიიღო გადაწყვეტილება, ერთჯერადი დახმარება გაეცა ზოგადად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე, რომელსაც ასევე მიეკუთვნებიან მოსარჩელეები.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მუნიციპალიტეტის კეთილი ნების საფუძველზე, მხარეთა შორის არ არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, თუმცა, პირთა შორის თანასწორობის პრინციპი, პრინციპი არსებითად თანასწორთა შორის უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობის თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მოსარჩელეებზე, როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე გაავრცელოს იგივე რეჟიმი, რაც გამოყენებული და გავრცელებულ იქნა დახმარებას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელეები არიან თუ არა სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, აქ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად აკისრია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ვალდებულება აუნაზღაუროს მათ ხანძრით მიყენებული ზიანი.

მერიის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებამოსილებათა შორის არ არის ნახსენები, რომ მის ვალდებულებას წარმოადგენს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. კასატორი იმაზეც მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მუნიციპალიტეტის კეთილი ნების საფუძველზე და არა შერჩევით.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, საკრებულოს სხდომის ოქმში არის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ერთჯერადი დახმარება განხორციელდა იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები და 3000 ლარიანი დახმარება გაიცა მალევე. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კონკრეტული მოსარჩელეებისთვის გაგზავნილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის წერილები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილისა და 18 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. 4.1 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპი მოითხოვს არა ადამიანთა შორის ფაქტობრივი უთანასწორობის მოსპობას, არამედ კრძალავს მათი უსაფუძვლო დიფერენცირების შესაძლებლობას. დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები - არსებითად არათანასწორები კონკრეტულ ურთიერთობაში. საკონსტიტუციო სასამართლო თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპით დაცულ სიკეთედ მიიჩნევს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობას პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, არამედ პირის უფლებას, ჰქონდეს თანაბარ პირობებში და გარემოებებში მყოფი ადამიანის ეკვივალენტური პრივილეგიები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული თუნდაც მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის #1-853 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნა და 2017 წლის 30 იანვარს „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისათვის (345 დაზარალებული პირი), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო 1 035 000 ლარი, თითოეულის მიმართ 3 000 ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოსარჩელეები არ ფიქსირდებიან დახმარებას დაქვემდებარებულ პირთა სიაში და მათზე დახმარება არ გაცემულა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ერთჯერადი დახმარების გაცემაზე. ამასთანავე, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ #.... სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელეები ცნობილი არიან დაზარალებულებად.

საქმეზე დადგენილი დასახელებული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ აკისრებს თვითმმართველ ერთეულს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება და აღნიშნული სახის ქმედება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის „კეთილ ნებას“, თუმცა, მისი მხრიდან პირთა ერთი ჯგუფის მიმართ გამოყენებული „კეთილი ნება“, არ ათავისუფლებს მას იმ ვალდებულებისაგან, გამოვლენილი ნება გაავრცელოს სხვა პირებზეც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რამეთუ, დაუშვებელია, სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსი მიეკუთვნოს კონკრეტულ ჯგუფს დისკრიმინაციულად, ამისათვის სათანადო გამართლების გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი