#ბს-932(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 იანვარს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 აპრილს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში შევიდა დ. ს-ის განცხადება, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ 4980 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კარიერული დამუშავების მიზნით ტყის გაჩეხვისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი მითითებების გაცემა. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკუთრებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია. მოსარჩელის მითითებით, სააგენტომ შეისწავლა აღნიშნული საქმე, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ს-ის განცხადება და მის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა 4980 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ #...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1978 წლის 11 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. მათზე თანდართული მონახაზების კონფიგურაცია არ ემთხვევა #... საკადასტრო კოდის მქონე 4980 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმას. მოსარჩელის განმარტებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყემოწყობის მასალებით აღნიშნული ფართობი წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს …ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი გადაეგზავნა განსჯად საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ს-ი და გ. ს-ი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 04.07.2017 წლის #51/8454 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 12.06.2017 წლის #... წერილის პასუხად, ეცნობა, რომ განხილულ და ადგილზე შემოწმებულ იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. სასამართლოს მიერ ასევე დგინდება, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 29 ივნისის #00801 ოქმით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მიწის რესურსების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში - ზ. პ-ის მიერ დათვალიერებულ იქნა ჭიათურის სოფელ ...ში, #284 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული გ. ს-ის მიწის ნაკვეთი, რომლის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან - თ. ს-ი, ზ. გ-ი, დ. ს-ი. დათვალიერებას ესწრებოდნენ კ. ს-ი, გ. კ-ი და შ. თ-ი. დათვალიერებით დადგინდა იდენტურობა. ამავე ოქმით ირკვევა, რომ შემოწმებულ იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართულ საკადასატრო აზომვით ნახაზებთან და დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის დამდგენ დოკუმენტაციასთან, კერძოდ, მიწის მიღება-ჩაბარების #284 აქტთან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 17.10.2017 წლის #51/12246 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 29.09.2017 წლის #... წერილის პასუხად ეცნობა, რომ განხილულ და ადგილზე შემოწმებულ იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 12 ოქტომბრის #01797 ოქმით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მიწის რესურსების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში - ზ. პ-ის მიერ დათვალიერებულ იქნა ჭიათურის სოფელ ...ში #285 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული დ. ს-ის მიწის ნაკვეთი, რომლის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან - თ. ე-ე, მ. ბ-ი, გ. ს-ი. დათვალიერებას ესწრებოდნენ კ. ს-ი, გ. კ-ი და შ. თ-ი. დათვალიერებით დადგინდა იდენტურობა. ამავე ოქმით ირკვევა, რომ შემოწმებულ იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართულ საკადასატრო აზომვით ნახაზებთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის დამდგენ დოკუმენტაციასთან, კერძოდ მიწის მიღება-ჩაბარების #285 აქტთან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. სასამართლომ ასევე მიუთითა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 22.03.1996წ. #66 დადგენილებაზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. #153 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესზე“ და აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია „ტყის კოდექსთან“, რამდენადაც კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობების ამორიცხვის ფაქტის შესახებ.
კასატორის მითითებით, „ტყის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, ანუ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სხვა პროცედურით. „ტყის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების შესაძლებლობა (შემთხვევა) გათვალიწინებულია ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 15.1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზეც.
კასატორის მითითებით, როგორც სარჩელის, ასევე სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას სათანადოდ არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სატყეო სააგენტო სადავოდ არ ხდის მესამე პირების სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების კანონიერებას, დავის საგანს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტებით მესამე პირებისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისობის დადასტურება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. სარჩელიც და სააპელაციო საჩივარიც ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახულ მიწის ნაკვეთებს, ამასთან, შეცვლილია მათი ადგილმდებარეობაც, რაც დასტურდება საექსპერტო დასკვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 4980 კვ.მ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა დ. ს-ის (პ/ნ...) საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა #... საკადასტრო კოდი. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის #285 მიღება-ჩაბარების აქტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის #01797, #51/12246 (17.10.2017) ოქმები და საარქივო ცნობა.
საქმეში წარმოდგენილი ჭიათურის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1998 წლის 11 აგვისტოს #285 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით ირკვევა, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ დ. ე. ს-ს სარგებლობაში გამოეყო 0.50 ჰა, 1 ნაკვეთად. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და მომიჯნავე მეზობლების შესახებ ინფორმაციის ამსახველი გრაფიკული მონაცემებით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ტყე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით გ. ს-ი, დასავლეთით - ბუჩქნარი.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილებით ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 4992 კვ.მ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა გ. ს-ის საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა #... საკადასტრო კოდი. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის #284 მიღება-ჩაბარების აქტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის #51/8454 (04.07.2017) წერილი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის #00801 (29.06.2017) ოქმი.
ჭიათურის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1998 წლის 11 აგვისტოს გაცემული #284 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით ირკვევა, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ გ. ე. ს-ს სარგებლობაში გამოეყო 0.50 ჰა, 1 ნაკვეთად. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და და მომიჯნავე მეზობლების შესახებ ინფორმაციის ამსახველი გრაფიკული მონაცემებით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ტყე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - დ. ს-ი, დასავლეთით - ბუჩქნარი.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სადავოდაა ქცეული უძრავ ქონებებზე დ. ს-ისა და გ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ფართობი წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს …ში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 ივლისის #51/8454 წერილით ირკვევა, რომ განხილულ და ადგილზე შემოწმებულ იქნა გ. ს-ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. ამასთან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ოქტომბრის #51/12246 წერილით ირკვევა, რომ განხილულ და ადგილზე შემოწმებულ იქნა დ. ს-ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლი ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში მესამე პირების მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2015წ. განჩინება საქმეზე #ბს-585-572(4კ-14)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 28.06.2019წ. #11217 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.06.2019წ. #11217 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი