Facebook Twitter

საქმე ¹33აგ-11 თბილისი

22 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ ხ. მ-ს შორის. იმავე განაჩენით ხ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

ხ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 8 ივლისიდან.

2011 წლის 6 აპრილს მსჯავრდებულმა ხ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვა.

მსჯავრდებული ხ. მ. შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ სს საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა ზერელედ, არასრულად, ცალმხრივად, არ იქნენ დაკითხულნი ის მოწმეები, რომელნიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ინციდენტს და რომელთა ჩვენებებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. მართალია, საპროცესო შეთანხმებას თავისი ნებით მოაწერა ხელი და ადვოკატსაც მოაწერინა, მაგრამ თვლის, რომ იგი შეაცდინა პროკურორმა და თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს ¹2 განყოფილების უფროსმა გ. ბ-მ. საბოლოო ჯამში კი მოხდა ისე, რომ მას შეეფარდა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდანია. მსჯავრდებულის განმარტებით, მას გ. თ-ს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. იგი თავს იცავდა და რომ არა რეალური საფრთხე მისი სიცოცხლის ხელყოფისა, არავითარ შემთხვევაში არ მიაყენებდა რაიმე ზიანს ამ უკანასკნელს, რასაც, რომ დაეკითხათ, დაადასტურებდნენ თვითმხილველები მოწმეები: ნ. ჭ-ე, ნ. ქ-ე, უ-ა, ე. კ-ე, დ. კ-ე და ლ. ყ-ი. მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩადენილი დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისათვის.

მსჯავრდებული ასევე განმარტავს, რომ მოწმეების – მ. და მ. ბ-ს დაკითხვა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოებდა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, ისინი (მოწმეები) დაკითხეს ღამის 02-03 საათზე და მიუხედავად იმისა, რომ მ. და მ. ბ-ი სათანადოდ ვერ ფლობენ ქართულ ენას, ხოლო ქართულად წერა-კითხვა საერთოდ არ იციან, მათ დაკითხვას არ ესწრებოდა თარჯიმანი. თარჯიმანი მოიწვიეს მეორე დღეს და მას მხოლოდ ხელი მოაწერინეს დაკითხვის ოქმებზე, ისიც ისე, რომ გამომძიებელს შედგენილი ოქმი არ უთარგმნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მის საქმეზე არ ჩატარებულა სამართლიანი გამოძიება. ამასთან, აღნიშნავს, რომ თვითმხილველი (მოწმეების) განმარტებები, რომლებიც ჩვენების მიცემაზე მზად არიან, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და ითხოვს, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლაგდ გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივლისის განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით ხ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებული ხ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ხ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ხ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ხ. მ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.