Facebook Twitter

¹48აგ-11 ქ. თბილისი

30 სექტემბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ე. კ-ა, დ. კ-ა, ლ. ბ-ა, ც. შ-ი და ნ. ს-ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს არასრულწლოვნით ვაჭრობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რისთვისაც მათ მიესაჯათ: დ. კ-ას _ 12 წლით, ხოლო დანარჩენ მსჯავრდებულებს _ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენით შეიცვალა: ნ. ს-ას ქმედება სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2011 წლის 23 მაისს მსჯავრდებულმა ე. კ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. კ-ას შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ე. კ-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ თავის შუამდგომლობაში არ მოუთხოვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვა; სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი და განჩინება გამოიტანა იმავე შემადგენლობამ, რომელმაც განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი. გარდა ამისა, კანონი შეიცვალა, კერძოდ: ¹2477-ე ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ამოქმედების შემდეგ არც ერთი ანალოგიური დანაშაული აღარ დაკვალიფიცირებულა სსკ-ის 1432-ე მუხლით, რაც სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ე. კ-ა ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, შუამდგომლობის დაშვებას განსახილველად და მისი ქმედების სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ მოუთხოვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვა, მაგრამ ამგვარი მოთხოვნა შუამდგომლობის პირველივე გვერდზეა აღნიშნული. ამასთან, სსსკ-ის 310-ე მუხლი, რომელსაც მიუთითებდა და მიუთითებს მსჯავრდებული, სწორედ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს ადგენს.

სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია საქმის არსებით განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში საქმე არსებითად არ განხილულა და საჩივრის მოტივი ამ ნორმის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ უსაფუძვლოა.

რაც შეეხება სსკ-ის 172-ე მუხლს, იგი მიზნით კვალიფიცირებული დელიქტია. ამ დანაშაულის ჩადენისას ბავშვის უშუალო გამყიდველისა და მყიდველის მიზანია, შესაბამისად, ბავშვის გაშვილება (თუნდაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ) და შვილად აყვანა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივრების განხილვის დროსაც იმსჯელა სსკ-ის 172-ე მუხლთან დაკავშირებით და უარყო მსჯავრდებულთა ქმედებებში შვილად აყვანის მიზნის არსებობა.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.