ბს-830 (კ-18) 11 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-ემ 28.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.05.2016წ. N1203583 ბრძანების ბათილად ცნობის, მ. გ-ის შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ... რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მ. გ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს, თვეში 960 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2017წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.05.2016წ. N1203583 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. გ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2017წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2018წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება , მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. გ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მ. გ-ის ქმედება ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა მაქსიმალური სიმკაცრით. მ. გ-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების ბენზინის საწვავის ე.წ. ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის გამო, მან ბენზინის საწვავის სანაცვლოდ ბენზინგასამართი სადგურიდან მიღებული თანხით შეიძინა ბუნებრივი აირი. ამ პერიოდში მ. გ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობა სრულდებოდა. მ. გ-ის ქმედება უხეშ დარღვევად იქნა მიჩნეული, თუმცა სასამართლოს არ განუმარტავს რა სახის ზიანი მიადგა ამით ადმინისტრაციულ ორგანოს. სზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეულ იქნა ყველაზე მკაცრი ღონისძიება მ. გ-ის სამსახურიდან დათხოვნის სახით. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა, რომ მ. გ-ის ქმედებით მიადგა 141.30 ლარის ზიანი, თუმცა არ გაითვალისწინა მ. გ-ის მიერ შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობის მნიშვნელობა სადავო პერიოდში. სზაკ-ის 53.4 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ ბს-809-805 (3კ-17) 17.01.2019წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებებით დადასტურებულია მ. გ-ის მიერ საწვავის გაყიდვის ფაქტი, რასაც კასატორი არ უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი შსს გენერალური ინსპექციის 06.05.2016წ. N1109404 დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წლის 22, 27 და 30 იანვარს დროის სხვადასხვა მონაკვეთში სამინისტროს მიერ გამოყოფილი საწვავის ბარათიდან განაღდებულია საწვავის ლიმიტები, მაშინ როდესაც ამ პერიოდში საწვავის ჩასხმა არ მომხდარა მ. გ-ის ავტომანქანაში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. გ-ის მიერ განხორციელდა საწვავის უკანონო გასხვისება, კასატორის მითითება, რომ აღებული ფულით ავტომანქანისათვის შეიძინა ბუნებრივი აირი, უსაფუძვლოა და ვერ შეცვლის განხორციელებული ქმედების უკანონო ხასიათს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციელის ქცევის სტანდარტები დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N999 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციაში", რომლის თანახმადაც პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. გ-ის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა, რაც ქმნის სახდელის დაკისრების საფუძველს, თუმცა დაკისრებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი გადაცდომის პროპორციული.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 59.3 მუხლი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს (შენიშვნა, საყვედური და სხვ.), რომელთა შორის ყველაზე მძიმე სახდელია სამსახურიდან გათავისუფლება. ნორმატიულად სახდელის სხვადასხვა სახის განსაზღვრა მიზნად ისახავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცდომის შინაარსის, ინტენსივობის, ხასიათისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სათანადო და თანაზომიერი სახდელის შერჩევის საჭიროებას. ამასთანავე, სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, არამედ აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება („წესდების“ 4.10 მუხ.). ჩადენილი გადაცდომის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი-სამუშაოდან დათხოვნა მართებულია, რამეთუ მ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინიტროს მოსამსახურეთათვის დადგენილ ქცევის წესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შს ორგანოებში სამსახურის გავლის სპეციფიკა და მუშაობის გასამხედროებული რეჟიმი, შს ორგანოს თანამშრომლებს მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. შს თანამშრომელთა მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს აწესებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. გ-ის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი