№ბს-1049(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 9 მარტს დ. კ-მა, ე. კ-მა, გ. გ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით ე. კ-ისა და გ. გ-ის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
მოსარჩელეების განმარტებით, 1990 წლის 28 ოქტომბერს 5 წლის ვადით იქნენ არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებად. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის ისინი იღებდნენ ყოველთვიურ გასამრჯელოს. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შედეგად მათ ვადამდე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება, რის გამოც 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე კუთვნილი ხელფასი ვერ აიღეს. გამონაკლისს წარმოადგენდა დ. კ-ი, რომელიც 1992 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად და 1992 წლიდან, როგორც პარლამენტის წევრი იღებდა ხელფასს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს პარლამენტისათვის დ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის - 45428 ლარის ოდენობით, ა. მ-ის სასარგებლოდ - 45428 ლარის ოდენობითა და მ. ხ-ის სასარგებლოდ - 45428 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს პარლამენტს დაეკისრა დ. კ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის, ა. მ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის, მ. ხ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხის შესწავლისას დამოუკიდებლად უნდა იქნეს განხილული მოთხოვნა 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რადგან ამ პერიოდში დ. კ-ი, მ. ხ-ი და ა. მ-ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. რაც შეეხება მოთხოვნას შემდგომი პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული ექცევა სხვა სამართლებრივი მოწესრიგების ქვეშ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება წარმოშობს შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნას. კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ უნდა მიეღოთ შესაბამისი ხელფასი, არამედ სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის გაუცემლობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ახერხებს სათანადო დოკუმენტაციის, აპელანტებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას, არასწორია მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანა, მით უფრო, რომ შეუძლებელია აპელანტებმა უზრუნველყონ უარყოფითი ფაქტის არსებობის - ხელფასის მიუღებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევის სპეციფიკის, აპელანტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, 1991 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია და სავარაუდოა, რომ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ამ პერიოდში ხელფასი არ მიეცემოდათ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს უნდა აუნაზღაურდეთ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სადეპუტატო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის 1992 წლის იანვრიდან 1995 წლის ნოემბრამდე პერიოდის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო პირის უკანონოდ დათხოვნა დამსაქმებლის ბრალეული ქმედების საფუძველზე უნდა იყოს განპირობებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. საქართველოს პარლამენტს მოსარჩელეები არ გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობებიდან და მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა არ მომხდარა, რის გამოც მათი მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მოთხოვნის წარმოშობის და ასეთის შესახებ პირის შეტყობის გარეშე ვერ დაიწყება. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენებით დაირღვა აპელანტთა უფლებები, რაც იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ მხოლოდ ასეთი ინფორმაციის არსებობა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით არ არის გამყარებული და პირს საკანონმდებლო დონეზე არ აქვს მინიჭებული საკუთარი უფლების დაცვის რეალური შესაძლებლობა, ნორმატიულად არ არის გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობის, გამოხატვის, დაკმაყოფილების მექანიზმი, ვერ გამოიწვევს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ „1991-92 წლების დეკემბერიანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმავე დადგენილებით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. ამდენად, აღნიშნული დადგენილებით მოხდა აპელანტთა უფლებების დარღვევის აღიარება, რაც შესაბამის მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენაც ამ მომენტს უნდა დაუკავშირდეს. ვინაიდან სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 9 მარტს, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა ისეთი მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის გათავისუფლებას, კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც განადგურდა საბუღალტრო თუ სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გამო, მათი მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოში ხელფასების გაცემის დამადასტურებელი უწყისები, რაც სასამართლოს მხრიდან საფუძველი გახდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა - 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების ხელფასების საქართველოს პარლამენტისათვის დასაკისრებლად, რაც უკანონო და არასამართლიანია.
ამასთან, კასატორის მითითებით, მიუხედავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიური შინაარსის საქმეებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკისა, სასამართლომ მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 1991 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაკისრებას, რაც არასამართლიანს ხდის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა უფრო ვარაუდზეა აგებული და არ შეესაბამება კონკრეტულ სადავო პერიოდში არსებულ რეალობას. როგორც ცნობილია, ზემოაღნიშნული მოვლენები დაიწყო 1991 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში და გაგრძელდა 1992 წლის იანვარში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის #85 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ჩანაწერით არ იკითხება, რა პერიოდს გულისხმობს დადგენილება, შესაბამისად, ნოემბრის თვეში ხელფასის გაცემისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა და რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ, რომ ზემოაღნიშნული მოვლენების გამო მოსარჩელეებს სავარაუდოდ არ შეიძლება ჰქონოდათ აღებული ნოემბრის თვის ხელფასი, გაურკვეველია. ასევე, ანალოგიურ საქმეებზე სხვადასხვა სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით არცერთგან არ დაფიქსირებულა მოსარჩელეების (დაახლოებით 70-მდე მოსარჩელე) მხრიდან ნოემბრის თვის ხელფასის მიუღებლობის საკითხი, ანუ, არცერთ სასარჩელო მოთხოვნაში ნოემბრის თვის ხელფასის მოთხოვნა არ ყოფილა დასმული, განსხვავებით დეკემბრის თვის ხელფასისა, რომელსაც ყველა მოსარჩელე მოითხოვდა სარჩელით.
კასატორის მითითებით, სააპალაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს აბსოლუტურად სწორ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოადგინოს იმ სახის მტკიცებულებები (ხელფასის გაცემის დამადასტურებელი უწყისები) ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გაიზიარა საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემები იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, რაც სავსებით საფუძვლიანია.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისათვის გარემოებათა დამტკიცების თვალსაზრისით მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი საპროცესო შესაძლებლობანი. ცნობილია ის გარემოება, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები სასამართლოს მიერ აღიარებულია, როგორც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. ასევე ცნობილია, მათ შორის ყველაზე კარგად მოსარჩელეებისათვის, რომ ამ მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად, ქ. თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლე) შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა საბუღალტრო თუ სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია, რაც ინახებოდა აღნიშნული დაწესებულების ბუღალტერიაში. შესაბამისად, სასამართლომ მხარეს დააკისროს იმ ვალდებულების შესრულება, რაც დასაწყისშივე ცნობილია, რომ ვერ შესრულდება ობიექტური მიზეზების გამო, ნამდვილად ეწინააღმდეგება მხარეთა თანაბრობის და შეჯიბრებითობის პრინციპს და მხარეებს აყენებს არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში 1991 წლის ნოემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი აღნიშნულ ნაწილში ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
მოსარჩელეები წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდნენ 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბარმდე მიუღებელი ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ა. მ-მა და მ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ის, ა. მ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს პარლამენტს დაეკისრა დ. კ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის, ა. მ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის, მ. ხ-ის სასარგებლოდ - 936,08 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა, მოსარჩელეებისათვის 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დ. კ-ს, ა. მ-სა და მ. ხ-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებით, შესაბამისად, მათ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს პარლამენტისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 1991 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. კ-ი, ა. მ-ი და მ. ხ-ი წარმოადგენდნენ 1990-1992 წწ. მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არჩეული იყვნენ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. ამდენად, ისინი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან.
ასევე დადგენილია, რომ 1992 წლის 2 იანვარს, სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა (მოსარჩელეთა) უფლებამოსილება. „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი.
საქართველოს 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების - უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატების სტატუსს, მათ უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუცია, „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონი. მითითებული კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტდა საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდებოდა ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის №85 დადგენილებაში მითითებული იყო უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 1 იანვრამდე.
მართალია, საქართველოს პარლამენტის აპარატის 2006 წლის 1 თებერვლის №06-636 წერილით დ. კ-ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით პარლამენტის აპარატს უზენაესი საბჭოდან არცერთი სახის დავალიანება არ გადასცემია, თუმცაღა დადგენილია, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული საბუღალტრო თუ სხვა ფინანსური დოკუმენტაცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ახერხებს სათანადო დოკუმენტაციის, მოსარჩელეებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას, არასწორია მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანა. მით უფრო, რომ შეუძლებელია მოსარჩელეებმა უზრუნველყონ უარყოფითი ფაქტის არსებობის - ხელფასის მიუღებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევის სპეციფიკის, მოსარჩელეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, 1991 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია და სავარაუდოა, რომ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ამ პერიოდში ხელფასი არ მიეცემოდათ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ 1991 წლის დეკემბრის ხელფასი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დასახელებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი 1991 წლის ნოემბრის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
2. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი