Facebook Twitter

ბს-331(კ-19) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-მა 20.03.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 20.02.2018წ. №777 ბრძანების ბათილად ცნობის და მ. ხ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.2018წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბ. ჯ-ე და ს. ჯ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 20.02.2018წ. №777 ბრძანება, სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლემ), აგრეთვე მ. ხ-მა, ბ. ჯ-ემ და ს. ჯ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით მ. ხ-ს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან იგი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, ოჯახის წევრებთან ერთად სამინისტროს მიერ განსახლებული იქნა ქ. ხაშურში, …ის №38 შენობაში არსებულ №19 ბინაში, შემდგომში ამ ბინების საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მითითებული ფართები დაკანონების პროცედურები. აღნიშნული ბინა დაუკანონდებათ მისი მიღების მსურველ ოჯახის წევრებს, ხოლო დანარჩენი ოჯახის წევრები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან საერთო წესით. ამდენად, ქ. ხაშურში, …ის №38 შენობაში არსებულ №19 ბინაში მ. ხ-ის და მისი მშობლების განთავსების გამო მ. ხ-ს უარი ეთქვა ქ. გორში ბინის საკუთრებაში გადაცემაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით უარყოფილი იქნა მ. ხ-ის მოთხოვნა ქ. გორში ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას ერთხელ უკვე მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული დასკვნა არ იყო საფუძვლიანი და დასაბუთებული, არ დგინდებოდა გასაჩივრებული აქტის გამოცემა საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამინისტროს პოზიციის მართებულობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. ხ-ს მშობლებთან ერთად დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ხაშურში, …ის №38 შენობაში არსებული №19 ბინა, რომელიც არც ერთი ოჯახის წევრის საკუთრებაში არ გადასულა. არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის მითითება მ. ხ-ის მიერ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით განსაზღვრულია დევნილთა გრძლვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, რაც გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას ან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას (მე-2 მუხ. „ბ“ ქვეპ.). ხოლო ამავე ბრძანებით განსაზღვრული დევნილის დროებითი განსახლება გულისხმობს დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფას (მე-2 მუხ. „კ“ ქვეპ.). დევნილის დროებითი განსახლება სახელმწიფოს არ ათავისუფლებს საცხოვრებელის საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვის ვალდებულებისგან. დევნილის სტატუსიდან გამომდინარე პირთა დროებითი განსახლება და საცხოვრებელის საკუთრებაში გადაცემა არ წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ ქმედებებს. უსაფუძვლოა საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე პირი დროებით განსახლებულია სამინისტროს მიერ.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებები მ. ხ-ისათვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. არ დგინდება ბინის საკუთრებაში გადაცემის შეუძლებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევა.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მ. ხ-ის ოჯახის წევრების მიერ მათთვის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული ბინის (მდებარე ქ. ხაშურში, …ის №38 შენობაში არსებული №19 ბინის), საკუთრებაში გადაცემის შესახებ განაცხადის წარდგენის თაობაზე. სამინისტრო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ პირთა განცხადებაზე, რომლებიც წარადგენენ განაცხადს კონკრეტულ ფართზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ხაშურში, …ის №38 შენობაში არსებულ №19 ბინის საკუთრებაში გადაცემაზე სამინისტროში განაცხადი შეტანილი აქვთ მ. ხ-ის მშობლებს. ხოლო მ. ხ-ის მოთხოვნას ქ. გორში საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა შეადგენდა. ამდენად, სამინისტრო ვალდებული იყო არსებითად ემსჯელა მ. ხ-ის განცხადებაზე, ჩაეტარებინა საკითხის გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წარმოება, გადაწყვეტილება მიეღო საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე უნდა აკმაყოფილებდეს დასაბუთებულობის პირობას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა ვერ შეცვლის გასაჩივრებული აქტის დასაბუთებას, საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებები აქტს ვერ აქცევს კანონიერად, ამათანავე, საკასაციო საჩივრის არგუმენტები საკასაციო პალატის მიერ მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2018წ.განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი