ბს-1439(კ-18) 11 ნოემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ფ-მა 15.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიმართ მოპასუხის 09.12.2015წ. N75 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 09.12.2015წ. N75 დადგენილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2018წ. სხდომაზე დაზუსტდა აპელანტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ნაცვლად მითითებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ნორმატიულად დაწესებულია იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ვალდებულება სტატუსის ცვლილების, საქმიანობის შეწყვეტის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა აცნობონ აღნიშნულის შესახებ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. საქმიანობის შეწყვეტისას პირმა უნდა წარადგინოს აგრეთვე აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. ამდენად, ნ. ფ-ი ვალდებული იყო სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის, რაც მას არ განუხორციელებია. მოსარჩელემ მხოლოდ 2014 წლის ბოლოს მიმართა შპს „...ს“. მნიშვნელოვანია, რომ სადავო არ არის ნ. ფ-ის ფართში ისეთი საქმიანობის წარმოება, რაც წარმოშობდა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას. მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოების ხელახლა ჩატარების დავალების საფუძველი, რადგან დადგენას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის გადაცემა, მით უფრო რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ეკისრება სზაკ-ით განსაზღვრული ვალდებულებები, ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც დაეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, უნდა იყოს სათანადოდ გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული (სზაკ-ის 53.5, 96.1, 96.2 მუხ.), ამ მიზნით ორგანო გამოითხოვს დოკუმენტებს, აგროვებს ცნობებს, უსმენს დაინტერესებულ მხარეებს, მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს მტკიცებულებათა სრულად შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით (სზაკ-ის 97-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია. ნ. ფ-ი ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ 18.03.2015წ. საჩივარში აღნიშნავდა, რომ ფართი გარკვეულ პერიოდში გამოიყენებოდა სამეწარმეო მიზნით, თუმცა 2010 წლიდან ფართის კომერციული დანიშნულებით გამოყენება შეწყდა (ტ.1, ს.ფ. 11). ამასთანავე, საქმეში დაცული სს „თ...ის“ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ 2010-2014 წლებში აბონენტ ნ. ფ-ს თვეების უმეტესობაში დაუფიქსირდა ელექტროენერგიის ნულოვანი ხარჯი (ტ.1, ს.ფ. 19-23), თუმცა ამის მიუხედავად შპს „...ი“ უწყვეტად არიცხავდა აბონენტს შესაბამის მოსაკრებელს. თვეების მანძილზე ელექტროენერგიის ხარჯის არარსებობა საფუძველს აცლის კასატორის მოსაზრებას ნ. ფ-ის ფართში უწყვეტი კომეციული საქმიანობის წარმოების შესახებ. მხოლოდ ის, რომ ნ. ფ-მა 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართა შპს „...ს“ ფართში სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, არ გამორიხავს აბონენტისათვის ზედმეტად დარიცხული თანხის ჩამოწერის შესაძლებლობას. აბონენტი არ არის ვალდებული აანაზღაუროს მომსახურება, რომელიც მას არ მიუღია. ქ. თბილისის მუნიციპალილეტის საკრებულოს 12.12.2014წ. N17-46 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ მიხედვით, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე (4.1 მუხ.), დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი (4.4 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი