Facebook Twitter

საქმე ¹35აგ-11 თბილისი

22 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ღ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ზ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე (1997 წლის 17 ოქტომბრის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ღ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 13 აპრილს მსჯავრდებულმა ზ. ღ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისი საქმე განიხილა ორ არაპროფესიონალ მსაჯულთან ერთად, რომელთაც არ ჰქონდათ საკმარისი იურიდიული საფუძველი მოსამართლის ფუნქციების განსახორციელებლად. შუამდგომლობას თან დაერთო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე გ-ე საქართველოს წინააღმდეგ. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობა, რომელიც მოსამართლისა და ორი მსაჯულისაგან შედგებოდა, იმ მოტივით, რომ ასეთი შემადგენლობით სასამართლო პროცესის წარმართვის არანაირი იურიდიული საფუძველი, ნორმატიული აქტი არ არსებობდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მსაჯულთა არაპროფესიონალიზმის გამო, არასამართლიანად იქნა განხილული მისი სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები, არ შეამოწმა ბრალდების მტკიცებულებები და ამის გამო მიესაჯა უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე მის მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით ზ. ღ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებული ზ. ღ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ,,არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას”, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის არსებობა იმჟამად მოქმედი კანონით იყო გათვალისწინებული. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულებს, ისინი აირჩიეს 1991 წელს და უფლებამოსილების ვადა, ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ” 1998 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, გაუგრძელდათ 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი, უნდა არსებობდეს კონკრეტულ ანუ გადასასინჯ განაჩენთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ღ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.