საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-1182(ს-19) 26 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - კ. კ-უ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 29 მარტს კ. კ-უმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 01 მარტის №MIA 9 19 00539386 საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/შეტყობინების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის დავალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით კ. კ-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მიეთითა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება გაეგზავნა, როგორც შსს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე, შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრს კ. კ-უსათვის გადასაცემად და აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 28 ივნისს პირადად ჩაჰბარდა კ. კ-უს (ს.ფ.188-189).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კ. კ-უს წარმომადგენელმა დ. შ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს - კ. კ-უს დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარედგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ან დ. შ-ის მიმართ გაცემული მინდობილობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
აღნიშნული განჩინება გაეგზავნა კ. კ-უს წარმომადგენელს - დ. შ-ს, რომელიც 2019 წლის 22 ივლისს ჩაბარდა უშულოდ მას (ს.ფ.204).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კ. კ-უს სააპელაციო საჩივარი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო. ამავე განჩინების მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინება გაეგზავნა კ. კ-უს წარმომადგენელს - დ. შ-ს, რომელმაც აღნიშნული განჩინება ჩაიბარა 2019 წლის 9 სექტემბერს (ს.ფ. 211).
2019 წლის 10 სექტემბერს განხილვის შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმე დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2019 წლის 18 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კ. კ-უს წარმომადგენელმა - დ. შ-მა და აღნიშნა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, თუმცა ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა საპატიო გარემოებებმა და აპირებდა აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენას, რისთვისაც ითხოვა საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებისაგან თავის შეკავება.
2019 წლის 1 ოქტომბერს, მოთხოვნის შესაბამისად საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
2019 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კ. კ-უს წარმომადგენელმა - დ. შ-მა, რომელმაც მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 18 ივლისის განჩინება, რომელიც თითქოსდა 2019 წლის 22 ივლისს ჩაბარდა პირადად, მას არ ჩაბარებია, რადგან 2019 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 20 აგვისტომდე იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, შეუძლებელია 22 ივლისს საქართველოს ფოსტის მიერ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარებოდა მას. ჩაბარების დასტურზე არ არის მისი ხელმოწერა. ამასთან განცხადებაში კ. კ-უს წარმომადგენელმა - დ. შ-მა აღნიშნა, რომ ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მიეთითა, რომ საქმეზე წარსადგენი იყო კ. კ-უს მიერ დ. შ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა არაუფლებამოსილ პირს და აღნიშნული განჩინება უნდა ჩაბარებოდა კ. კ-უს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება არ იქნა ჩაბარებული სათანადო წესით, რის გამოც ვერ მოხდა მისი შევსება, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დ. შ-მა მითითებული გარემოებების გამო მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმება და აღნიშნულ საქმეზე საქმის წარმოების განახლება.
2019 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ფოსტამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აცნობა, რომ ადრესატ დ. შ-ის სახელზე 2019 წლის 22 ივლისს იგზავნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი #AP... (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი). მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნული გზავნილი ითვლება დაკარგულად, რის დასტურადაც განცხადებას დაურთო ამონაწერი ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან.
2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მიმართა კ. კ-უს წარმომადგენელმა - დ. შ-მა, რომელმაც ასევე წარადგინა საქართველოს ფოსტიდან მიღებული ინფორმაცია გზავნილის დაკარგვის თაობაზე. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება საქმეზე მიმდინარე პროცედურების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ 2019 წლის 8 ოქტომბერს გაცემული წერილით კ. კ-უს წარმომადგენელს - დ. შ-ს განემარტა, რომ მის მიერ 2019 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილი საჩივარი მისი განხილვის მიზნით უმოკლეს ვადაში გაეგზავნებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციული საქმე კ. კ-უს 2019 წლის 2 ოქტომბრის საჩივრის განხილვის მიზნით 2019 წლის 16 ოქტომბერს გამოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. კ-უს საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 01 მარტის №MIA 9 19 00539386 საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლით, რომლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას, ამ ტიპის დავებზე საჩივარი არ დაიშვება და საკასაციო ინსტანციას არ გააჩნია საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ვინაიდან, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადასინჯოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. კ-უს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2125 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. კ-უს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი