#ბს-1104(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 6 ნოემბერს ც. ჯ-მა და თ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ც. ჯ-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 1035.27 ლარის, ხოლო თ. მ-ის სასარგებლოდ - 597.72 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ჯ-ის და თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ჯ-მა და თ. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით ც. ჯ-ის და თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ც. ჯ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელე თ. მ-ემ - 2017 წლის 12 სექტემბერს. მოსარჩელე მხარის მიერ კი არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ც. ჯ-ს და თ. მ-ეს მიმართული ჰქონდათ მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე, რის გამოც მათ მიმართ უნდა გავრცელებულიყო 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები, რომელიც აღარ ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა მიმართ ხელფასის ნაწილში უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, რაც ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
ამასთან, პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელეთა მოთხოვნა – კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. ჯ-ის და თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. ჯ-მა და თ. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1261 მუხლის შესაბამისად ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონის 1341 მუხლით და დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. კასატორების განმარტებით, 1261 მუხლი ადგენს გარდამავალ პერიოდს, რაც არასწორად განმარტა სასამართლომ.
ამასთან, კასატორების მოსაზრებით, სასამართლო უსაფუძვლოდ ადგენს მათი სარჩელის ხანდაზმულობას, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წერილობით 2017 წლის 21 სექტემბრისა და 2017 წლის 4 ოქტომბრის სახელფასო დავალიანების ცნობებით და 2017 წლის 6 ოქტომბრის წერილით დაადასტურა და აღიარა მათი 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა და ამავე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, მათ საქმეზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 6 ოქტომბერს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული არ იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ხოლო ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, რადგან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს, რაც საქმეში წარმოდგენილი ცნობების მიხედვით შეადგენდა ხელფასს, პრემიასა და კვების კომპენსაციას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა – კვების კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით უნდა აითვალოს.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ც. ჯ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 2 ოქტომბერს, მოსარჩელე თ. მ-ემ კი - 2017 წლის 12 სექტემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 6 ნოემბერს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც მოქმედი, ასევე ძალადაკარგული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ხელფასის ცნების ქვეშ აქცევდა თანამდებობრივ სარგოსა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს და არა კვების კომპენსაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ.
რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება;
2. ც. ჯ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი