საქმე №ზ-314-10(ა-19) 24 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადების მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ბ-ემ 2019 წლის 19 ავისტოს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 39-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნტის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებას არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. ამასთან, გ. ბ-ეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი. 2019 წლის 18 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ და ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით განმცხადებელს - გ. ბ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 5 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2019 წლის 6 სექტემბრიდან დაიწყო და 2019 წლის 16 სექტემბერს (ორშაბათს) ამოიწურა. განმცხადებელმა კი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება საქართველოს ფოსტაში წარადგინა 2019 წლის 17 სექტემბერს (რაც დასტურდება კონვერტზე არსებული „... ფოსტის“ ბეჭდით), რაც იმას ნიშნავს, რომ გ. ბ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396. 3, 425-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი