Facebook Twitter

ბს-1454 (კ-18) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ.განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-მა 08.12.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 02.11.2017წ. №2052 ბრძანების ბათილად ცნობის და რ. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 02.11.2017წ. №2052 ბრძანება, სამინისტროს დაევალა რ. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით რ. მ-ს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მის მიერ სამინისტროსთვის საცხოვრებელთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო. საცხოვრებელთან დაკავშირებით ინფორმაციის მცდარობა დადგინდა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმებით, რომელიც განხორციელდა რ. მ-ის შვილის ოჯახში. აღნიშნული ვიზიტის დროს რ. მ-ის რძალმა განმარტა, რომ რ. მ-ი ცხოვრობს მათთან. ხოლო შვილმა განმარტა, რომ რ. მ-ი პერიოდულად მიდის მათთან ჰიგიენური საჭიროებების გამო, ვინაიდან …ში, სადაც ის სცხოვრობს არ არის წყალი. აღნიშნული ვიზიტის დროს რ. მ-ი არ იმყოფებოდა შვილის საცხოვრებელ ბინაში, რის მიზეზადაც დასახელდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოპერაციის ჩატარების მიზნით. ამდენად, სამინისტროს მიერ მიჩნეული იქნა, რომ რ. მ-მა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს …ოს დასახლებაში, …ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირდაპირ გზის ბოლოს მდებარე …ში ცხოვრების თაობაზე, რაც მიჩნეული იქნა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად.

კასატორი არ უარყოფს რ. მ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულებას და ამავდროულად მიუთითებს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხრიდან სამინისტროსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევებსა და ქულის ხელოვნურად გაზრდის ხერხებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ამგვარი მცდელობების გამოვლენის გზით სამინისტრო იცავს კანონმდებლობის მოთხოვნას ბინა გადასცეს რეალური საჭიროების მქონე პირებს და არა ხელოვნურად გაზრდილი ქულების მქონე დევნილებს.

საკასაციო სასამართლოს 10.01.2019წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით დადგენილად იქნა მიჩნეული იქნა რ. მ-ის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდება სამინისტროსთვის …ოს დასახლებაში, …ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირდაპირ გზის ბოლოს მდებარე …ში ცხოვრების თაობაზე. აღნიშნულის გამო მას უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიჩნეული იქნა, რომ მითითებული დასკვნა არ იყო საფუძვლიანი და დასაბუთებული, გასაჩივრებული აქტი არ იყო მიღებული საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამინისტროს პოზიციის მართებულობა. დგინდება, რომ შემოწმების განხორციელებისას რ. მ-ი არ იმყოფებოდა შვილის საცხოვრებელ ბინაში, მისი განმარტების სისწორე ოპერაციის ჩატარების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის თაობაზე დასტურდება საქმეში დაცული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით (ტ.1.ს.ფ. 54). შესაბამისად შემოწმების ჩატარების მომენტში რ. მ-ი ფიზიკურად ვერც მის მიერ საკუთარ საცხოვრებლად მითითებულ ადგილას - …ოს დასახლებაში, …ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირდაპირ გზის ბოლოს მდებარე …ში იქნებოდა. სამინისტროს დასკვნა საცხოვრებლის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ემყარება ერთადერთ გარემოებას - რ. მ-ის რძლის განმარტებას, რომლის თანახმად რ. მ-ი ცხოვრობს მათთან. აღნიშნული განმარტება დადასტურებულია ამავე პირის - რ. მ-ის რძლის, ქ. რ-ის - ხელმოწერით დათვალიერების ოქმზე (ტ.1.ს.ფ.116). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე ოქმის წინააღმდეგობრივ შინაარსზე, ინფორმაციის მიმწოდებელი პირების მხრიდან განსხვავებულ განმარტებებზე რ. მ-ის საცხოვრებელთან დაკავშირებით. კერძოდ, ქ. რ-ისგან განსხვავებით რ. მ-ის შვილმა გ. მ-მა ამავე ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ რ. მ-ი მათთან არ ცხოვრობს, ის საჭიროების შესაბამისად მიდის შვილის ოჯახში, ვინაიდან მის საცხოვრებელ …ში არ არის წყალი. ამდენად, დათვალიერების ოქმში ასახული განმარტებების ურიერთსაწინააღმდეგო შინაარსის გათვალისწინებით სამინისტრო ვალდებული იყო საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის მიზნით მიეღო შესაბამისი ზომები, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება სამინისტროს წარმომადგენლების 09.06.2016წ. ვიზიტი …ოს დასახლებაში, …ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირდაპირ გზის ბოლოს მდებარე …ში, სადაც მათ დახვდათ რ. მ-ი (ტ.1.ს.ფ.115).

რ. მ-ის პოზიციის მართებულობას და მის მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს ადასტურებს აგრეთვე სასამართლოს მიერ რ. მ-ისათვის გაგზავნილი კორესპონდენციების მის მიერ პირადად ჩაბარება …ოს დასახლებაში, …ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირდაპირ გზის ბოლოს მდებარე …ში. აღნიშნული გზავნილები სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაგზავნილი იქნა სხვადასხვა დროს, კერძოდ, 15.12.2017წ. (ტ.1.ს.ფ.34); 11.01.2018წ. (ტ.1.ს.ფ.151); 13.02.2018წ. (ტ.1.ს.ფ.185); 18.04.2018წ. (ტ.2.ს.ფ.11); 22.10.2018წ. (ტ.2.ს.ფ.63); 25.01.2019წ. (ტ.2.ს.ფ. 118) და ყოველ ჯერზე ამავე მისამართზე პირადად ჩაბარდა რ. მ-ს.

ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით თვლის, რომ გასაჩივრებული აქტის საფუძვლად მითითებული დათვალიერების ოქმიდან მხოლოდ დევნილის ინტერესების საწინააღმდეგო განმარტების გაზიარება და საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე დევნილი პირის მოთხოვნის უარყოფა არ შეესაბამება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პრინციპს (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხ.). საქმის მასალებით არ დასტურდება რ. მ-ის მხრიდან სამინისტროსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს რ. მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას და გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის მართებულობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ.განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი