Facebook Twitter

ბს-753-753(გ-18) 21 ნოემბერი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე ა. თ-ას სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. თ-ამ 07.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 06.12.2017წ. N11/63821 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.04.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასსა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის 19.07.2004წ. დადებული სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა მცხეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 5,35 ჰა სახნავი და 19,9 ჰა საძოვარი მიწის ნაკვეთი, აღნიშნული ხელშეკრულებით საიჯარო ქირად განისაზღვრა წელიწადში 340 (სამას ორმოცი) ლარი. ამავე უძრავ ქონებაზე გაცემულია „მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი“ #100, რის საფუძველზეც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა 5.35 ჰა მიწის ნაკვეთი. 20.02.2018წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს ჩააბარა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 06.12.2017წ. N11/63821 წერილი, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა მოთხოვნა 19.9 ჰა საძოვარზე (საკადასტრო კოდები: ..., ..., ...) საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილების საფუძველია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (28.12.2005-08.12.2006წ. მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად „თუ საიჯარო მიწის ფართობი შედგებოდა რამდენიმე ერთმანეთისაგან სივრცობრივად/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთებისაგან, მოიჯარეს უფლება ჰქონდა გამოესყიდა სასურველი მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში, დარჩენილ საიჯარო ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) უქმდებოდა საიჯარო ხელშეკრულება“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 06.12.2017წ. N11/63821 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.04.2017წ. გადაწყვეტილება უკანონოა, არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.3, 9.4 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. მხარემ მოითხოვა აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის დასრულებამდე მოპასუხისათვის სადავო მიწის ნაკვეთების განკარგვის, გასხვისების, პრივატიზების, იჯარით გაცემისა და სხვა ფორმით უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.05.2018წ. განჩინებით ა. თ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2, სსკ-ის მე-18 და სასკ-ის 26 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. განსაკუთრებული განსჯადობის წესის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე სადავოდ ხდის მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიღებული აქტების კანონიერების საკითხს, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში ასეთ სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლო. გარდა აღნიშნულისა, დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია საჭირო გახდეს ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულება, როგორიცაა - ადგილზე დათვალიერება. რაც შეეხება სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილმა სასამართლომ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.2018წ. განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ა. თ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2018წ. განჩინებით ა. თ-ას სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს, რაც ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისათვის. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის მე-18 მუხლით განსაზღვრული ნივთობრივი განსჯადობის ნორმა იმდაგვარადაა ფორმულირებული, რომ მხარეს მინიჭებული აქვს სასამართლოს არჩევის უფლება, შეიტანოს სარჩელი მოპასუხის ან უძრავი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ სარჩელში დასახელებული ორივე მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული ადგილსამყოფელი არის ქ. თბილისი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა დაადგინოს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა განისაზღვროს განსჯადობის საკითხი. ამდენად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელის შესაბამისად განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.

ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი), განსახილველ შემთხვევაში ძირითადი სადავო აქტი გამოცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის მიერ, რომლის ადგილსამყოფელი განსაზღვრულია ქ. მცხეთაში. ამასთანავე, ნივთობრივი განსჯადობის წესების, კერძოდ, სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ინტერესი, მის მიერ დავის ფარგლებში მისაღწევი მიზანი და შესაბამისად, განსჯადობის საკითხი სწორედ ზემოხსენებულ პირობათა გამოკვლევის შემდგომ უნდა გადაწყდეს. სარჩელის მიზნის, სარჩელის წარმოებაში მიმღები სასამართლოს გათვალისწინებით, საკითხი სსკ-ის 18.1 მუხლით გათვალისწინებული წესით უნდა გადაწყდეს, რომლის თანახმად განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, რაც თანხვედრაშია ძირითადი სადავო აქტის გამომცემი ორგანოს ადგილსამყოფელთან. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი, რომლის თაობაზე მიღებულია სადავო აქტები (კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 06.12.2017წ. N11/63821 წერილი და საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.04.2018წ. ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფ. ...ში, აგრეთვე ქ. მცხეთაში მდებარეობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების დებულების“ თანახმად ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სამინისტროსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში (1.4 მუხ.; მე-2 მუხ.), ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს (1.3 მუხ.) მცხეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოქმედებს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრი, რომლის მიერ იქნა გამოცემული გასაჩივრებული აქტი (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 06.12.2017წ. N11/63821 მიმართვა), ხსენებული აქტით, მცხეთის რაიონში მდებარე 19.9 ჰა საძოვარზე საიჯარო ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაუქმებულად ჩაითვალა. რაც შეეხება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის 05.04.18წ. ბრძანებას, აღნიშნული ბრძანებით საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

დავის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სასარჩელო განცხადება ორჯერ (21.03.18წ., 24.04.18წ.) მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჰქონდა შეტანილი. ორივეჯერ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, მოსარჩელეს განემარტა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადმი მიმართვა. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 07.06.18წ. განჩინებაში მითითება იმაზე, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, არის უსაფუძვლო. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის წესის მართებულობას არ ადასტურებს აგრეთვე განჩინებაში მითითებული ალტერნატიული განსჯადობის წესები (სსკ-ის მე-18, მე-29 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მცხეთის რაიონული სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას არ გამორიცხავს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებაში მითითება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისამართზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.07.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული გადაწყვეტილების 30-ე მუხლით მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, ვინაიდან როგორც უძრავი ნივთი, ისე ძირითადი სადავო აქტის მიმღები ორგანოს ადგილსამყოფელია მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯად ტერიტორიაზე, შესაბამისად საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, სსსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. თ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი