Facebook Twitter

№ბს-1419(კს-18) 11 ნოემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ტ. ლ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. რუსთავის მერია;

თავდაპირველი მოსარჩელე - თ. ნ-ი;

მესამე პირები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია;

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2018წ. განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ნ-მა და ტ. ლ-მა სარჩელით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ. რუსთავის მერიის მიმართ და ქ. რუსთავის მთავრობის 10.03.2003წ. N49 და 08.04.2003წ. N75 დადგენილებებისა და ქ. რუსთავის მერიის 14.04.2003 N39/კ განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 02.03.2004წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წ. N49 და N75 დადგენილებები და ქ. რუსთავის მერიის N39 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2011წ. გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 02.03.2004წ. გადაწყვეტილება N49 და N75 დადგენილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ტ. ლ-მა 12.06.2018წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2011წ. გადაწყვეტილების 4.2.2 პუნქტის პირველ წინადადებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 08.04.2003 წ. N75 დადგენილების 1-ელ პუნქტში მითითებული იყო შემდეგი: „ლიკვიდირებულ იქნას ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2003 წლის 14 აპრილიდან“, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების 4.2.2 პუნქტის პირველი წინადადებით მითითებულ იქნა: „უდავოდ დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავრობის 08.04.2003 წ. N75 დადგენილება, რომლითაც ლიკვიდირებული იქნა ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2003 წლის 14 აპრილიდან.“ ტ. ლ-ის მოსაზრებით, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2003 წლის 14 აპრილიდან ლიკვიდირებული არ ყოფილა. აღნიშნულს ადასტურებს თბილისის საოლქო სასამართლოს N3ბ/1345-05 საქმეზე 24.05.2005წ. გამოტანილი განჩინება, რომლის თანახმად, დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ იყო სალიკვიდაციო კომისიისა და იძულებითი აღსრულების აქტები. ამდენად, გამოირიცხება 14.04.2003წ. ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაცია. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების მიზნით წინადადება უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით: „უდავოდ დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის N75 დადგენილება, რომლის პირველი პუნქტით მიეთითა: „ლიკვიდირებულ იქნეს ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2003 წლის 14 აპრილიდან.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2018წ. განჩინებით ტ. ლ-ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება და მიიჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა არ წარმოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას. ამასთანავე, განცხადების შინაარსით არ დასტურდება განმცხადებლის ინტერესის საფუძვლიანობა - აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათ არსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგებზე, რადგან პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება თავად უსწორობის არსებობა. პალატამ აღნიშნა, რომ მხარე უსწორობის გასწორების საფუძვლით ცდილობს სადავო გადაწყვეტილების 4.2.2. პუნქტის შინაარსის თავის სასარგებლო შინაარსით ჩანაცვლებას, რაც წარმოადგენს მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. ლ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თ. ნ-ისა და ტ. ლ-ის კანონიერ ინტერესს არ წარმოადგენდა მათ მიერ გასაჩივრებული N49 და N75 დადგენილებებისა და N39 განკარგულების ბათილად ცნობა. ამასთანავე, სადავო აქტებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ორგანო არ არსებობს. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ ტ. ლ-ი ითხოვს 4.2.2 პუნქტის შინაარსის თავის სასარგებლო შინაარსით ჩანაცვლებას. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 24.05.2005წ. განჩინების (საქმე N3ბ/1345-05) თანახმად, დაუსაბუთებელია მოსაზრება ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ იყო სალიკვიდაციო კომისიისა და იძულებითი აღსრულების აქტები. კერძოს საჩივრის ავტორმა მიუთითა N3ბ/2164 საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ქ. რუსთავის მერიის შესაგებელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის N246 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საქალაქო ცენტრი. აღნიშნული, ტ. ლ-ის მოსაზრებით, გამორიცხავს ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არსებობას.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 02.04.2007წ. გადაწყვეტილებით (საქმე N3-2207) დასტურდება, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულია არა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, არამედ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტის დირექტორი თ. ნ-ი. მითითებული გარემოება აგრეთვე ადასტურდებს, რომ ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ არსებობს და, შესაბამისად, მისი ლიკვიდაცია ვერ მოხდებოდა. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2011წ. გადაწყვეტილების 4.2.2 პუნქტის პირველ წინადადებაში დაშვებულია უსწორობა. სააპელაციო პალატა, სადავო განჩინების მიღებისას, არ გაცნობია საქმის მასალებს, რომლებიც გამორიცხავს ქ. რუსთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის არსებობას და მისი ლიკვიდაციის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2018წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაშვებულია გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი მექანიკური თუ მექანიკური ხასიათის შეცდომის გასწორება ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან გადაწყვეტილება იძენს შეუცვლელობის თვისებას, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მისი გასწორების უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციას. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეცდომის გამოსწორების საგამონაკლისო შემთხვევა (სსკ-ის 260-ე მუხ.) ითვალისწინებს ისეთი შესწორების შეტანის შესაძლებლობას, რომელიც არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების არსს. უსწორობა შეიძლება ეხებოდეს მხარეთა დასახელებას, ცალკეული სიტყვების გამრუდებას, დაშვებულ მექანიკურ შეცდომებს წერის დროს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას. სსკ-ის 260-ე მუხლი გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ნ-ისა და ტ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. რუსთავის მთავრობის 10.03.2003წ. N49 და 08.04.2003 წ. N75 დადგენილებებისა და ქ. რუსთავის მერიის 14.04.2003 წ. N39/კ განკარგულების ბათილად ცნობა. ქ. რუსთავის მთავრობის 08.04.2003 წ. N75 დადგენილების (ტ. 1, ს. ფ. 10) სარეზოლუციო ნაწილის 1-ელ პუნქტში მითითებულია შემდეგი: „ლიკვიდირებულ იქნეს ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2003 წლის 14 აპრილიდან.“ კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ არსებობდა და, შესაბამისად, შეუძლებელია სადავო დადგენილებით მომხდარიყო მისი ლიკვიდირება. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2011წ. გადაწყვეტილების 4.2.2 პუნქტის პირველ წინადადებაში, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, დაშვებულია უსწორობა, ვინაიდან მითითებულ პუნქტში აღნიშნულია, შემდეგი: „უდავოდ დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავრობის 08.04.2003წ. N75 დადგენილება, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2003 წლის 14 აპრილიდან.“ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2011წ. გადაწყვეტილების სადავო პუნქტი ახდენს ქ. რუსთავის მთავრობის 08.04.2003წ. N75 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის ციტირებას, მისი შინაარსის გადმოცემას. ადგილი არ აქვს ცალკეული სიტყვების გამრუდებას, მექანიკური შეცდომის დაშვებას წერის დროს. ტ. ლ-ის მიერ კერძო საჩივარში დასახელებული გარემოებები არ ადასტურებს სადავო პუნქტში უსწორობის დაშვებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2011წ. გადაწყვეტილების 4.2.2 პუნქტი სრულად შეესაბამება საქმეში დაცულ მასალებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის ტექნიკური ხასიათის უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა, რაც სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის შესწორობის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ტ. ლ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2018 წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი