№ბს-460(2კ-19) 26 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. ლ-ასა და პ. მ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 16 სექტემბერს ი. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №06.33.126 დადგენილების შესრულების და ამ აქტით მინიჭებული საკუთრების უფლების საფუძველზე, პ. მ-ას ოჯახისათვის გადასაცემად, საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩების კუთხეში, შპს „...ის“ მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულის მარცხენა მხარეს, 129.80 კვ.მ დაზუსტებული ფართის ბინის გადაცემის დავალება (ს/კ ...) და საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ადმინისტრაციული დაპირების შესრულების და ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №06.33.126 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მასზე გადაცემული ბინის საკუთრების უფლებით მოსარჩელეთა ოჯახისათვის გადაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრისა და 2016 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს მთავარი პროკურატურა და სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე - პ. მ-ა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა მოსარჩელეთა და მოპასუხეთა წრე და მოსარჩელეებად მიეთითა - ი. ლ-ა და პ. მ-ა, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მიეთითა მოპასუხედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ას და პ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000), 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1), 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი. ლ-ას 2014 წლის 26 სექტემბრის №12/142691105-1 განცხადებასთან, 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ლ-ამ და პ. მ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. ღ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. ლ-ას და პ. მ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ სწორედ დასახელებული დადგენილებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობიდან გამომდინარე უფლების დარღვევის გამო მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2014 წლის 26 სექტემბრის განცხადებით, 2014 წლის 26 დეკემბრის და 2015 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრებით. პალატის მითითებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილს გამოცემული №06.33.126 დადგენილების აღსრულება დადასტურებული არ არის და აღნიშნულს მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, დადგენილებიდან გამომდინარე დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით წარდგენილ განცხადებასა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სადავო პასუხები უნდა ჩაითვალოს მოსარჩელეთათვის სავარაუდო ზიანის გამომწვევ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს 11.12.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სწორად ეთქვა უარი 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000), 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) და 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) წერილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ, მითითებულ ნორმებზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-60 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების შესაბამის ნორმებზე მითითებით, სწორად დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივ უზრუნველყოფას და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ამასთან, სამსახურის კომპეტენციაში შედის თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამსახურში შესული კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო ემსჯელა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებულ განცხადებაზე და ადმინისტრაციულ საჩივრებზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ი. ლ-ას ერთი მხრივ განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000) წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოთხოვნა მითითებული წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, მეორე მხრივ, ამავე აქტით განმცხადებელს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი არ არის, რატომ არ მოხდა ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №06.33.126 დადგენილებაში მითითებული ბინის გადაცემა პ. მ-ას ოჯახისათვის. ასევე არ არის ცნობილი, რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით ვინმეს სახელზე. დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებულ დასაბუთებას ასევე არ შეიცავს სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც. 2015 წლის 22 მაისს წარდგენილი საჩივრით, საჩივრის ავტორი ითხოვდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000) წერილის ბათილად ცნობას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) წერილის არარად აღიარებას, ამასთან, მიუთითებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას პროკურატურიდან შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვაზე და წარმოების პროცესში პროკურატურის ჩართვის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული ყოფილიყო არსებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეფასების საფუძველზე. მითითებულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემულ სადავო 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიუთითა, რომ საკითხის განხილვა ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რადგან სადავოდ გამხდარი წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში მითითებული მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000), 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) და 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) წერილები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ხელახლა განიხილოს სადავო საკითხი, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, გასაჩივრებული წერილები ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ისინი არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, ვინაიდან არ წარმოადგენენ რაიმე სახის უფლების ან ვალდებულების წარმოშობის, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურების საფუძველს. წერილები არ შეიძლება რაიმე სახის ზიანს აყენებდეს მოსარჩელეს. ამასთან, კასატორის მითითებით, თბილისის მთავრობის დადგენილების აღსრულების შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პროკურატურის თანამშრომლისთვის დადგენილებაში მითითებული საცხოვრებელი ბინის გადაცემა. სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელის განმარტებით, პ. მ-ა 2004 წლიდან აღარ წარმოადგენს პროკურატურის მუშაკს და დღეის მდგომარეობით, არ არსებობს მისთვის დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ლ-ამ და პ. მ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები - ი. ლ-ა და პ. მ-ა არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას და მიიჩნევენ, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოზე განხილული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ ვალდებულების შესრულების დასაკისრებლად, რაც მოცემულია ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილს გამოცემულ №06.33.126 დადგენილებაში. ამასთან, კასატორები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ პროკურატურის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ რადგან პ. მ-ა დღეის მდგომარეობით აღარ მუშაობს პროკურატურაში, მისმა ოჯახმა არ უნდა მიიღოს აღმჭურველი აქტით განსაზღვრული ბინა. კასატორების მითითებით, აღნიშნული ართმევდა პ. მ-ას და მის ოჯახს მათთვის გამოყოფილი ბინის მიღების უფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. ლ-ასა და პ. მ-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. ლ-ასა და პ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილს გამოცემული №06.33.126 დადგენილების აღსრულება დადასტურებული არ არის და აღნიშნულს მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, დადგენილებიდან გამომდინარე დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით წარდგენილ განცხადებასა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სადავო პასუხები უნდა ჩაითვალოს მოსარჩელეთათვის სავარაუდო ზიანის გამომწვევ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.
რაც შეეხება სადავო აქტების კანონიერებას, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას 2014 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ი. ლ-ას, ერთი მხრივ, განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000) წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოთხოვნა მითითებული წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, მეორე მხრივ, ამავე აქტით განმცხადებელს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი არ არის, რატომ არ მოხდა ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 24 აპრილის №06.33.126 დადგენილებაში მითითებული ბინის გადაცემა პ. მ-ას ოჯახისათვის. ასევე არ არის ცნობილი, რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით ვინმეს სახელზე. დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებულ დასაბუთებას ასევე არ შეიცავს სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც. 2015 წლის 22 მაისს წარდგენილი საჩივრით, საჩივრის ავტორი ითხოვდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000) წერილის ბათილად ცნობას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) წერილის არარად აღიარებას, ამასთან, მიუთითებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას პროკურატურიდან შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვაზე და წარმოების პროცესში პროკურატურის ჩართვის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული ყოფილიყო არსებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და ყველა შესაძლო მტკიცებულების შეფასების საფუძველზე. მითითებულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემულ სადავო 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიუთითა, რომ საკითხის განხილვა ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რადგან სადავოდ გამხდარი წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში მითითებული მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის №2637041 (10-7/143281000), 2015 წლის 22 აპრილის №2893676 (12/1436060-1) და 2015 წლის 13 აგვისტოს №3106785 (12/151451168-1) წერილები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ხელახლა განიხილოს სადავო საკითხი, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ლ-ასა და პ. მ-ას საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ს 18.03.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. ლ-ასა და პ. მ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. ნ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ლ-ასა და პ. მ-ას საკასაციო საჩივარზე 18.03.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი