საქმე ¹36აგ-11 თბილისი
21 ივლისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აგვისტოს განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით გასაჩივრებულ განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სს „-“ სამოქალაქო სარჩელის თაობაზე წარმოება შეწყდა, სამოქალაქო მოსარჩელის მიერ სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმის გამო.
2011 წლის 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ მ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
შუამდგომლობაში მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ დაზარალებული ორგანიზაციის მიერ სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმა, ვინაიდან მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რის გამოც ითხოვა განჩინების გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებული მ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.