#ბს-259(2კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამხანაგობა „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 21 ივლისს ბმა „ა...მა“ (თავმჯდომარე - ნ. მ-ი) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისში, ... #5/ა კორპუსთან მიმართებით თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 11 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზის (წითელი ხაზები), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2016წ. #1-1350 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ახალი გეგმა-ნახაზის (წითელი ხაზები) (სადაც გათვალისწინებული იქნება თბილისში, ... #7-ში მდებარე კორპუსის მიწის ნაკვეთის ფართიც, საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული 1950 წლის 2 მარტს გაცემული გეგმა-ნახაზის დედანზე დაყრდნობით, 1820 კვ.მ ფართის წითელ ხაზებში ორივე კორპუსის ფართი იქნება გათვალისწინებული, ორივე კორპუსის ფართი მოქცეულ იქნება 1820 კვ.მ მეტრში) გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებს საჯარო ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ თბილისში, ... #5/ა კორპუსთან მიმართებით, თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 11 თებერვალს გაცემულია მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები), რაც დასტურდება გეგმით და ტექ-ბიუროს მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა-ნახაზით. მოსარჩელე მიუთითებს 1950 წლის 2 მარტის გეგმა-ნახაზის დედანზე, რომლის მიხედვით, მათი კორპუსი მდებარე: თბილისი, ... #7, განლაგებული იყო 1820 კვ.მ ფართზე, ანუ მიწის ნაკვეთის ოდენობა გახლდათ 1820 კვ.მ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მარწმუნებლის მიერ მოძიებულია 1950 წლის დოკუმენტაცია, ოქმის ამონაწერები, წერილები, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ კორპუსი, მდებარე: თბილისი, ... #7-ში, განლაგებული იყო 1820 კვ.მ ფართზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული კორპუსი სარჩელის შეტანის დროისათვის განლაგებულია 952 კვ.მ ფართზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თბილისში, ... #5/ა კორპუსს წითელი ხაზების მიხედვით მიენიჭა იმაზე მეტი ფართი, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ.
ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადები დაცულია. ასევე, მოსარჩელის განმარტებით, ეროვნული არქივიდან მოძიებული 1950 წლის 2 მარტის გეგმა-ნახაზის დედანი წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 იანვრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახური და ბმა „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბმა „ა...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბმა „ა...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად ბმა „ა...მა“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის #1-1350 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ბმა „ა...ის“ 2016 წლის 5 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბმა „ა...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბმა „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2016წ. #1-1350 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიის 2011 წლის 1 მარტის #385 განკარგულებით ბმა „მ...“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 თებერვლის მიწის ნაკვეთის გეგმა. ამდენად, 2011 წელს ამხანაგობის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მითითებული გეგმა.
სასამართლომ ასევე დადგენილ გარემოებად მიიჩნია და მხარეებს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ბმა „მ...“-მა 24.11.2015წ. შეიცვალა სახელი და ეწოდა „ა...ი“.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბმა „ა...მა“ 2016 წლის 5 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და კვლავ მოითხოვა თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის (წითელი ხაზების) გაუქმება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციულ საჩივარს დაურთო საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც დაინტერესებული პირის სამართლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებდა. კერძოდ, წარმოდგენილია 1950 წლის 2 მარტის თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის #1861 დადგენილების ოქმი, რომლის თანახმად, 1820 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო ეზოს თამბაქოს ფაბრიკის სახლთან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს არსებითად განიხილოს ბმა „ა...ის“ 2016 წლის 5 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი და შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები, როგორც ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები). სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო კორპუსებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზზე, რომელიც აღნიშნულ საკითხზე 2011 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა წარდგენილი და შეფასებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მტკიცებულების გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შემოწმდეს სადავო კორპუსებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის კანონიერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბმა „...მა“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბმა „მ...“ და ბმა „ა...ი“ წარმოადგენს ერთსა და იმავე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 11 თებერვლის მიწის ნაკვეთის გეგმის კანონიერების საკითხი უკვე განხილულია ბმა „მ...“-ის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც გამოცემულია 01.03.2011 წლის #385 განკარგულება, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 11.02.2008 წლის მიწის ნაკვეთის გეგმა. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული საჩივრით არ იკვეთებოდა საქმესთან დაკავშირებით ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ორგანოს თავიდან განეხილა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 11.02.2008 წლის მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ბმა „ა...ის“ 05.05.2016 წლის საჩივარი.
კასატორის - ამხანაგობა „...ის“ განმარტებით, საინვენტარიზაციო გეგმით ბმა „ა...ის“ მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 630 კვ.მ-ს. საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი გეგმა-ნახაზებით და საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ 1950 წლის გეგმით ეზო იქნებოდა 1820 კვ.მ, იმ შემთხვევაში თუ დაინგრეოდა 1930-იან წლებში აშენებული 3-სართულიანი კორპუსი, მდებარე ქ. თბილსში, ... #5/ა-ში. კასატორის მითითებით, აღნიშნული კორპუსი არ დაინგრა და არც ეზო გაერთიანდა და არ გახდა საერთო. შესაბამისად, მომზადდა აღნიშნული კორპუსების ... კორპ. #5/ა-ს და კორპ. #7-ის საინვენტარიზაციო გეგმები ცალ-ცალკე, მათ შორის, აუცილებელი სამანქანო გზით. კასატორის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2016წ. ბრძანებით ბმა „ა...ის“ საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად, რადგან საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი გეგმა-ნახაზები და საარქივო ცნობა, 1950 წლის გეგმა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტისა და 12 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამხანაგობა „...ის“ საკასაციო საჩივრები.
2019 წლის 5 ივნისს მოწინააღმდეგე მხარის ბმა „ა...ის“ თავმჯდომარე ნ. მ-მა და ამავე ამხანაგობის წევრმა ლ. მ-ემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით განუხილველი დარჩა ბმა „ა...ის“ თავმჯდომარე ნ. მ-ისა და ამავე ამხანაგობის წევრის ლ. მ-ის განცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამხანაგობა „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის #1-1350 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ბმა „ა...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე საკითხზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ იკვეთებოდა საქმესთან დაკავშირებით ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს უკვე განხილულ საკითხზე თავიდან მსჯელობას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა პირობებში. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც 2011 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სადავო კორპუსებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზები არ ყოფილა წარდგენილი და შეფასებული, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებთან მიმართებით ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა, განეხილა მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და გაექარწყლებინა ისინი. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სადავო აქტი, რომლითაც ეროვნული არქივიდან მოპოვებული მტკიცებულებები არ მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოების განახლების საკმარის მტკიცებულებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ამხანაგობა „...ის“ საკასაციო საჩივარზე ლ. დ-ას 29.03.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. დ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამხანაგობა „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ლ. დ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ამხანაგობა „...ის“ საკასაციო საჩივარზე 29.03.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი