ბს-1412 (2კ-18) 29 ნოემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…მა“ 15.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.09.2015წ. N07/7630-13 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. N1-1206 ბრძანების ბათილად ცნობის და შპს ,, …ის“ (ს/კ…) სამშენებლო ობიექტის, მდებარე ქ. თბილისში, …ის ქუჩა N42-ში (ამჟამად, …ი N120) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების გამოსაყენებლად სამშენებლო ობიექტთა ნუსხაში შეტანის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადაგზავნის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.09.2015წ. N07/7630-13 გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. N1-1206 ბრძანება და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,, …ის“ (ს/კ…) სამშენებლო ობიექტის, მდებარე ქ. თბილისში, …ის ქუჩა N42-ში (ამჟამად, …ი N120) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების გამოსაყენებლად სამშენებლო ობიექტთა ნუსხაში შეტანის თაობაზე. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებისთვის სავალდებულოა ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე პუნქტით დადგენილ ყველა პირობას კომულატიურად აკმაყოფილებდეს ობიექტი, რასაც შპს ,, …ის“ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. კერძოდ, შპს ,, …ის“ საკუთრებაში არსებული სამშენებლო ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, ვინაიდან ობიექტზე საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი არ იყო შეთანხმებული 2008 წლის 8 აგვისტომდე („ბ“ ქვეპ.) და არც მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული ისეთ ობიექტზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლად იყო განკუთვნილი („ე“ ქვეპ.). საქმის მასალების თანახმად შპს ,, …ის“ საკუთრებაში არსებულ შენობაზე არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული იყო დაუმთავრებელი კარკასული შენობის საძირკველის გამაგრებისა და პანელების დემონტაჟის არქიტექტურული პროექტი და აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა საგადასახადო შეღავათის შპს „…ის“ კუთვნილ შენობაზე გავრცელების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული შეღავათის მიზანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიმდინარე მშენებლობებზე შეღავათის დაწესება, რომელი მშენებლობის ძირითადი მიზანიც იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კანონმდებელმა იმპერატიულად მიუთითა საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით მშენებლობის ნებართვის მოპოვების დრო, რაც 2008 წლის 8 აგვისტომდე პერიოდია. შესაბამისად, ვინაიდან შპს „…მა“ აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა მოგვიანებით, 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს დავის დადებითად გადაწყვეტაზე.
კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და გარდა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მითითებული გარემოებებისა აღნიშნავს, რომ შპს „…ის“ საკუთრებაში არსებულ შენობაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ეხებოდა არა რაიმე ნაგებობის განთავსებას, არამედ არსებული შენობის დემონტაჟს და საძირკვლების გაძლიერებას. ის გარემოება, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში აღნიშნულ შენობაზე გაცემული იქნა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა დავის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის, რაც არასწორად იქნა შეფასებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უარყოფს 2008 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში აღნიშნულ შენობაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ნებართვის არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას შპს „…ის“ მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე და მიუთითებს შპს „…ის“ დირექტორის 05.11.2007წ. განცხადების მიზანზე, რომელიც ამავე განცხადების შინაარსიდან ირკვევა. აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი იქნა არსებული ნაგებობის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლად რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღება, რაც დაკმაყოფილებული იქნა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ არაერთი ნებართვის გაცემით. არსებული შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შენობის ნაწილის დემონტაჟის და ნაწილის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ხოლო აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ შენობაზე გაიცა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა. თავდაპირველად ობიექტზე გამაგრებითი სამუშაოების წარმოება არ ადასტურებს შპს „…ის“ მოთხოვნის უსაფუძვლობას. შპს „…ის“ დირექტორის 05.11.2007წ. განცხადების შინაარსი, 2008 წლის 8 აგვისტომდე გაცემული მშენებლობის ნებართვა და საბოლოოდ ამავე შენობაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემა თანხვედრაშია საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზანთან, რაც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე პუნქტის მიზნებისთვის გადაწყვეტილი უნდა იქნას შპს „…ის“ სასარგებლოდ.
უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სსკ-ის 105-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შეფასდა საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნები, რის შედეგად გაზიარებული იქნა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 23.05.2017 წლის №002848617 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში …ის ქუჩა N42-ში შპს ,, …ის" მრავალფუნქციური შენობის (დაუმთავრებელი კარკასული შენობის რეკონსტრუქცია-დაშენება) პროექტის არქიტექტურული ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტით წარმოადგენს მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელ სახლს (ობიექტს).
გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ დასაბუთდეს, რათა მხარემ ორგანოს ფორმალური მიდგომის გამო არ დაკარგოს თავის კანონიერ ინტერესთა ქმედითად დაცვის შესაძლებლობა. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება (მე-18 მუხ.). კასატორის მიერ შემოთავაზებული განმარტება არ გამომდინარეობს საშეღავათო პირობების გავრცელების მიზნებიდან, კანონის ნორმატიული დებულებების სისტემური განმარტებიდან (სუსგ 18.04.2019წ. №ბს-548-548 (კ-18). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე დადგენილ პრაქტიკას (სუსგ 07.05.2019წ. საქმე Nბს-145 (2კ-19)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინება;
3. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.10.2018წ. N01918 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი