საქმე №ბს-1471(2კ-18) 12 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კასატორები - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ამ“ 2016 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...ას“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 3504 ლარი, საანგარიშო თვის ჭრილში სალაროში ნაღდი ფულის მინიმალური ნაშთის სარგებლად ჩათვლის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და შპს ,,...ას“ შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული 3504 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (საჩივარზე N10292/2/15) გასაჩივრებულ ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დაევალა შპს ,,...ას“ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება შპს ,,...ასთვის“ სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიურ ნაშთად მიჩნევის გამო საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სწორედ შინაარსობრივ მხარეს და არა მხარეთა მიერ გამოყენებულ ფორმას. თუკი მხარეებმა დადეს კონკრეტული სახის შეთანხმება, მაგრამ შეთანხმებით გამოხატული ნება არ შეესაბამება იმ შეთანხმების ფორმას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 ნოემბრის N46587 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,...ას“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების მიერ გაკეთდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პერიოდების მიხედვით ორგანიზაციას უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი, ამასთან დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სალაროში ნაშთის არსებობის პარალელურად სესხის აღების ფაქტი. საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...ას“ მიერ განხორციელებული ოპერაცია, კერძოდ კი, სალაროში არსებული ფულადი ნაშთი არ იყო შესატყვისი მის ფორმასთან, კერძოდ, იგი რეალურად არ წარმოადგენდა სალაროში არსებულ ნაშთს, არამედ თანხის ნაწილი (გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი) განეკუთვნებოდა შესაბამისი პერიოდის უპროცენტო სესხს, ხოლო სესხიდან გამომდინარე სარგებელი - ხელფასის სახით განაცემს. საგადასახადო ორგანოს განმარტებით, ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლა, სხვა სამართლებრივი ფორმის მინიჭება განაპირობა სალაროში არსებული ფულადი ნაშთის პირობებში, კომპანიის მიერ სესხის აღებამ, რის გამოც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელდა დარიცხვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების (კონკრეტული პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, მეწარმის მიერ განხორციელებულ სამეურნეო ოპერციას შეუცვალოს ფორმა და მიუსადაგოს იგი შესაბამის შინაარსს) გამოყენების საჭიროება უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო დასაბუთება, თავის მხრივ, უნდა იყოს დამყარებული კანონმდებლობის მოთხოვნებზე, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციულმა ორგანომ, იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელს ანიჭებდა უფლებამოსილებას ჰქონოდა სალაროში ფულადი ნაშთი (ოდენობის შეუზღუდავად) და აღნიშნული არ წარმოადგენდა კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევას. კანონმდებლობით, გადასახადის გადამხდელს, ასევე, არ ეკრძალებოდა სესხის აღება იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნდა ფულადი ნაშთი სალაროში. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაციებით არ იქნა დარღვეული კანონით დადგენილი მოთხოვნები, რაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსათვის შპს „...ას“ საჩივართან დაკავშირებით სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიურ ნაშთად მიჩნევის გამო საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გაუქმების თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველია.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე