Facebook Twitter

საქმე ¹31აგ-10 26 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ბ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში. იმავე განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე – 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე – 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გ. ბ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

უ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უ, ძ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელეების _ ზ. ღ-ს, თ. ქ-სა და მ. კ-ს სარჩელები და გ. ბ-ს ზ. ღ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2508 (ორი ათას ხუთას რვა) ლარის, ხოლო თ. ქ-ს სასარგებლოდ _ 1305 (ათას სამას ხუთი) ლარის გადახდა; ამასთან, გ. ბ-სა და უ. ძ-ს სოლიდარულად დაეკისრათ მ. კ-ს სასარგებლოდ _ 4710 (ოთხი ათას შვიდას ათი) ლარის, ხოლო ზ. ღ-ს სასარგებლოდ _ 2940 (ორი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელი დანარჩენ ნაწილში დარჩა ღიად, მოთხოვნის წარმოუდგენლობის გამო.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ:

გ. ბ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებულებს – გ. ბ-სა და უ. ძ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, ასევე საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდებები;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან ამოერიცხა ნ. დარჩიას ქურდობის ეპიზოდი;

განაჩენიდან ასევე ამოირიცხა მითითება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების თაობაზე;

მსჯავრდებულებს – გ. ბ-სა და უ. ძ-ს ე. ა-ს დაყაჩაღების ეპიზოდში ამოერიცხათ მის სასარგებლოდ დაკისრებული 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდაზე მითითება;

მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს ი. ტ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს მ. გ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი – 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა 1 (ერთი) თვით და მოსახდელად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ბ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

2001 წლის 21 მარტს მსჯავრდებულმა გ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.

გ. ბ-ი თავის შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ლ. ჯ-ს ჩვენება და არც მათხოვრობის ან ანტისაზოგადოებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. გ. ბ-ს განმარტებით, მან არაერთხელ მოითხოვა, რომ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელი მოხსნოდა, რადგან მიაჩნია, რომ უკანონო განაჩენი სწორედ მასზეა აგებული. მსჯავრდებული გ. ბ-ი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას და წარმოდგენილ შუამდგომლობას მტკიცებულების სახით ურთავს 2007 წლის 14 მარტს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. დ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებას, რომლებშიც განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლი გულისხმობს არასრულწლოვნის ჩაბმას და დაყოლიებას მათხოვრობასა და სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს. მსჯავრდებული ითხოვს, რომ ა. დ-ს განაჩენთან შესაბამისობაში მოვიდეს მისი განაჩენი და სასჯელის ზომად განესაზღვროს იგივე სასჯელი, რაც ა. დ-ს აქვს მისჯილი კანონის შესაბამისად.

იმავე საჩივარში მსჯავრდებული მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. კ-მ იგი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და იმავე კოდექსის 24-ე მუხლისა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ მოყვანილ მტკიცებულებებს არანაირი ყურადღება არ მიაქცია და საქმე განიხილა მნიშვნელოვანი დარღვევებით. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქმის განხილვისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლისა და იმავე კოდექსის მე-5 მუხლის, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნები. გ. ბ-ს აზრით, მას სასჯელი უნდა დანიშვნოდა დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან მან თაღლითობა ჩაიდინა 2005 წელს _ იმ დროს, როდესაც იგი არ იყო მსჯავრდებული, რასაც განაჩენიც და დაზარალებული ლ. ე-ც ადასტურებს. მსჯავრდებულის აზრით, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლი მის მიმართ უკანონოდ არის გამოყენებული და თვლის, რომ ორივე განაჩენით დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 12 (თორმეტ) წელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით, გ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელშიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულების მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.