Facebook Twitter

საქმე ¹37აგ-11 თბილისი

21 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ მ. კ-ს შორის. იმავე განაჩენით მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მ. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 7 (შვიდი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით მ. კ-ს ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისში, ქობულეთის ქ ¹-ში.

2011 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განაჩენში არასწორი მონაცემებია მითითებული, რაც დადასტურებულია მის მიერ წარმოდგენილი, შუამდგომლობაზე დართული მასალებით. შუამდგომლობის ავტორი თვლის, რომ, მართალია, მან მემკვიდრეობის მიღების მიზნით გაიიოლა მისი მიღების ხერხი, მაგრამ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ჩამოერთმია და დანაშაულებრივი გზით მოპოვებულად ჩაეთვალა ბაბუამისის კუთვნილი ქონება, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, 1995 წლიდან მისი და მისი დედის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა. შუამდგომლობის ავტორი, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას და ახალი განაჩენის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით მ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებული მ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა. კასატორის განმარტებით, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს საერთო სასამართლოების საარქივო დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 1 მარტს გაცემული ცნობა _ ¹-, სადაც მითითებულია, რომ მისი სარჩელის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წელს განხილულია საქმე ¹-, რომლითაც იგი ბაბუამისის _ ვ. კ-ს კანონიერ მემკვიდრედ იქნა ცნობილი. თუმცა, როგორც კასატორი განმარტავს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, აღნიშნული გადაწყვეტილება არც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს არქივში და არც საერთო სასამართლოების საარქივო დეპარტამენტში არ მოიძებნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.