Facebook Twitter
#ბს-143(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 22 აგვისტოს ი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის #MIA 71701532274 და სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს #MIA01701959292 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ი. გ-ის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის ქართულით (შესაბამისი კატეგორიების გათვალისწინებით) შეცვლასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #598 ბრძანების 48-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 24 ივნისს მან მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლა. მოთხოვნას თან ახლდა ცნობა უკრაინის შსს სამინისტროდან, რომლითაც დასტურდება, რომ მართვის მოწმობა ლეგიტიმურია და აქვს იურიდიული ძალა. მისი კანონიერი მოთხოვნა მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა, რაც შეატყობინა 28 ივნისის წერილით, სადაც მითითებული იყო საქართველოს შსს მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს #598 ბრძანების 48.6 მუხლი და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციის 41.6 მუხლი. აღნიშნული პუნქტები რა შემხებლობაში იყო საკითხთან და კონკრეტულად პუნქტებში არსებული რამდენიმე გარემოებებიდან რომელი იყო მისთვის უარის თქმის საფუძველი წერილში არ ყოფილა მითითებული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს უარი იყო დაუსაბუთებელი და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო, რის გამოც ის გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში. აღნიშნული საჩივარი სსიპ საქართველოს შსს-ის მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ამჯერად უარის საფუძველში აღარ იყო მითითებული მინისტრის #598 ბრძანება და სააგენტოს დირექტორი მხოლოდ 1968 წლის ვენის კონვენციის 41.6 მუხლით შემოიფარგლა. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ სახელმწიფოს (საქართველოს) არავინ უკრძალავს აღიაროს მართვის მოწმობის ნამდვილობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნაც არ ყოფილა მართვის მოწმობის ნამდვილობის აღიარება, ის ითხოვდა და ითხოვს მართვის მოწმობის შეცვლას. სააგენტოს გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები სამართლებრივი ნორმა (რომელიც არ კრძალავს მართვის მოწმობის ნამდვილობის აღიარებას), ასევე არ არის ნათელი სააგენტოს პოზიცია მართვის მოწმობის ნამდვილობასთან დაკავშირებით. ნამდვილობის არ აღიარების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს მსჯელობა სზაკ-ის მე-6, მე-7 და 53-ე მუხლების შესაბამისად. ადმინისტრაციულმა ორგანომ რატომ მიიჩნია, რომ მართვის მოწმობა არ არის ნამდვილი და შემდეგ ეს კონკრეტულად, რომელი ნორმის საფუძველზე არის გადაცვლის მოთხოვნაზე უარის მიზეზი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის #MIA 71701532274 და სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს #MIA01701959292 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს ი. გ-ის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის ქართულით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საერთაშორისო აქტებით, ამ შემთხვევაში ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით, ხელშემკვრელი მხარისათვის (სახელმწიფოსთვის) მინიჭებული თავისუფლება, არ ნიშნავს რეგულაციებზე უარის თქმას და სახელმწიფოს გათავისუფლებას იმ ვალდებულებისაგან, რაც მდგომარეობს საკითხის შიდა ნორმატიულ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაში. სწორედ ამითაა განპირობებული სახელმწიფოს მხრიდან იმ რეგულაციების დაწესება და ნორმატიული გაწერა, რაც ქმნის მართვის მოწმობის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობაში დაუშვებელია და არ არსებობს იმ სახის შემზღუდავი ნორმები, რომელიც სრულად დამოკიდებულია ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოს ნებასა და მის სუბიექტურ მიხედულებაზე. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონვენციით ენიჭება უფლება უარი თქვას მართვის მოწმობების ნამდვილობის აღიარებაზე, არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საკუთარი უარი არ დააფუძნოს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ შესაბამის ნორმაზე.
პალატის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს #598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს იმ პირობების ჩამონათვალს, რა შემთხვევაშიც დასაშვებია საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სახეზე არ არის ნორმაში მითითებული გამომრიცხავი გარემოებები, ჩნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება და არა უფლება მოახდინოს მართვის მოწმობის შეცვლა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ ვერც ერთ საფუძველს, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მართვის მოწმობის შეცვლაზე, რაც ქმნის იმის მტკიცების უპირობო საფუძველს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ არის კანონშესაბამისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას ახდენს საქართველოს ხელისუფლება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსი ცალსახად განამტკიცებს ზემოაღნიშნულს იმის შესახებ, რომ ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პოლიტიკას, უფლებამოსილია მის ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელს მოსთხოვოს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება, რაც, რა თქმა უნდა, სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ შეფასდა დისკრიმინაციად. კერძოდ, კონვენციის მონაწილე მხარეები არ არიან ვალდებულნი აღიარონ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში იმ პირებზე გაცემული ეროვნული ან საერთაშორისო მართვის მოწმობების ნამდვილობა, რომელთაც მართვის მოწმობის გაცემის დროს მათ ტერიტორიაზე გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რომლებმაც მათ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ მართვის მოწმობის გაცემის შემდეგ.
კასატორის მითითებით, საერთაშორისო აქტების განხილვა შიდასახელმწიფოებრივი რეგულაციებისაგან განცალკევებულად უკანონოა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას. შს მინისტრის #598 ბრძანების 48.6 მუხლით დადგენილი გარემოებები არ არის ამომწურავი და იგი მიუთითებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებს. ამასთან, კასატორი მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 7.1 მუხლზე.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციის 41.6 მუხლის სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფო და არა რომელიმე კონკრეტული ორგანო. სახელმწიფო არის ზოგად-აბსტრაქტული ცნება და სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დაცვით, ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის მეშვეობით, სადაც თითოეულ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია თავისი კომპეტენცია.
კასატორის მითითებით, პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და პირი, რომელიც დროებით იმყოფება საქართველოში (მაგ. ტურისტული მიზნით, დიპლომატიური მიზნით და ა. შ.) ვერ იქნებიან ერთი და იმავე სამართლებრივ მდგომარეობაში. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ პირებზე განსხვავებული მოპყრობა არის გამართლებული და ამას განამტკიცებს სწორედ საერთაშორისო შეთანხმებაც.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მართვის მოწმობის აღიარება (შეცვლა) საერთაშორისო შეთანხმებიდან გამომდინარე და ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების გარემოების არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ნორმებიდან გამომდინარე და დაცულია საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი. ამასთან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მართვის უფლების მოპოვების წესს. ი. გ-ე არ არის მოკლებული შესაძლებლობას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, რისთვისაც მან უნდა ჩააბაროს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.
კასატორის მითითებით, სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და მოახდინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და დასკვნის გაკეთება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. გ-ის სახელზე 2014 წლის 11 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ავტოინსპექციის 2303 ცენტრის მიერ გაიცა A1, A, B კატეგორიის მართვის მოწმობა ლიცენზიის ნომერი ..., მართვის მოწმობის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2044 წლის 11 ივნისი. ამასთან, უკრაინის შსს ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემთა შესაბამისად 2017 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით ირაკლი ჯამბულის ძე გვეტაძე არ ირიცხება მართვის ნებართვის ჩამორთმეულ მძღოლების სიაში.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ მომსახურების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1968 წლის 8 ივნისის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით, ი. გ-ეს უარი ეთქვა მართვის მოწმობის შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ ი. გ-ე არის საქართველოს მოქალაქე და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე.
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს #598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ: ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა; ა1) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს შესაცვლელი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის სააგენტოსათვის ჩაბარებას; ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას; გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგირიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას ან მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან ითვალისწინებს, მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე; დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა; ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1968 წლის 8 ივნისის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონვენციის მონაწილე მხარეები არ არიან ვალდებულნი აღიარონ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში იმ პირებზე გაცემული ეროვნული ან საერთაშორისო მართვის მოწმობების ნამდვილობა, რომელთაც მართვის მოწმობის გაცემის დროს მათ ტერიტორიაზე გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რომლებიც მათ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ მართვის მოწმობის გაცემის შემდეგ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საერთაშორისო აქტებით, ამ შემთხვევაში ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით, ხელშემკვრელი მხარისათვის (სახელმწიფოსთვის) მინიჭებული თავისუფლება, არ ნიშნავს რეგულაციებზე უარის თქმას და სახელმწიფოს გათავისუფლებას იმ ვალდებულებისაგან, რაც მდგომარეობს საკითხის შიდა ნორმატიულ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაში. სწორედ ამითაა განპირობებული სახელმწიფოს მხრიდან იმ რეგულაციების დაწესება და ნორმატიული გაწერა, რაც ქმნის მართვის მოწმობის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ ვერც ერთ საფუძველს, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მართვის მოწმობის შეცვლაზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ი. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ არის კანონშესაბამისი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.12.2018წ. #56955 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს/კ 205190513) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს/კ 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.12.2018წ. #56955 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი