Facebook Twitter

#ბს-1049(კ-18) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს პარლამენტი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – დ. კ-ი, ა. მ-ი, მ. ხ-ი

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 9 მარტს დ. კ-მა, ე. ყ-მა, გ. გ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით ე. ყ-ისა და გ. გ-ის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

მოსარჩელეების განმარტებით, 1990 წლის 28 ოქტომბერს 5 წლის ვადით იქნენ არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებად. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ისინი იღებდნენ ყოველთვიურ გასამრჯელოს. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შედეგად მათ ვადამდე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება, რის გამოც 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე კუთვნილი ხელფასი ვერ აიღეს. გამონაკლისს წარმოადგენდა დ. კ-ი, რომელიც 1992 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად და 1992 წლიდან, როგორც პარლამენტის წევრი იღებდა ხელფასს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს პარლამენტისათვის დ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის - 45 428 ლარის ოდენობით, ა. მ-ის სასარგებლოდ - 45 428 ლარის ოდენობითა და მ. ხ-ის სასარგებლოდ - 45 428 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ დ. კ-ი, ა. მ-ი, მ. ხ-ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 4 მარტის #1913/2-1 ცნობის მიხედვით, დ. კ-ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 4 მარტის #1916/2-1 ცნობის მიხედვით, ა. მ-ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 4 მარტის #1917/2-1 ცნობის მიხედვით, მ. ხ-ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების პირობები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებისა და სესიის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელფასი განესაზღვრათ 1700 მანეთი, მუდმივი კომისიების მდივნებს 1600 მანეთი, ქვეკომისიათა თავმჯდომარეებს 1500 მანეთი. უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და იყვნენ მუდმივი კომისიის წევრები ხელფასი განესაზღვრათ 1400 მანეთით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის #7-2138 ცნობით დადგენილი იყო, რომ მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 1991 წლის ნოემბრის 1400 მანეთი შეადგენს 877,32 ლარს; 1991 წლის ნოემბრის 1600 მანეთი შეადგენს 1002,65 ლარს; 1991 წლის 1700 მანეთი შეადგენს 1065,32 ლარს.

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უფლებამოსილება.

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. იმავე დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგმობილ იქნა სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის #06-636 წერილით დ. კ-ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

დ. კ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა 2015 წლის 9 მარტს სარჩელით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა ექვემდებარებოდა თუ არა დაკმაყოფილებას მოთხოვნა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, 1991 წლის დეკემბრის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ხოლო აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ უნდა გამოეკვლია და დაედგინა მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ თუ არა 1991 წლის დეკემბრის ხელფასი. რაც შეეხება მოთხოვნას სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უფლებას უკავშირებდა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ამ შეწყვეტის უკანონობის სათანადო ორგანოების მიერ დადასტურების ფაქტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. მოსარჩელეები თანამდებობიდან დათხოვნილ იქნენ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, რაც შემდგომში დაგმობილ იქნა სახელმწიფოს მიერ.

ამდენად, სახეზე იყო კლასიკური შრომითი ურთიერთობებისაგან განსხვავებული შემთხვევა, რის გამოც კანონმდებელმა მოახდინა რა ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოს დათხოვნის ფაქტის სამართლებრივი შეფასება და მის წევრებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, სრულიად სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოაქცია მათი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, იძულებითი განაცდურისა და რეპრესიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სრულიად სხვადასხვა სამართლებრივი რეგულირება გააჩნიათ, რის გამოც საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ რამდენად იყო სახეზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-ი, ა. მ-ი და მ. ხ-ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. ამდენად, ისინი შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების - უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატების სტატუსს, მათ უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განსაზღვრავდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონი. მითითებული კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტდა საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდებოდა ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისათვის განვითარებული მოვლენების შედეგად მათ დათხოვნამდე, 1991 წლის როგორც ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურება, ასევე შემდგომი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება.

საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელფასის ოდენობები უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და წევრებისათვის. მითითებული დებულების მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის დღიდან ეძლეოდათ ყოველთვიური ხელფასი 600 მანეთის ოდენობით. ამავე დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყველა წევრს დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად ხარჯებისათვის ყოველთვიურად ეძლეოდა 200 მანეთი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების ხელფასის ანაზღაურებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვით უზენაესი საბჭოს წევრის ხელფასი შეადგენდა 1400 მანეთს თვეში. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა უზენაესი საბჭოს წევრების მიერ ხელფასის მიღება პრეზიდიუმის 19.11.91წ. #311 დადგენილების საფუძველზე, ამასთანავე, „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულება“ საკანონმდებლო კოლეგიური ორგანოს - უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 20.12.1990წ. კანონით არის დამტკიცებული, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ხელმოწერილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება კი იერარქიულად ნაკლები ძალის მქონე აქტია, ის ვერ შეცვლიდა კანონით დადგენილ დანაწესს, ამასთანავე, სესიებს შორის პერიოდში გამოცემული უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. დადგენილება დასამტკიცებლად სესიაზე არ წარდგენილა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 13.10.2016წ. #ბს-11-11(კ-15)).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის #85 დადგენილებაზე, რომელშიც მითითებული იყო უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ დადგენილებაზე დაყრდნობით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია და სამართლებრივი შეფასება მოეხდინა განხორციელდა თუ არა ანგარიშსწორება უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან და მათ მიღებული ჰქონდათ თუ არა იმ თვეების (1991 წლის ნოემბერი და დეკემბერი) ხელფასი, როდესაც ისინი რეალურად ახორციელებდნენ სადეპუტატო უფლებამოსილებას.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის #06-636 წერილით დ. კ-ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა აღნიშნული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, მეორე მხარეს არ ათავისუფლებს დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, მათ შორის ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კუთვნილი ხელფასის გაცემის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო შესაბამის დაწესებულებაში დაცული სახელფასო უწყისებით, რომელიც შეიცავდა მონაცემებს ხელფასის გაცემის შესახებ და თანხის მიმღები პირის ხელმოწერას, რითაც უდავოდ დადასტურებული იქნებოდა მოსარჩელეთა მიმართ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის დავალიანების არარსებობის ფაქტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული საბუღალტრო თუ სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, რის გამოც მოპასუხე ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, წარმოედგინა იმ სახის მტკიცებულებები, ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია მოსარჩელის განმარტების ცალმხრივად გაზიარება, მით უფრო იმ პირობებში, რომ ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ 1991 წლის დეკემბრის, არამედ ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურებასაც. სასამართლომ გაიზიარა რა საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემები იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების შრომის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე უსაფუძვლო იყო სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის – 1992 წლის იანვრიდან 1995 წლის ნოემბრამდე პერიოდის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა.

2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაიგმო სახელმწიფო პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მეთოდები. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის #1104 დადგენილებით დადასტურდა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების და საქართველოს პარლამენტის ზემოხსენებული დადგენილებების მიღების პერიოდში მოქმედი 28.06.1973წ. შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად 25.05.06წ. კანონით გამოცხადდა, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა (13.08.92წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად, სამთვიანი ვადა ერთ წლამდე გაიზარდა). სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტს, კერძოდ, სახეზე უნდა ყოფილიყო სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და უნდა მომხდარიყო პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა (სუს 22.10.2009წ. #ბს-708-674(კ-09)).

სასამართლომ მიუთითა, რომ 1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება განიხილება როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული თანხმობის პროცესის ხელშეწყობის, სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგმო შეიარაღებული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილების მიღების დროს მოქმედი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 29.10.1996წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კანონთან მიმართებაში წარმოადგენდა იერარქიულად ქვემდგომ ნორმატიულ აქტს, მას არ შეეძლო შეეცვალა ან შეეწყვიტა შრომის კოდექსის ნორმების მოქმედება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით არ გაუქმებულა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 13.10.2016წ. #ბს-11-11(კ-15)).

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება მასზედ, რომ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობის დადასტურება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ფორმალურად ტოლფასი იყო იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდებოდა უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნეოდა მოსარჩელეთა სამსახურიდან იძულებითი გათავისუფლების ტოლფას ისეთ შემთხვევად, როდესაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რადგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა სამსახურში აღდგენის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო პირის უკანონოდ დათხოვნა დამსაქმებლის ბრალეული ქმედების საფუძველზე უნდა ყოფილიყო განპირობებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო იმ ორგანომ - საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სადაც მოსარჩელეები საქმიანობდნენ, საქმიანობა შეწყვიტა იძულებით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს მოსარჩელეები არ გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობებიდან და მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი არ უკავშირდებოდა მოპასუხის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას, ამასთან, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა არ მომხდარა, რის გამოც მათი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისათვის განვითარებული მოვლენების შედეგად, მათ დათხოვნამდე, 1991 წლის როგორც ნოემბრისა და დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურება, ასევე შემდგომი პერიოდისათვის (1995 წლის ნოემბრამდე) იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება, ხოლო მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2015 წლის მარტში, შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ მითითებული პერიოდიდან 20 წელზე მეტი დროის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებშიც კი, თუ მოსარჩელეთა მოთხოვნები სათანადო სამართლებრივი საფუძვლებით იქნებოდა გამყარებული, აღნიშნული მოთხოვნები ხანდაზმული იყო, რაც მოპასუხეს ათავისუფლებდა ვალდებულების (ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაში) შესრულების მოვალეობისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს პარლამენტს დაეკისრა დ. კ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის, ა. მ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის, მ. ხ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხის შესწავლისას დამოუკიდებლად უნდა იქნეს განხილული მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რადგან ამ პერიოდში დ. კ-ი, მ. ხ-ი და ა. მ-ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. რაც შეეხება მოთხოვნას შემდგომი პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული ექცევა სხვა სამართლებრივი მოწესრიგების ქვეშ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება წარმოშობს შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნას. კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ უნდა მიეღოთ შესაბამისი ხელფასი, არამედ სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის გაუცემლობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ახერხებს სათანადო დოკუმენტაციის, აპელანტებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას, არასწორია მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანა, მით უფრო, რომ შეუძლებელია აპელანტებმა უზრუნველყონ უარყოფითი ფაქტის არსებობის - ხელფასის მიუღებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევის სპეციფიკის, აპელანტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, 1991 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია და სავარაუდოა, რომ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ამ პერიოდში ხელფასი არ მიეცემოდათ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს უნდა აუნაზღაურდეთ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასი.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის 1992 წლის იანვრიდან 1995 წლის ნოემბრამდე პერიოდის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო პირის უკანონოდ დათხოვნა დამსაქმებლის ბრალეული ქმედების საფუძველზე უნდა იყოს განპირობებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. საქართველოს პარლამენტს მოსარჩელეები არ გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობებიდან და მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა არ მომხდარა, რის გამოც მათი მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მოთხოვნის წარმოშობის და ასეთის შესახებ პირის შეტყობის გარეშე ვერ დაიწყება. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენებით დაირღვა აპელანტთა უფლებები, რაც იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ მხოლოდ ასეთი ინფორმაციის არსებობა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით არ არის გამყარებული და პირს საკანონმდებლო დონეზე არ აქვს მინიჭებული საკუთარი უფლების დაცვის რეალური შესაძლებლობა, ნორმატიულად არ არის გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობის, გამოხატვის, დაკმაყოფილების მექანიზმი, ვერ გამოიწვევს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. ამდენად, აღნიშნული დადგენილებით მოხდა აპელანტთა უფლებების დარღვევის აღიარება, რაც შესაბამის მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენაც ამ მომენტს უნდა დაუკავშირდეს. ვინაიდან სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 9 მარტს, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა ისეთი მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის გათავისუფლებას, კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც განადგურდა საბუღალტრო თუ სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გამო, მათი მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოში ხელფასების გაცემის დამადასტურებელი უწყისები, რაც სასამართლოს მხრიდან საფუძველი გახდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა - 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების ხელფასების საქართველოს პარლამენტისათვის დასაკისრებლად, რაც უკანონო და არასამართლიანია.

ამასთან, კასატორის მითითებით, მიუხედავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიური შინაარსის საქმეებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკისა, სასამართლომ მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 1991 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაკისრებას, რაც არასამართლიანს ხდის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა უფრო ვარაუდზეა აგებული და არ შეესაბამება კონკრეტულ სადავო პერიოდში არსებულ რეალობას. როგორც ცნობილია, ზემოაღნიშნული მოვლენები დაიწყო 1991 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში და გაგრძელდა 1992 წლის იანვარში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის #85 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ჩანაწერით არ იკითხება, რა პერიოდს გულისხმობს დადგენილება, შესაბამისად, ნოემბრის თვეში ხელფასის გაცემისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა და რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ, რომ ზემოაღნიშნული მოვლენების გამო მოსარჩელეებს სავარაუდოდ არ შეიძლება ჰქონოდათ აღებული ნოემბრის თვის ხელფასი, გაურკვეველია. ასევე, ანალოგიურ საქმეებზე სხვადასხვა სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით არსად არ დაფიქსირებულა მოსარჩელეების (დაახლოებით 70-მდე მოსარჩელე) მხრიდან ნოემბრის თვის ხელფასის მიუღებლობის საკითხი, ანუ, არც ერთ სასარჩელო მოთხოვნაში ნოემბრის თვის ხელფასის მოთხოვნა არ ყოფილა დასმული, განსხვავებით დეკემბრის თვის ხელფასისა, რომელსაც ყველა მოსარჩელე მოითხოვდა სარჩელით.

კასატორის მითითებით, სააპალაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს აბსოლუტურად სწორ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოადგინოს იმ სახის მტკიცებულებები (ხელფასის გაცემის დამადასტურებელი უწყისები) ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გაიზიარა საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემები იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არც ერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, რაც სავსებით საფუძვლიანია.

სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისათვის გარემოებათა დამტკიცების თვალსაზრისით მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი საპროცესო შესაძლებლობანი. ცნობილია ის გარემოება, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები სასამართლოს მიერ აღიარებულია, როგორც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. ასევე ცნობილია, მათ შორის ყველაზე კარგად მოსარჩელეებისათვის, რომ ამ მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად, ქ. თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლე) შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა საბუღალტრო თუ სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია, რაც ინახებოდა აღნიშნული დაწესებულების ბუღალტერიაში. შესაბამისად, სასამართლომ მხარეს დააკისროს იმ ვალდებულების შესრულება, რაც დასაწყისშივე ცნობილია, რომ ვერ შესრულდება ობიექტური მიზეზების გამო, ნამდვილად ეწინააღმდეგება მხარეთა თანაბრობის და შეჯიბრებითობის პრინციპს და მხარეებს აყენებს არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: დ. კ-ი, ა. მ-ი, მ. ხ-ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 4 მარტის #1913/2-1 ცნობის მიხედვით, დ. კ-ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 4 მარტის #1916/2-1 ცნობის მიხედვით, ა. მ-ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2015 წლის 4 მარტის #1917/2-1 ცნობის მიხედვით, მ. ხ-ი 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების პირობები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებისა და სესიის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელფასი განესაზღვრათ 1700 მანეთი, მუდმივი კომისიების მდივნებს 1600 მანეთი, ქვეკომისიათა თავმჯდომარეებს 1500 მანეთი. უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და იყვნენ მუდმივი კომისიის წევრები ხელფასი განესაზღვრათ 1400 მანეთით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის #7-2138 ცნობით დადგენილი იყო, რომ მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 1991 წლის ნოემბრის 1400 მანეთი შეადგენს 877,32 ლარს; 1991 წლის ნოემბრის 1600 მანეთი შეადგენს 1002,65 ლარს; 1991 წლის 1700 მანეთი შეადგენს 1065,32 ლარს.

დადგენილია, რომ 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უფლებამოსილება.

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. იმავე დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგმობილ იქნა სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის #06-636 წერილით დ. კ-ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არც ერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მხოლოდ 1991 წლის ნოემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში იქნა მიჩნეული დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო განსახილველ დავასთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ დაშვებული ნაწილის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების - უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატების სტატუსს – მათ უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუცია, „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონი. მითითებული კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტდა საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდებოდა ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი შემთხვევის ფარგლებში, შეფასებას საჭიროებს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისათვის განვითარებული მოვლენების შედეგად, მოსარჩელეთათვის 1991 წლის ნოემბრის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების საკითხის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის #85 დადგენილებაზე, რომელშიც მითითებული იყო უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, მითითებულ დადგენილებაზე დაყრდნობით, შესაფასებელია, განხორციელდა თუ არა ანგარიშსწორება უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან და მიღებული ჰქონდათ თუ არა მათ 1991 წლის ნოემბრის, ანუ იმ პერიოდის ხელფასი, რომლის განმავლობაშიც ისინი რეალურად ახორციელებდნენ სადეპუტატო უფლებამოსილებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის #ბს-11-11(კ-15) განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება განიხილება, როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული თანხმობის პროცესის ხელშეწყობის, სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგმო შეიარაღებული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება.“

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, მათ შორის ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული საბუღალტრო თუ სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, რის გამოც მოპასუხე ობიექტურად არის მოკლებული შესაძლებლობას წარმოადგინოს იმ სახის მტკიცებულებები, ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრებასთან მიმართებით, მეტწილად, ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შემთხვევის არსებობით არის განპირობებული. ამდენად, მოცემული სიტუაციის სპეფიციკის გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სწორედ ქვეყანაში განვითარებული და შემდგომში ანტიკონსტიტუციურად აღიარებული მოვლენები, რომლებსაც შედეგად ყოფილ უზენაესი საბჭოს შენობაში ხანძრის გაჩენა მოჰყვა. თუმცა არსებითია ისიც, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის თვეს უკავშირდება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ვარაუდი, რომ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს 1991 წლის ნოემბერში ხელფასი არ მიეცემოდათ, არ შეესაბამება ფაქტობრივ მოცემულობას, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევას გააჩნდა რაიმე შემხებლობა 1991 წლის ნოემბრის თვესთანაც, რაც აღნიშნულ პერიოდშიც ართულებდა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისათვის 1991 წლის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურებასთან მიმართებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. საქმე #ბს-708-674(კ-09), #ბს-302-293(კ-13), #ბს-583-576(2კ-15), #ბს-144-143(2კ-16), #ბს-11-11(კ-15), #ბს-783-779(2კ-17)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი