Facebook Twitter

#ბს-145(2კ-19) 7 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 ნოემბერს შპს „…იმ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 7 მარტს შპს „…იმ“ განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებულ სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით დადგენილ იმ ობიექტთა ნუსხაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დღგ-ს გადასახადისგან ჩათვლის უფლებით. მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე-81-ე ნაწილები აწესებენ საგადასახადო შეღავათებს იმ სამშენებლო ობიექტებისათვის, რომელთა მშენებლობაც შეფერხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი ფინანსური კრიზისის გამო. განსაზღვრულია ზუსტი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სამშენებლო ობიექტი ხვდება იმ ობიექტთა ნუსხაში, რომლებზეც ვრცელდება საგადასახადო შეღავათი. მოსარჩელის განმარტებით, მათი სამშენებლო ობიექტი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და შესაბამისად, იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეტანილია აღნიშნულ ნუსხაში, თუმცა ობიექტთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციული მონაცემების შეცვლამ გამოიწვია ნუსხაში ცვლილებების განხორციელების საჭიროება. კერძოდ, 2013 წელს სამშენებლო ობიექტის არქიტექტურული ნაწილის გაუმჯობესების მიზნით სამშენებლოდ შეთანხმდა პროექტის შეცვლილი ვარიანტი და გაიცა მშეებლობის ახალი ნებართვა. გამომდინარე იქიდან, რომ ნუსხა ობიექტის მითითებასთან ერთად ასევე მოიცავს ინფორმაციას პროექტისა და მშენებლობის ნებართვის შესახებ, ნუსხაში უნდა დაფიქსირებულიყო განახლებული ინფორმაცია სამშენებლო ობიექტის დამკვეთის, სანებართვო და საპროექტო მონაცემების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ცვლილებების განუხორციელებლობის პირობებში არსებობს ალბათობა იმისა, რომ მათ სამშენებლო ობიექტზე არ გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2016 წლის 19 აპრილს გამოცემული აქტით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მათ მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც განიხილა წარდგენილი საჩივარი და 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ არგუმენტს, რომ საგადასახადო შეღავათი უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს მხოლოდ უშუალოდ იმ სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც მოქმედი იყო 2008 წლის 8 აგვისტოს. მოსარჩელის განმარტებით, ასეთი დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე-81-ე ნაწილების მიზანთან. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათის მინიჭებისათვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ობიექტი, რომელზეც უნდა დადგინდეს შეღავათი, მშენებლობის რეჟიმში (თუნდაც მხოლოდ დოკუმენტურად, მშენებლობის ნებართვის ან სამშენებლო პროექტის შეთანხმების დოკუმენტის არსებობით) იყო 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის #07/2259-13 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 სექტემბრის #1-1775 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე-81-ე ნაწილებით განსაზღვრულ ნუსხაში შპს ,,…ის“ ობიექტთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…იმ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის #07/2259-13 წერილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 სექტემბრის #1-1775 ბრძანება; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს საგადასახო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით განსაზღვრულ შეღავათების მფლობელი ობიექტების ნუსხაში, ქალაქ თბილისში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის ობიექტზე შპს „…ის“ მიერ მოთხოვნილი ცვლილებების შეტანა დაევალა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 27 აგვისტოს #03/923 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, ამხანაგობა ,,…ას“ (ამხანაგობა ,,ლ…ის“) კუთვნილ, #... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა, ხოლო 2007 წლის 17 დეკემბერს #ნ/1211 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა გაიცა. მითითებული აქტებით მშენებლობის ვადად 2007 წლის დეკემბრიდან 2009 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდი განისაზღვრა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 10 ნოემბრის #3762 ბრძანებით ამხანაგობა ,,ლ…ის“ თავმჯდომარე გ. კ-ის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 17 დეკემბერის #ნ/1211 ბრძანებაში შესული ცვლილებით მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 26 ოქტომბრამდე. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის ვადის გაგრძელების შემდგომაც მითითებულ ვადაში #... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ვერ იქნა დასრულებული. 2013 წლის 28 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქ თბილისში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ნომერი: …) უძრავი ქონების მესაკუთრე შპს ,,…ი“ გახდა, რომლის სახელზეც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 22 თებერვლის #555800 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი ისანი), …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევი #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა, ხოლო ამხანაგობა „ლ…ის“ სახელზე გაცემული ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 17 დეკემბრის #ნ/1211 მშენებლობის ნებართვა და 2007 წლის 27 აგვისტოს #03/923 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ #... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის მშენებლობის რეჟიმში იმყოფებოდა, მასზე სსიპ არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი და 2007 წლის 17 დეკემბერს გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, აღნიშნული აქტებით განსაზღვრულ მშენებლობის პერიოდში კი მშენებლობა ვერ განხორციელდა. შესაბამისად, #... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ ობიექტთან მიმართებაში სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა: „მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა“.

ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით ქალაქ თბილისში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ნომერი: …) უძრავი ქონება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ 468-ე ნომრად შეყვანილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად შედგენილ ობიექტების ნუსხაში. შესაბამისად, #... საკადასტრო კოდის ქონების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების პირობებთან აღიარებულია თავად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (იხ. 07.03.2016 წლის თბილისის არქიტექტურის სამსახურის წერილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანება; ტ. I, ს.ფ. 31-34, ს.ფ. 40-47). პალატის მითითებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გამხდარა არც სააპელაციო საჩივრის განხილვისას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ უძრავ ქონებაზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, და ამ საფუძვლით მითითებული ქონება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეყვანილია შეღავათების გამოსაყენებლად შედგენილ ობიექტების ნუსხაში, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ქონებას მესაკუთრე შეეცვალა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქ თბილისში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ნომერი: …) უძრავი ქონების მესაკუთრე შპს ,,…ი“ გახდა, აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით, ხდება სამშენებლო ობიექტზე შეღავათის გავრცელება, ამ მიზნით შედგენილია შეღავათების მფლობელი ობიექტების ნუსხა, კანონი ითვალისწინებს ობიექტის დღგ-ს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებას და არა ამ ობიექტების მფლობელი სუბიექტების.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილი ამომწურავად ჩამოთვლის იმ პირობებსა და კრიტერიუმებს, რომლის შესაბამისადაც მხარემ შეიძლება ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით. ამასთან, სუბიექტმა იმისთვის რომ ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით, ხსენებული მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა უნდა არსებობდეს კუმულაციურად. კასატორები მიუთითებენ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის პირობა, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოსთვის ძალაში მყოფი ნებართვის/პროექტის საფუძველზე და მის შესაბამისად ობიექტის განთავსებას, ვინაიდან, არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 22 თებერვლის #555800 ბრძანებით სადავო მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული აქტი კი თავისი შინაარსით წარმოადგენს დამოუკიდებელ ნებართვას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ აქტებთან, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაში შენიშნის სახით მითითებულია, რომ წინამდებარე მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები ძალაში შევა მხოლოდ მიწის ნაკვეთზე წინა საპროექტო დოკუმენტაციის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ. ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სამართლებრივი აქტები კი არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 22 თებერვლის #555800 ბრძანებით ამხანაგობა „ლ...ის“ თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა ძალადაკარგულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. მითითებული მუხლის მე-80 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ამავე მუხლის 81-ე ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, შპს „…ის“ საკუთრებაში არსებული ქონება …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის, განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში; ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის მშენებლობის რეჟიმში იმყოფებოდა, მასზე არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი და 2007 წლის 17 დეკემბერს გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, აღნიშნული აქტებით განსაზღვრულ მშენებლობის პერიოდში კი მშენებლობა ვერ განხორციელდა.

ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ქალაქ თბილისში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ნომერი: …) უძრავი ქონება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ 468-ე ნომრად შეყვანილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად შედგენილ ობიექტების ნუსხაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, #... საკადასტრო კოდის ქონების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების პირობებთან აღიარებულია თავად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ უძრავ ქონებაზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, და ამ საფუძვლით მითითებული ქონება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეყვანილია შეღავათების გამოსაყენებლად შედგენილ ობიექტების ნუსხაში, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ქონებას მესაკუთრე შეეცვალა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქ თბილისში, …ოს ქუჩისა და …ოს I შესახვევის კუთხეში, …ოს ქუჩის მე-2 შესახვევის #1-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ნომერი: …) უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „…ი“ გახდა, აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით, ხდება სამშენებლო ობიექტზე შეღავათის გავრცელება, ამ მიზნით შედგენილია შეღავათების მფლობელი ობიექტების ნუსხა, კანონი ითვალისწინებს ობიექტის დღგ-ს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებას და არა ამ ობიექტების მფლობელი სუბიექტების.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 27.12.2018წ. #02535 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.12.2018წ. #02535 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი