Facebook Twitter

ბს-660-660 (კ-18) 11 ნოემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა 27.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.06.2015წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 30.06.2008წ. N…, 14.06.2011წ. N… გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2015წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „უ…“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.06.2015წ. N… გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2018წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა სხდომის მოპასუხეების თანდასწრებით ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რამეთუ შესაძლებელი იყო მოპასუხეებთან მორიგების გაფორმება. მოსამართლემ უხეშად დაარღვია სსკ-ის 373.2 მუხლის მოთხოვნა საქმის სწრაფად და სწორად განხილვის თაობაზე. მოსამართლემ მოსამზადებელი სხდომის ჩაუნიშნავად საქმე განიხილა მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან ხუთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ სასკ-ის 17.1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განიხილა საქმე მხარეთა დასწრების გარეშე. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს თუ რატომ არ დაავალეს საჯარო რეესტრს ცვლილების შეტანა …ის ქ. N19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობაში. სასამართლოში წარდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი საფუძველი იყო რეგისტრაციაში ცვლილების განსახორციელებლად და მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა მათი გაქარწყლება. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, გაურკვეველია თუ რატომ არ შეცვალა მოპასუხემ მიწის ნაკვეთის ფართობი 902 მ2 684 მ2-ით, როგორც ამას ბმა „უ…-ის“ თავმჯდომარე ითხოვდა. მოსამართლემ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ როდესაც არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, საქმე განიხილა პროცესუალური ნორმების დარღვევით და სრულად გაიმეორა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ სასამართლო უწყება მხარეებს გაეგზავნათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ჩაბარდათ საქმეში მითითებულ მისამართებზე. შესაბამისად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის მიუხედავად. უსაფუძვლოა კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსამზადებელი სხდომის გამართვის ვალდებულებაზე, რამეთუ სსკ-ის 373.2 მუხლი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესაძლებლობაზე. საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან ხუთი თვის შემდეგ ჩანიშნა სხდომა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 59.3 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას ხუთ თვემდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლება. ამასთანავე, ვადის დარღვევა არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.06.2015წ. N… გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ. მ-ს 17.06.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის საფუძველზე. სააგენტომ ფაქტიურად არ იქონია არსებითი მსჯელობა საჩივარში დასმულ საკითხებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ კრძალავს სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას, დაშვებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (სუსგ 24.05.2018წ. Nბს743-735(კ-16)). ამდენად, მ მ-ის 17.06.2015წ. ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლევის ვალდებულება ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი