Facebook Twitter

ბს-1314 (კ-18) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ას და მ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2018წ.განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ას და მ. გ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა ა. ბ-მა 03.05.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 29.03.2017წ. N01-02/08/7402 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ლ. და მ. გ-ების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ას და მ. გ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა ა. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ას და მ. გ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა ა. ბ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” კანონის მოთხოვნა, რომლითაც განსაზღვრულია სამინისტროს ვალდებულება მიიღოს ზომები დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სოციალურ ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული კანონის მოთხოვნები დაირღვა არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ. კასატორები მიუთითებენ არადამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებსა და მატერიალური სახსრების უქონლობაზე, რაც უგულებელყოფილი იქნა ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ საკითხზე მსჯელობისას გარდა ეროვნული კანონმდებლობისა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს „ბავშვთა უფლებათა კონვენციით“ ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით დადგენილი მოთხოვნები. გასაჩივრებული აქტით ილახება ბავშვების უფლებები ნებისმიერი ასპექტით. 2012 წელს რიგითობის გათვალისწინებით ბავშვებს გამოეყოთ საცხოვრებელი ფართი, რომლის თაობაზე კანონდარღვევით შედგენილი ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებით ბავშვებს დაუბრუნდათ საცხოვრებელი მიღების მოთხოვნის უფლება სახელმწიფოსგან, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. არასწორია სამინისტროს მიერ ოჯახისთვის 5 ქულის განესაზღვრა, რადგან არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ოჯახს 6.5 ქულა უნდა მინიჭებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ას და მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე სარჩელის აღძვრამდე ლ. გ-ას და მ. გ-ას კანონიერი წარმომადგენელის ა. ბ-ის სარჩელის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 10.08.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ. გ-ას და მ. გ-ას ნაწილში. არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის სარჩელი ლ. გ-ას და მ. გ-ასთვის საცხოვრებელის გამოყოფის შესახებ მოთხოვნის ნაწილში იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას აღნიშნული საკითხის 2012 წელს დადგენილი ოჯახების რიგითობის შესაბამისად გადაწყვეტის ვალდებულების შესახებ. ამავდროულად, არ დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შემოწმების გარეშე საკითხის გადაწყვეტის საჭიროება (6.10 მუხ.), ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კრიტერიუმების შემოწმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონით განსაზღვრულ რომელიმე პირობას.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაემოწმებინა ოჯახის მდგომარეობა, შეეფასებინა ოჯახი შესაბამისი ქულით და აღნიშნულის შესაბამისად გადაეწყვიტა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. სამინისტროს მიერ მიჩნეული იქნა, რომ ოჯახისათვის განსაზღვრული ქულა (5) იმ მომენტისათვის არ აკმაყოფილებდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების კრიტერიუმს, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ ადგენდა უფრო მაღალი ქულის მქონე ოჯახის უპირატესობას საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას (6.1 მუხ.). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ აღნიშნული ქმედებების და გასაჩივრებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ დასტურდება.

საკასაციო პალატა აგრეთვე მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ოჯახისთვის მინიჭებული ქულის ძალაში ყოფნის პირობებში სარჩელის დაკმაყოფილების შეუძლებლობის თაობაზე. საკასაციო საჩივრის მითითება ქულის არასწორად განსაზღვრის შესახებ, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გამხდარა ადმინისტრაციულ ორგანოში და ოჯახისთვის მინიჭებული ქულა ძალაშია.

სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად არ დასტურდება მოსარჩელეთა უფლებების უგულებელყოფა. გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან დგინდება, რომ საკითხი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი მისი განხილვის მომენტისათვის, რაც არ გულისხმობს საკითხის დადებითად გადაწყვეტის შეუძლებლობას სამომავლოდაც. მოსარჩელეებს არ ერთმევათ უფლება კვლავ მოითხოვონ ოჯახის მდგომარეობის შეფასება, მიიღონ შესაბამისი ქულა და კანონმდებლობით დადგენილი ყველა კრიტერიუმის დაცვის შემთხვევაში მოითხოვონ საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხ.), რაც არ უგულებელყოფს სახელმწიფოს უფლებამოსილებას აღნიშნული ვალდებულების შესრულებისას, საკუთარი მიხედულების ფარგლებში განსაზღვროს საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის საჭირო გონივრული კრიტერიუმები. დევნილთა ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით მიღებულია არაერთი ნორმატიული აქტი, შემუშავებულია აგრეთვე სამოქმედო გეგმები წლების მიხედვით, რომლებითაც სხვა საკითხებთან ერთად დადგენილია საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის წესი წინასწარ მკაფიოდ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კასატორები სადავოდ არ ხდიან აღნიშნული კრიტერიუმების განჭვრეტადობას. ამდენად, კასატორების მოსაზრებები მათი უფლებების უგულებელყოფის შესახებ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ას და მ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2018წ.განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი