#ბს-55(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ი“-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 23 დეკემბერს შპს „...ი“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო 2015 წლის 15 სექტემბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში. სატენდერო კომისიამ 2015 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმით იმ საფუძვლით, რომ მან ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, მიანიჭა დისკვალიფიკაცია. აღნიშნული ოქმი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, რომელმაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოსარჩელის მოსაზრებით, სატენდერო კომისიამ უკანონოდ და ახლადგამოვლენილი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მას ხელმეორედ მიანიჭა დისკვალიფიკაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ელექტრონულ ტენდერში (SPA ...) შპს „...ი“-ს დისკვალიფიკაციის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის #5 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ი“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი. სასამართლომ მიუთითა კომპანიის, როგორც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის და არც სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებულ გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს გააქარწყლებდა. პალატის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა გაწერილია როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით, ისე სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას, იკვლიოს წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მხოლოდ შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტე და შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციასთან. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის 27 მაისს ფედერალური სახელმწიფო დაწესებულება ფედერალური საგზაო სააგენტოს ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოსთან კრასნოდარის ოლქში (ფსდ …ი) გაფორმებული #... ხელშეკრულების გადამოწმება მოხდა არასათანადო პირთან. სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილია ბრძანება ფედერალური სახელმწიფო დაწესებულება ფედერალური საგზაო სააგენტოს ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოს ადგილმდებარეობის, სახელწოდებისა და დაწესებულების წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოსარჩელეს კი, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც სასამართლომ მართებულად მიიჩნია არაკეთილსინდისიერების საფუძვლით შპს „...ი“-ს დისკვალიფიკაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ი“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანების მე-13 მუხლი. მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა შპს „...ი“-ს დისკვალიფიკაცია კანონთან შეუსაბამოდ. თუ შემსყიდველმა მიიჩნია, რომ არსებობდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და სატენდერო დოკუმენტაციას შორის შეუსაბამობა, უფლებამოსილი იყო დისკვალიფიკაცია მიენიჭებინა შესაბამისი საფუძვლით (დასახელებული ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და არა არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით, რასაც ადგილი არ ჰქონია.
კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „არაკეთილსინდისიერი ქმედების“ ლეგალურ დეფინიციას „წესი“ (ან კანონი) არ იძლევა. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი განსაზღვრება (მისი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით) რჩება სატენდერო კომისიის შეფასების ამარა. პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა უნდა ამტკიცოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ ადასტურებს შპს „...ი“-ს მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტს.
კასატორის განმარტებით, სატენდერო კომისიას არ გადაუსინჯავს და თავიდან არ შეუფასებია, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა შპს „...ი“-სათვის დისკვალიფიკაციის მინიჭება, ვინაიდან ყველა ის გარემოება, რომელიც #3 სხდომის ოქმით გახდა არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო შპს „...ი“-ს დისკვალიფიკაციის საფუძველი, რეალურად არ წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში შპს „...მა“ სწორი და ნამდვილი ინფორმაცია მიაწოდა შემსყიდველ ორგანიზაციას.
კასატორის მითითებით, ღსს „ო...ი“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით შემსყიდველი ედავებოდა შპს „...“-ს, რომ ღსს „ო…ი“ იყო ლიკვიდირებული. აღნიშნული ფაქტის მიმართ შპს „...ი“ კეთილსინდისიერია, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო ხელშემკვრელი მხარის ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა და შესაბამისად, ვერ ბადებს მისი არაკეთილსინდისიერების ეჭვს.
რაც შეეხება, სასამართლოს მითითებას, რომ შემსყიდველს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა შეაფასოს, ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება, კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უმთავრეს გარემოებას წარმოადგენს ის, რომ შპს „...“-მა გააფორმა ხელშეკრულება და ნამდვილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება (სამუშაოები), რაც ადასტურებს, რომ მას აქვს მატერიალური თუ ტექნიკური ბაზა და შესაძლებლობა შეასრულოს მსგავსი ტიპის სამუშაოები. ეს კი თავის მხრივ, შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საფუძველს შეაფასოს შპს „ვ…ი“-ს შესაძლებლობები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მთავარია მას შესწევს თუ არა უნარი ფაქტობრივად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (სამუშაოები) და უმნიშვნელოა ხელშემკვრელი მხარის სამართლებრივი სტატუსი, მით უმეტეს, რომ აღნიშნულის შესახებ შსპ „...ი“-სთვის უცნობი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ი“-ს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ი“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ (SPA ...) ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „...“-მ. წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაადგინა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული შეუსაბამობები, რაც შეფასდა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებად და მოხდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე კომპანიის საჩივარი და შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა მის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბრის #3 სხდომის ოქმით მიღებული სადავო გადაწყვეტილების გადასინჯვა. აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად პრეტენდენტი ჩაითვალა არაკეთილსინდისიერად.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სწორედ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის #5 ოქმის კანონიერება, რომლითაც მოსარჩელე დისკვალიფიკაცირებულ იქნა ელექტრონულ ტენდერში იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით მან ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა ინფორმაცია უკანასკნელი სამი და მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მიმდინარე კონტრაქტების ფარგლებში დარჩენილი სამუშაოებისა და ბოლო სამი წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების საშუალო ბრუნვის შესახებ.
მოსარჩელე კომპანიამ, როგორც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციის სახით წარუდგინა: ღსს „ი…“-სა და შპს „...“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დამკვეთის მხრიდან დამოწმებულია სხვა საწარმოს - შპს „ო…ი“-ს ბეჭდით. პრეტენდენტმა ასევე წარადგინა შპს „...“-სა და რუსეთის ფედერაციის სახაზინო დაწესებულება „ფედერალური საგზაო სააგენტოს ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოს კრასნოდარის ოლქ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც „ფედერალური საგზაო სააგენტოს ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოს კრასნოდარის ოლქში“-ს სამართალმემკვიდრისაგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის თანახმად, არის არასანდო, კერძოდ, საქმეში დაცული ფედერალური საგზაო სააგენტოს 2014 წლის 31 მარტის #89 ბრძანებით შეიცვალა ფედერალური საგზაო სააგენტოს კრასნოდარის მხარის ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველოს ფედერალური სახაზინო დაწესებულების ადგილმდებარეობა და სახელწოდება, ასევე დაწესებულების წესდებაში შევიდა ცვლილება, ამდენად, „კრასნოდარის ოლქში ფედერალური საგზაო სააგენტოს ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველო“-ს სამართალმემკვიდრემ - სახაზინო დაწესებულებამ „ფედერალური საავტომობილო გზების სამმართველომ „კასპი“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით აცნობა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არ დადებულა და იგი არ არის სანდო. საქმეზე წარმოდგენილ იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ო…ი“-ს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2009 წელს (ლიკვიდირებულია), მაშინ, როდესაც შპს „...ის წარმომადგენლობამ საქართველოში“ შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა აღნიშნულ საწარმოსთან 2012 წელს დადებული ხელშეკრულება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილად, რამდენადაც საწარმოს უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციისთანავე და ამის შემდგომ ლიკვიდირებული საწარმო არ შეიძლება იყოს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მართებულად მოხდა შპს „...ი“-სთვის დისკვალიფიკაციის მინიჭება.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...ი“-ს მიერ განხორციელდა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით და რისი გამაბათილებელი მტკიცებულება ან/და დასაბუთებული არგუმენტაცია მხარეს არ წარმოუდგენია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო მოეხდინა შპს „...ი“-ს დისკვალიფიკაცია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას შპს „...ი“-ს დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად გამოიყენა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან შპს-ს მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უკანასკნელი 3 და მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მიმდინარე კონტრაქტების ფარგლებში დარჩენილი სამუშაოებისა და ბოლო 3 წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების საშუალო ბრუნვის შესახებ, არ იყო ნამდვილი და სანდო. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემული საკითხის მარეგულირებელი არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას, იკვლიოს წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მხოლოდ შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტე და შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციასთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ი“-ს საკასაციო საჩივარზე რ. რ-ეს 04.03.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ი“-ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ი“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „...ი“-ს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. რ-ის მიერ 04.03.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი