ბს-1270 (კ-18) 11 ნოემბერი , 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 02.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.08.2015წ. N...-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.09.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ტექნიკური ხარვეზის შესწორების დავალება და გ. გ-ის საკუთრების გრაფაში ½ ნაწილის მითითება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2016წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად ჩაბმულ იქნა ი. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2017წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.08.2015წ. N...-03 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.09.2015წ. N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ის მიმართ, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის დროს გ. გ-ის სახელზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა 600 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობიდან ½ ნაწილი, ხოლო 724 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთიდან დარეგისტრირდა „შესაბამისი წილი“, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა ტექ. ბიუროში აღრიცხული პირების (ვ. ბ-ი და გ. გ-ი) წილობრივი საკუთრების უფლება. ამასთან, მხარეს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარმოუდგენია არც თანამესაკუთრეთა შეთანხმება, არც სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა გ. გ-ის კუთვნილი წილის იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ 14.11.2009წ. ცნობა-დახასიათების მიხედვით, 724 მ2 მიწის ნაკვეთი, როგორც 1994 წლამდე აღრიცხული, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ფიქსირდებოდა ვ. ბ-ისა და გ. გ-ის თანასაკუთრების ობიექტად კონკრეტული წილობრივი კუთვნილების აღმნიშვნელი ინფორმაციის მითითების გარეშე.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ უმსჯელია არსებობდა თუ არა ტექნიკური ხარვეზის შესწორების საფუძვლები. სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად 724 მ2 მიწის ნაკვეთზე ირიცხება გ. გ-ისა და ვ. ბ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტების გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს გ. გ-ის წილობრივი საკუთრების უფლება 724 მ2 მიწის ნაკვეთზე. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. საკასაციო პალატა თვლის, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 724 მ2 მიწის ნაკვეთზე ირიცხებოდა მხოლოდ გ. გ-ისა და ვ. ბ-ის საკუთრების უფლება, შესაძლებელი იყო თანასაკუთრების ფარგლების დადგენა. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს გ. გ-ის წილობრივი მონაცემები 724 მ2 მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.11.2018წ. N32019 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი